ვინ იყო ქალი, რომლის სამარხშიც 5000 წლის წინანდელი ღვინო აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა, ეგვიპტის პირველი დინასტიის დედოფალის, მერნეიტის საფლავში, დიდძალ სიმდიდრესთან ერთად, ასობით მოზრდილი ღვინის ქილა აღმოაჩინეს, რომელთაგან ზოგიერთი დღემდე დალუქულია. მკვლევართა განცხადებით, საფლავის ეს სიმდიდრე აძლიერებს ვარაუდს, რომ ის ძალზედ გავლენიანი პიროვნება იყო, შესაძლოა, ეგვიპტის პირველი ქალი ფარაონიც კი.
გადმოცემის მიხედვით, მერნეიტი 5000 წლის წინ ცხოვრობდა. იგი, დაახლოებით ძვ. წ. 2950-იანი წლებისკენ, ეგვიპტის დედოფალი, ან ფარაონი, ან, სულ მცირე, დედოფალი და რეგენტი იყო. არქეოლოგებმა მისი პოზიცია დანამდვილებით ვერ დაადგინეს.
აბიდოსის სამეფო ნეკროპოლისში აღმოჩენილ სამარხში ნამდვილად არის მტკიცებულებები, რომლებიც მერნეიტის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ის მამაკაც ფარაონთა სასაფლაოზეა დაკრძალული და მისი სამარხიც ზუსტად იმავე ზომის და სიმდიდრისაა.
მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი, ვენის უნივერსიტეტის არქეოლოგ კრისტიან კოჰლერის ხელმძღვანელობით, ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროსთან ერთად, ამჟამად, მერნეიტის სამარხზე აქტიურად მუშაობს.
ღვინის ქილების გარდა, რომლებშიც ყურძნის წიპწები და ღვინის ნარჩენებიც იპოვეს, მკვლევართა ჯგუფმა, ასევე, აღმოაჩინეს წარწერები, რომლებშიც ნათქვამია, რომ მერნეიტი პასუხისმგებელი იყო ისეთ მნიშვნელოვან საქმეებზე, როგორიც არის სამეფო ხაზინა. ეს ფაქტი კიდევ ერთ მტკიცებულებას სძენს დედოფლის გავლენას.
მონუმენტის მშენებლობის მეთოდის უკეთ გასაგებად, მეცნიერებმა ახალი არქეოლოგიური ტექნოლოგიები გამოიყენეს. მერნეიტის სამარხის კომპლექსი გამოუწვავი აგურით, თიხითა და მერქნითაა აგებული და მოიცავს 41 კარისკაცისა და მსახურის სამარხსაც, რომლებიც მასთან ერთად არიან დაკრძალულნი.
მკვლევართა განცხადებით, ანალიზები აჩვენებს, რომ კომპლექსი ერთიანად კი არ არის აშენებული, არამედ ნაწილ-ნაწილ, დიდი ხნის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დედოფლის გვერდით დამარხულ ადამიანებს არა რიტუალური მსხვერპლშეწირვის სახით, არამედ, მათი გარდაცვალების შემდეგ, პატივისცემის ნიშნად კრძალავდნენ.
სამარხზე სამუშაოები კვლავ გრძელდება. არქეოლოგებს იმედი აქვთ, რომ, იდუმალი დედოფლის შესახებ კიდევ უფრო ბევრ რამეს აღმოაჩენენ, რომელიც სიკვდილიდან მრავალი ათასი წლის შემდეგაც კი ასე ცნობილი და მიმზიდველია.
მასალა მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.