როდის გამოჩნდა საქართველოში ციტრუსის ველები
ნარინჯისფერი ციტრუსი, რომელიც შავიზღვისპირეთთან – აჭარასა და აფხაზეთთან ასოცირდება, საქართველოში 1800-იანი წლებიდან შემოიტანეს.
მეცნიერების ვარაუდით, მანდარინი საქართველოში, მე-9 – მე-10 საუკუნიდან არსებობს, თუმცა მისი დანიშნულების შესახებ არაფერი იყო ცნობილი, ამიტომ მას დეკორატიული მიზნით იყენებდნენ.
აჭარა და აფხაზეთი გაჟღენთილია ზღვისა და ციტრუსის სურნელით… მანდარინის ნარგავები დღემდე უხვად გვხვდება მწვანე კონცხზე, ციხისძირსა და ქობულეთში.
ფორთოხლისა და ლიმონის ხე-მცენარეები ბათუმში 1878 წელს გამოჩნდა. ბათუმში ჩაიტანეს ყინვაგამძლე, ტკბილი და წვნიანი იაპონური ჯიშის მანდარინი უნშიუ, რის შემდეგაც შავი ზღვისპირეთი მანდარინების სიმბოლოდ გადაიქცა. ყოფილ სსრკ-ში ციტრუსოვანი კულტურები ნარგაობათა 90 %-ზე მეტი მოდიოდა დასავლეთ საქართველოზე, სადაც ღია გრუნტის პირობებში მოჰყავდათ მანდარინი, ფორთოხალი, ლიმონი და სხვა.
ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი სიმბოლო მანდარინებია. აფხაზეთის მთავარი ეკონომიკური შემოსავალი სწორედ ტურიზმი და ციტრუსის ბიზნესია. ადგილობრივ ფერმერებს მანდარინის, ფორთოხლისა და ლიმონის გაყიდვა მხოლოდ რუსეთში შეუძლიათ.
აფხაზებისთვის მნიშვნელოვანია “ნარინჯისფერი რთველი” საახალწლო დღესასწაულებამდე დასრულდეს, ვინაიდან მანდარინი საახალწლო სუფრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია. აფხაზურ მანდარინებს განსაკუთრებული, მომჟავო-მოტკბო გემო აქვს. აფხაზური მანდარინი განსაკუთრებით პოპულარული იყო საბჭოთა კავშირში. ის ოჯახი, რომელსაც სახლში მანდარინის ნერგები ჰქონდა, შეძლებულად ითვლებოდა. თუმცა, დღესდღეობით აფხაზეთის ფერმერებს მანდარინის გადასარჩენად ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან ერთად, ჩინეთთანაც უწევთ, რათა ეკონომიკის გიგანტ სახელმწიფოს გაუწიონ კონკურენცია.
ინგა ფუტკარაძე