რამდენ წელს ითვლის ხარის სკულპტურა, რომელიც ხორგელმა ბავშვებმა მდინარეში იპოვეს

ხობის რაიონის სოფელ პირველ ხორგაში ხარის სკულპტურა აღმოაჩინეს, რომელიც, დაახლოებით, 3000 წლის უნდა იყოს. იგი ბავშვებმა მდინარე ხობისწყალში იპოვეს.

ამბავი შვიდი წლის წინ დაიწყო. ბავშვები ნაპოვნი მომცრო ფიგურით აქტიურად თამაშობდნენ. ერთ დღეს,  „სათამაშო“ ხორგელმა ზვიად კორტავამ შეამჩნია. 21 აგვისტოს, მან სკულპტურა გოგიტა ჩიტაიას, ძეგლთა დაცვის კუთხით ხობის მერიის მთავარ სპეციალისტს გადასცა.

 „ყოველი წყალდიდობის შემდეგ მდინარე ნაპირებს რეცხავს. იქ ძველი ნამოსახლარებია და ხანდახან ასეთი მასალებიც ირეცხება, რომელსაც შემდეგ, შეძლებისდაგვარად, ვაგროვებთ და  მუზეუმშიიგვაქვს “, – ამბობს გოგიტა ჩიტაია.

თიხისგან დამზადებული ხარის სკულპტურა სიმაღლეში დაახლოებით 10 სანტიმეტრი, სიგრძეში კი 25 სანტიმეტრამდეა. არქეოლოგ რევაზ პაპუაშვილის თქმით, მისი ასაკი სავარაუდოდ 2700-2800 წელი უნდა იყოს.

„ხარის კულტი, როგორც ნაყოფიერების სიმბოლო, ხშირად გვხდება სხვადასხვა რელიგიებში, განსაკუთრებით ძველი წელთაღრიცხვის მერვე-მეშვიდე საუკუნეებში. ბრინჯაოს პერიოდის ნივთები მრავლად გვაქვს კოლხეთში, ხაიშში, ურეკში. თიხისგან დამზადებული ხარი გვხვდება ვანში, ნოქალაქევში, ყულევში. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ რელიეფი, სადაც ეს ნივთი აღმოჩნდა, კერძოდ, სოფელი ხორგა, არ ყოფილა გამოთიშული ამ ჯაჭვისგან“,- ამბობს რევაზ პაპუაშვილი.

არქეოლოგის განმარტებით, სკულპტურა მდინარის კალაპოტში იპოვეს და არა რომელიმე კულტურულ ფენაში, ანუ ადგილას, სადაც ძველ ეპოქაში ადამიანები ცხოვრობდნენ ან საქმიანობდნენ. მიუხედავად ამისა, შესაძლოა, ის რომელიმე ასეთი კულტურული ფენის ნაშთი იყოს, მდინარის მიერ მოწყვეტილი და ჩამოტანილი. რევაზ პაპუაშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ ნივთი პირდაპირ მდინარეში ჩაეგდოთ. როგორც ცნობილია, ნივთების მდინარისთვის შეწირვა ძველი რიტუალების ნაწილი იყო.

 


პოდკასტი