,,კვლევის ცენტრი“ შორეთის სამონასტრო კომპლექსის კვალდაკვალ

მდინარის სათავესთან, სამი მხრიდან მაღალი მთებით, ნაკადულებით, ნაძვნარითა და ფოთლოვანი ტყით გარშემორტყმულ მდელოზე დგას შორეთის სამონასტრო კომპლექსი, მოჩუქურთმებული თლილი ქვის პერანგით, იშვიათი დეკორით, მოზაიკით შემკული, არქიტექტურულად თავისთავად საინტერესო ძეგლი. ჩრდილოეთიდან მაღალი, მიუდგომელი ციხე-კოშკითა და სამლოცველოთი დაგვირგვინებული ფრიალო კლდე გადმოჰყურებს.

შორეთი, ხედი ციხიდან მონასტრის ხეობაზე

უკვე რამდენიმე დღეა, კვლევის ცენტრმა მესხეთის მე-5 საკვლევი ექსპედიცია დაიწყო. ჯგუფის წევრები, ადიგენსა და ასპინძაში, სოფლებს, ნასოფლარებს და კულტურის ძეგლებს აღწერენ.

მათ უკვე არაერთი კულტურული ძეგლი თუ ცალკეული არტეფაქტი აღწერეს, მათ შორისაა შორეთის მონასტერი, რომელსაც ჩვენ მკითხველს გაგაცნობთ.

VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, უძველესი შორეთის სამონასტრო კომპლექსი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთის ჩრდილოეთით, 5-6 კმ-ზე მდებარეობს. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: მთავარი ტაძარი, კარიბჭე, სამრეკლო, სკრიპტორიუმი, მცირე სამლოცველოიანი ციხე, კლდეში ნაკვეთი სენაკები და მართკუთხა ნაგებობები, რომელთაგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

შორეთის მონასტერი რესტავრაციამდე

შორეთის მონასტრის სამრეკლო რესტავრაციამდე

მთავარი ტაძარი, სავარაუდოდ, VI-VII საუკუნეების ქრისტიანული ეკლესიის ნაშთებზეა აგებული. XII-XIII საუკუნეებში, მიწისძვრითა და მტერთა შემოსევების შედეგად დაქცეული ტაძარი გააფართოეს და მონასტრად გადააკეთეს (სამხრეთის და დასავლეთის მხრიდან მიაშენეს მცირე ეკლესია და სკრიპტორიუმი). XIV-XV საუკუნეებში  კარიბჭე მიაშენეს, საძვალეზე კი ეკლესია და სამრეკლო დააშენეს.

ეკლესია ორსართულიანია. ძირითადი ნაწილი (II სართული) შიგნით ჯვაროვან სივრცეს ქმნის. ეს არის თავისებური ტიპის, გეგმით საგრძნობლად წაგრძელებული დარბაზი. I სართულს სამხრეთით აქვს კარიბჭე, რომელიც XV საუკუნეში სამრეკლოსთვის გამოუყენებიათ (სამხრეთის მიმართულებით გაუდიდებიათ და ზედ სამრეკლო, 9-მალიანი ფანჩატური დაუდგამთ). სამრეკლოს ორივე სართული ქვიშისფერი თლილი ქვითაა ნაგები. სამხრეთ ფასადზე სამი თაღით შექმნილი კომპოზიციაა. ეს არის 8-წახნაგა, ბოძზე დაყრდნობილი ორი თაღოვანი მალით შექმნილი შესასვლელი, რომლის ზემოთ მესამე თაღია. ფანჩატურის თაღები მოჩუქურთმებულია.

სამონასტრო კომპლექსის ნაგებობები შემკული ყოფილა ძვირფასი ჩუქურთმებითა უნიკალური მოზაიკით (რაც იშვიათი მოვლენაა ფეოდალური ხანის საქართველოს ძეგლებისთვის), წარწერებით, ფრესკებითა და სხვა არქიტექტურული დეტალებით.

შორეთის სამონასტრო კომპლექსამდე მისასვლელი სამანქანო გზა, რესტავრაციის დასაწყებად, 1990-1991წწ. იქნა მიყვანილი. მანამდე კი, სანისლოსა და შოლოთისწყლის ხერთვისთან იწყებოდა ციცაბო, ტყიან კლდეებზე წყალაღმა მიმავალი ვიწრო საცხენოსნო ბილიკი.

2015 წელს, გაწმენდისა და არქეოლოგიური გათხრების შემდეგ, შორეთის მონასტერში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. რესტავრაცია ჩაუტარდა ეკლესიის სამკვეთლოს, სანათლავს, კარიბჭეს, საძვალესა და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მიშენებულ, მე-13 ს-ის ეკლესიას. ძეგლის რესტავრაცია სამ ეტაპად მიმდინარეობდა.


მესხეთის ექსპედიცია -,,კვლევის ცენტრი“ ვანის ქვაბებს ესტუმრა

სამონასტრო კომპლექსი გურიაში, რომელიც ქართული კულტურის ერთ-ერთი კერა იყო

სამსარის კლდეში ნაკვეთი მონასტერი ნანგრევებს მიღმა

,,ჯვარი – ეს არის თვით ყოვლადწმინდა სამების განცხადება“- ჯვართამაღლების დღესასწაულზე მეუფე შიომ იქადაგა

27 სექტემბერს, მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლებას აღნიშნავს

პოდკასტი