უკრაინული “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის ქართული ვერსია – ვინ არის ოლიგარქი?

პარლამენტმა “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. უკრაინული კანონიდან ნათარგმნ კანონპროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, 9 კი წინააღმდეგი იყო. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ერთადერთი ოლიგარქი ჰყავს და ის ბიძინა ივანიშვილია.

კანონპროექტზე მსჯელობა 2 ნოემბერს ხმაურისა და ურთიერთდაპირისპირების ფონზე წარიმართა, 3 ნოემბერს კი, კანონპროექტი ძალაში ოფიციალურად შევიდა.

დავიწყოთ ცოტა შორიდან.

2022 წლის 3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის შესახებ განაცხადი გაგზავნა. ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველომ მხოლოდ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაცია მიიღო. 12 მოთხოვნიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეოლიგარქიზაციაა.

“საქართველო წევრობის კანდიდატი გახდება, თუ კი დეოლიგარქიზაციის ვალდებულებას შეასრულებს. აღმოფხვრის გადაჭარბებულ ზეგავლენას და პირად ინტერესებს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“, – ნათქვამია ევროკომისიის ტექსტში (European Commision, 2022).

12 პუნქტის გამოქვეყნებიდან დღემდე, საქართველოს პოლიტიკურ სპექტრში გრძელდება მწვავე კამათი, თუ ვინ არის ქვეყანაში ოლიგარქი და ვის უნდა შეეხოს ეს კანონი? როგორც ყოველთვის, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” (თავისი შვილობილი პარტიებითურთ) თითს ერთმანეთისკენ იშვერენ.

კანონპროექტი პარლამენტში 11 ოქტომბერს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დააინიცირა. კანონპროექტი უკრაინის კანონის საფუძველზეა შემუშავებული.

“ჩვენ ავიღეთ ევროკომისიის მიერ მოწონებული კანონი და ვთარგმნეთ“, -ამბობს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

ვინაიდან უკრაინული კანონი ევროკომისიამ მოიწონა, “ქართული ოცნება” არ აპირებს ნათარგმნი კანონი ვენეციის კომისიას შესაფასებლად გადაუგზავნოს.

საინტერესოა, რას ითვალისწინებს მმართველი პარტიის მიერ შემუშავებული კანონპროექტი. კანონის მიხედვით, ოლიგარქად ითვლება პირი, რომელიც სახელმწიფოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში მონაწილეობს. ამასთან, თუ კი ის გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე და მისი ფინანსური მდგომარეობა მილიონჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს.

ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში საარსებო მინიმუმი 226 ლარია.

გარდა ამისა, ოლიგარქად ცნობის შემდეგ, პირს ეკრძალება, რომელიმე პარტიის, კანდიდატის, პოლიტიკური კამპანიის მხარდასაჭერად თავისი სახსრებიდან შემოწირულობების გაღება ან დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნების მქონე შეკრების ან დემონსტრაციის გამართვა. ამასთან, ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაციის პროცესში ობიექტის ყიდვა.

გასაკვირი არ არის, რომ კანონმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პოლარიზაცია კიდევ უფრო მეტად გააღრმავა. ოპოზიციისთვის პრობლემა კონცენტრირებული ძალაუფლება და არაფორმალური მმართველობაა. ამიტომ, ისინი “ქართულ ოცნებას” დეოლიგარქიზაციის ისეთი კანონის მიღებაში ადანაშაულებენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არ შეეხება.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს 13 მინისტრიდან, 5 – ბიძინა ივანიშვილის “ქართუ ფონდში” მუშაობდა, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, ასევე, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ მაღალ პოლიტიკურ თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრები ინიშნებიან. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება ოლიგარქიული გავლენის ქვეშ იმყოფება.

ბიძინა ივანიშვილს, ოპოზიციის გარდა, ოლიგარქად ევროკომისიაშიც მოიხსენიებენ. ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ პირდაპირ განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას.

“თუ “ქართულმა ოცნებამ” ვერ გაიგო, რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია, რომელიც ევროკომისიის წინადადებაშია აღნიშნული, მე დავეხმარები, რომ გაიგოს – ეს ნიშნავს საქართველოს დებიძინიზაციას ან დეივანიშვილიზაციას“, – ამბობს ევროპარლამენტარი.

მწვავე განცხადებების გარდა, ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მან ევროპულ საბჭოს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდა. რეზოლუციის შინაარსში იგრძნობა შეშფოთება „იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად თამაშობს ქართულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, მთავრობაზე გადაწყვეტილების გავლენის დონის გამო“.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” გარდა, ყველა თანხმდება, რომ ოლიგარქი სწორედ ბიძინა ივანიშვილია, მაგრამ თავად მმართველ პარტიაში ასე არ ფიქრობენ.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, ოლიგარქები არიან პარტია ,,ლელოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ხოლო ,,ნაციონალური მოძრაობიდან“ – მიხეილ სააკაშვილი და ,,ტელეკომპანია ფორმულას“ 51%-იანი წილის მფლობელი დავით კეზერაშვილი. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის ოლიგარქის კრიტერიუმისთვის მხოლოდ ერთადერთს – 85 მლნ-ზე მეტ ქონებას აკმაყოფილებს.

მმართველი ძალის ლიდერების აზრით, მათ მიერ შემუშავებული კანონპროექტი ოპოზიციას იმიტომ არ მოსწონს, რომ ეს მათ დამფინანსებლებს ეხება. მაგალითად, დეპუტატ ირაკლი ზარქუას თქმით, როდესაც ბიძინა ივანიშვილი წინა რეჟიმის დროს აფინანსებდა ჯარს, ინფრასტრუქტურას, პოლიციას, მაშინ მეცენატად მოიხსენიებდნენ, ახლა კი – ოლიგარქად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ირაკლი კობახიძეს ოლიგარქის განმარტებაში დაეთანხმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც დავით კეზერაშვილს “მოოლიგარქო“ უწოდა და განაცხადა, რომ დავით კეზერაშვილი “არაფორმალური გავლენის“ გამო, მისი პარტიისთვის სახიფათოა.

რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, მათი შეფასებით, თუ კი “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი” უკრაინული მოდელის ანალოგიური იქნება, დიდი ალბათობით, აქ ის ბიზნესმენები მოხვდებიან, რომელთაც არანაირი პოლიტიკური ინტერესი არ გააჩნიათ. ზემოაღნიშნული ლოგიკურია, ვინაიდან დეოლიგარქიზაციის პრობლემა საქართველოში უკრაინული კანონის გადმოწერით ვერ გადაიჭრება. მაგალითად, წარსულში ივანიშვილის გუნდში მყოფი გიორგი გახარიას პარტიაში – “საქართველოსთვის” მიიჩნევენ, რომ კანონი რეალურ მიზანს ვერ შეასრულებს და ის პოლიტიკური ინსტრუმენტი გახდება. პარტიის ლიდერის, მიხეილ დაუშვილის თქმით, საქართველოში საარსებო მინიმუმის მიხედვით, ოლიგარქის ფინანსური გაზომვა 10 მილიონი დოლარიც არ გამოდის და შედეგად, ოლიგარქის კრიტერიუმში ბევრი ადამიანი მოხვდება.

პოლიტოლოგ შოთა ნარსიას შეფასებით, დეოლიგარქიზაციის კუთხით უკრაინისა და საქართველოს რეალობა განსხვავებულია, ვინაიდან უკრაინას უფრო მეტი ოლიგარქი ჰყავს, რომელთა გავლენა როგორც ეროვნულ, ისე რეგიონულ დონეზე იგრძნობა. მისი განცხადებით, საქართველოში შეუძლებელია ისეთი სამართლებრივი ჩარჩოს შემუშავება, რომლითაც დეოლიგარქიზაციის პრობლემა გადაიჭრება.

“პირველ რიგში ეს პრობლემა უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც აქვს გავლენა მმართველ პარტიაზე“, – განუცხადა პოლიტოლოგმა მედია სააგენტო “24”-ს.

მისივე თქმით, ვინაიდან ბიძინა ივანიშვილი ფორმალურად პოლიტიკაში არ არის, მათ შორის, არც პარტიის რიგითი წევრია, ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონში იგი ვერ მოხვდება.

პოლიტოლოგი “დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში” გარკვეულ საფრთხეებსაც ხედავს და ფიქრობს, რომ კანონი, რომელიც კოპირებულია უკრაინიდან, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ოპოზიციის წინააღმდეგ, რაც სამართლიანი ვერ იქნება. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ ზოგიერთი პერსონა, რომელსაც კანონი შეეხება, ოლიგარქი იყოს.

შოთა ნარსია აღნიშნავს, რომ საქართველო, კანონების მიღების კუთხით, მოლდოვასა და უკრაინაზე წინ არის, მაგრამ პრობლემაა კანონის დაცვა. ამიტომ, მისი აზრით, კანონის იმ ვერსიით მიღება, რასაც “ქართული ოცნება” გვთავაზობს, საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს ვერ შეუწყობს.

საბოლოოდ, ფაქტია, რომ დიდი ფინანსური რესურსის ერთი პირის ხელში თავმოყრა, რასაც ხელისუფლებაზე ზეგავლენა ახლავს თან, პარტიული პოლიტიკის განვითარებასა და დემოკრატიის სტაბილიზაციას ვერ უზრუნველყოფს.

საქართველოს სინამდვილეში, როგორც წესი, სხვა ქვეყნების კანონების გადმოწერის პრაქტიკა დიდად არ ამართლებს. რამდენად ეფექტიანი იქნება უკრაინული კანონის ქართული ვერსია, ამას დრო გვიჩვენებს. წარსულის გამოცდილებასაც თუ გადავხედავთ, ყოფილი პრეზიდენტების – ედუარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის – მმართველობის დროს, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველომ საპრეზიდენტო მმართველობა ჯერ ამერიკულიდან, შემდეგ კი ფრანგული მოდელიდან გადმოიღო. კონსტიტუციაში ასახული ხელისუფლების დაბალანსებული შტოების ნაცვლად, პრაქტიკაში სუპერსაპრეზიდენტო მმართველობა მივიღეთ.

ავტორი: ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი