ონლაინ მაღაზიებისგან მოტყუებული ადამიანების უფლებებს კანონი დაიცავს

კონკურენციის სააგენტო „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულებას იწყებს. ონლაინ ვაჭრობის შემთხვევაში მაღაზია ვალდებული იქნება, გაყიდული პროდუქცია 14 დღის ვადაში უპირობოდ დაიბრუნოს, იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესს დაუდგინდება დარღვევა.

პროცესი ორ ეტაპიანია. პირველი ეტაპი არის გაფრთხილება, როცა პრობლემა უნდა აღმოფხვრას მოვაჭრემ, თუ ეს არ მოხდა, ამის შემდეგ, შემოდის სოლიდური საჯარიმო სანქცია – ბრუნვის 2%.

დღევანდელ რეალობაში ონლაინ მაღაზიებზე მოთხოვნა გაზრდილია. სამწუხაროდ, უკმაყოფილო კლიენტებიც ბევრნი არიან. სოციალურ ქსელ ფეისბუქში არსებობს ჯგუფი – “სასოწარკვეთილი მომხმარებლები”, სადაც მოქალაქეები საკუთარი ნეგატიური გამოცდილების და ამა თუ იმ პროდუქტის უხარისხობაზე წერენ.

მედია სააგენტო “24”- ს საკუთარი გამოცდილება ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, 46 წლის შორენამ გაუზიარა.

როგორც მან გვითხრა, ნივთების ონლაინ შეძენა პანდემიის პერიოდში დაიწყო და ამ ხნის განმავლობაში დადებითზე მეტი უარყოფითი გამოცდილება დაუგროვდა. შორენა იხსენებს ერთ კონკრეტულ ამბავს, როდესაც ინტერნეტით წითელი გრანიტის ქვაბების ნაკრები ე.წ ფასდაკლებით შეიძინა.

“კონკრეტული ფეისბუქგვერდი იტყობინებოდა, რომ ქვაბების ნაკრები ფასდაკლებით იყიდებოდა და მეც დავინტერესდი. როდესაც კურიერმა ნივთი ჩამაბარა, მაშინვე არ შემიმოწმებია. 2 დღის შემდეგ კი ნაკრებიდან ერთ-ერთი ნივთი გამოვიყენე და გაზქურაზე რომ დავდგი, აღმოჩნდა, რომ ქვაბი წითელი გრანიტის კი არ იყო, არამედ წითლად იყო შეღებილი. მაშინვე დავუკავშირდი აღნიშნულ ფეისბუქგვერდს და ნურას უკაცრავად, უკვე დაბლოკილი აღმოვჩნდი, აღარც ტელეფონის ნომერზე მპასუხობდნენ”, – აცხადებს დაზარალებული მომხმარებელი.

“წითელი გრანიტის ქვაბებით” მოტყუებული სხვა ბევრი მომხმარებელიც აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც საკუთარი მწარე გამოცდილების შესახებ შორენამ სტატუსი ფეისბუქში განათავსა, უამრავი დაზარალებული მომხმარებელი გამოეხმაურა.

კიდევ ერთმა დაზარალებულმა, ხათუნა ნოზაძემ გვითხრა, რომ ძალიან მომრავლდა მატყუარა ონლაინ საიტების რაოდენობა. რაც უფრო მიმზიდველია ციფრები და რეკლამა, მით მეტია ტყუილი.

“ერთ-ერთ ონლაინ საიტს ფასდაკლება ჰქონდა “ვენტილატორებზე”, 80 ლარიანი 29 ლარი ღირდა. ფოტოებშიც ნორმალური ზომის ჩანდა. როცა მოიტანეს და ვნახე გავოცდი, სიმწრით მეტირებოდა. ისეთი პატარა ზომის იყო ხელის გულზე დაეტია, გაგრილებითაც არ აგრილებდა. ძალიან ბევრჯერ მომატყუეს და დავიფიცე, რომ ონლაინსაიტებს აღარასდროს გავეკარები. მეტი ყურადღებაა საჭირო ასეთ საზოგადოებაში”, – ამბობს ხათუნა ნოზაძე.

მომხმარებლები იმედოვნებენ, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო კონტროლი გამკაცრდება და არაკეთილსინდისიერი ბიზნესი სათანადოდ დაისჯება. მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონის აღსრულება 1-ლი ნოემბრიდან დაიწყო. 1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც მოვაჭრე ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული და უტყუარი ინფორმაცია – პროდუქტის სახეობაზე, მახასიათებლებზე, ვარგისიანობაზე და სხვა.

ასევე, უზრუნველყოს საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი და ერთეული ფასის მკაფიო, გასაგები ფორმით მითითება. მომხმარებლის უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში, მოითხოვოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა, იმ შემთხვევაში თუ ეს არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს არ საჭიროებს.

ლელა დევდარიანი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი