“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე გასული საუკუნის 60-იანი წლები ქობულეთს იხსენებს და  სათვალის ცნობილი ხელოსნის – მარადიას შესახებ მოგვითხრობს. ძველი ქალაქის პატარა ისტორია ჟურბალისტმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გააცოცხლა:

“ჩემი თაობის ქობულეთელებს, ვისაც ამ პატარა ქალაქში გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან უცხოვრიათ, უსათუოდ ემახსოვრებათ ლენინის ქუჩაზე, პირველი აფთიაქის გვერდით, ერთი პატარა, ძალიან საჭირო „დაწესებულება“, თავიდან არც არაფერი ეწერა, არც არაფერი ეხატა, უბრალოდ, „მარადიასთან“ ერქვა და მოგვიანებით დიდ შუშაზე ლურჯი ასოებით დააწერეს – “ოპტიკა”.

მარადია ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც მთელ ქობულეთს „თვალში გამოახედებდა“ ტროტუარზე ავლილ-ჩავლილი სულ დაინახავდი მარადიას, რომელიც სათვალის ჩარჩოს უკირკიტებდა ან სათვალის შუშებს ჭრიდა, ქლიბავდა, წმენდდა. კარებს თუ შეუღებდი, თავს აწევდა, სათვალეების ქვეშიდან ამოგხედავდა, გამოგელაპარაკებოდა.

– თუ გეჩქარება, მომიცადე , აგერ დაჯექი, თუ არა და, ხვალ მოდი და ხაზირი დაგხვდება, – გეტყოდა.

მარადია სულ სამსახურში იყო, შემთხვევით თუკი არ დაგხვდებოდა, იქვე, უკან ეზოში ცხოვრობდა, შესძახებდი და გამოგხედავდა, მარადია ორაგველიძე იყო, ულამაზესი ცოლი ჰყავდა- დარეჯან დეიდა, გიჟი და გადარეული კუკულა და თვალებრიალა მაიკო. როცა მარადია არ იყო, მოგვიანებით მის ადგილზე დარეჯან დეიდა მხვდებოდა, იმასაც ესწავლა სასათვალო საქმე. როცა ჩვენთან სოფლიდან სტუმრად ჩამოსული ვინმე მხედველობის გაუარესებაზე დაიჩივლებდა, დედა მაშინვე მარადიასთან მგზავნიდა…სად იყო მაშინ “რონიკო” ან “კენარი” ქობულეთს საკუთარი სათვალის ბრენდი ჰქონდა, სახელად “მარადია”.

ამ დილით, ჩემების საძინებელში რომ შემოვედი, თვალისჩინდაკარგულმა მამაჩემმა მკითხა – ნეტა, მარადია თუა ცოცხალი!”

ჟურნალისტის მოგონებას სოციალური ქსელის მომხმარებლების მხრიდან პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ზოგმა მარადიასთან დაკავშირებული საკუთარი ისტორია გაიხსენა:

“რა კარგი ადამიანი იყო, ისე კარგად მახსოვს მასთან გატარებული ბავშვობის დღეები. დედა სახლის გასაღებს უტოვებდა და სკოლიდან მოსული, სულ მასთან შევდიოდი”;

“რა კარგად გააცოცხლე მოგონენები, რამდენჯერ უფასოდაც გაუკეთებია მარადი ბიძიას და დარეჯან დეიდას სათვალეები”;

“ცოცხალია მარადია ცოცხალი. ამ დილით გაცოცხლდა ყველას თვალწინ და კინოკადრებივით ჩაირბინა……….სანამ მომგონებელი ყავს ცოცხალია მარადია”;

“შენ არ იცი, ნინო, რამდენ სიკეთეს აკეთებ ამ საოცარი მოგონებებით, ნოველებით. ზოგს ატირებ, ზოგის სულს ალამაზებ, ზოგს აცნობ და აყვარებ წარსულს და ყველაზე კარგი ისაა, რომ სიყვარულს თესავ ყველა სტრიქონში. შენი მადლი და სიყვარული გვაერთიანებს და გვამოგზაურებს იმ ლამაზ წარსულში, რომლის მოგონება ცრემლებს გვგვრის. დიდი გულის გოგო ხარ, ნინია. გვიყვარხარ!!!”.

როგორც მოქალაქეების კომენტარებიდან შევიტყეთ, მარადიას ოჯახი დღემდე არ ჰღალატობს ტრადიციას, ამ საქმეს დღეისთვის, ოჯახის რძალი უძღვება.

შორენა პაპაშვილი