ნიდერლანდების სამეფო დიასპორულ პროექტს ,,ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“ უმასპინძლებს

10-13 ნოემბერს, ნიდერლანდების სამეფოში, კუნძულ ტექსელზე საერთაშორისო დიასპორული პროექტი  „ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“ გაიმართება. პროექტის ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებითი, საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობაა დაგეგმილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართული დიასპორისა და დიასპორული ორგანიზაციების წევრები, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

სამი დღის განმავლობაში, სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ  ტექსელის ავიაციისა და ომის მუზეუმი და  1945 წელს ტექსელის ქართველთა აჯანყებისადმი მიძღვნილი სპეციალური ექსპოზიცია დაათვალიერონ, ტექსელის ავიაციის ისტორიას გაეცნონ და პროექტის – „ტექსელის ქართველთა სასაფლაოზე მემორიალის დადგმა“  ფარგლებში შექმნილი მემორიალური მონუმენტი მოინახულონ (აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრთან პარტნიორობით, აქტიურად იყო ჩართული თავად ტექსელის მერია, პროექტის ფინანსური მხარდამჭერი კი თიკა სვანიძე- ვენკო გახლდათ).

ღონისძიების ფარგლებში, ასევე, თიკა სვანიძე- ვენკო საკუთარ ბესტსელერს, ბიოგრაფიულ რომანს – „ქალი სხვა სამყაროდან“  წარადგენს ( ბიოგრაფიული რომანი ორი ქვეყნის, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის ურღვევი მეგობრობის დასტურს წარმოადგენს); კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით,  გამოფენა, სახელწოდებით „ნიდერლანდების სამეფო – რას მოგვითხრობენ ქართული ხელნაწერები?“  გაიმართება. საგამოფენო სივრცეში ქართულ-აფხაზური საერთო წარსულის დამადასტურებელი უნიკალური ხელნაწერი და მოქვის სახარება გამოიფინება; ქართული ფოლკლორული ანსამბლები კი მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვებითა და სიმღერებით  წარდგებიან.

პროექტის ფარგლებში, არაერთ საინტერესო აქტივობასთან ერთად, ჩატარდება მასტერკლასებიც.  ქართველი კალიგრაფები  სტუმრებს ქართული ანბანის უნიკალურობას უფრო ახლოს გააცნობენ. ამ მიმართულებით მასტერკლასს კალიგრაფი ლეილა ბაღბაია  ჩაატარებს, საგამოფენო სივრცე კი კალიგრაფთა ასოციაციის წევრების ნამუშევრებით შეივსება, რომლის შეძენა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.  კალიგრაფთა ასოციაცია, საქართველოში, ერთ წელზე მეტია არსებობს და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ასოციაციას სათავეში ნესტან ბაგაური უდგას, დამფუძნებლები კი თიკა სვანიძე – ვენკო და ამირ აშარ აჯამია.

რაც შეეხება მეორე მასტერკლასს, თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციისთვის,  მსახიობის ოსტატობაში, სადადგმო კულტურაში, რეჟისურის საფუძვლებსა და მეტყველების კულტურაში, თამარ ხიზანიშვილი (პირველი ქართული საერთაშორისო დიასპორული თეატრის ,,დაბრუნების” ოფიციალური პარტნიორი და თეატრალური სტუდია ,,არტ-პლაზას” დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი) გამართავს.

ლექციას, თემაზე ,,რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ქართული მხარის კულტურულ-პოლიტიკური ურთიერთობა უახლესი მონაცემებით”  დიასპორების ალიანსი საქარველოსთვის წევრი და სამაჩაბლოს მხარის წარმომადგენელი  მაკა მიდოდაშვილი წაიკითხავს.

სტუმრები, ასევე, ქართველი მეწარმეების პროდუქციას (ქართული ღვინო, ქართული ჩაი TEANATEA, სამკაულის კოლექცია „GOLDEN FLEECE BY TINATIN”, ქართული სუფრა – Supra By TSV და სხვა) გაეცნობიან. კუნძულ ტექსელზე შეკრებილი საზოგადოებისთვის იქნება ტურისტული კომპანია ,,TIKATOURS“-ის ტურისტული შეთავაზებების წარდგენა და ტურისტული პოტენციალის გაცნობაც.

აღნიშნული პროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის – „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ – ფარგლებში, ნიდერლანდების ქართული კულტურის ცენტრის ორგანიზებითა და თიკა სვანიძე – ვენკოს ინიციატივით განხორციელდება.

პროექტი ,,ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“ საქართველოს პოპულარიზაციას მეტად შეუწყობს ხელს და გააღრმავებს კავშირებს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე დიასპორულ ორგანიზაციებს შორის. პროექტით დაგეგმილი ღონისძიებები არის ორი ქვეყნის, საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობისა და საერთო კულტურულ-ისტორიული წარსულის ნათელი გამოხატულება.

თიკა სვანიძე-ვენკო, წლებია, ქართულ საქმეს ემსახურება. მის მიერ, ნიდერლანდების სამეფოში არერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორისაა პროექტი  ,,ქართული დღეები კუნძულ ტექსელზე“, რომელიც, სამი დღის განმავლობაში, თითოეულ სტუმარს დაუვიწყარ წუთებს აჩუქებს.

 

ლიკა მაჩხანელი

 


პოდკასტი