“ტვინების გადინების” პარალელურად არაკვალიფიციური კადრების პრობლემა საქართველოში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ლევან დავითაშვილის თქმით, ბიზნესის უმთავარესი გამოწვევა კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა.

,, ბიზნესს ორი მთავარი პრობლემა აქვს სამუშაო ძალის ნაკლებობა და კვალიფიციური კადრების ნაკლებობა.”- განაცხადა დავითაშვილმა. მისივე თქმით, კვალიფიციური კადრების დეფიციტი საქართველოს ეკონომიკის უმთავრესი გამოწვევაცაა.

ისმის კითხვა რატომ არის შრომით ბაზარზე კვალიფიციური კადრების სიმცირე? უპირველესად ამის მიზეზი ,,ტვინების გადინებაა”. არასწორი ზოგადი და ხშირ შემთხვევაში უმაღლესი განათლების სისტემის პოლიტიკა, დაბალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ხელფასი და შემოსავალი, უპერსპექტივობა, ნეპოტიზმი, კორუფცია, 11.5%-იანი წლიური ინფლაცია და კიდევ მრავალი მიზეზის ჩამოთვლა შეგვიძლია იმის დასადგენად, თუ რატომ გადიან მასობრივად ქვეყნიდან კვალიფიციური, ახალგაზრდა კადრები.

საქსტატის მიხედვით, 2022 წლის მეორე კვარტალში უმუშევეობის დონე 18.2 %-ია, მათი უმრავლესობა კი 15-45 ასაკობრივ ჯგუფშია განაწილებული. შედეგად, ეს რიცხვებიც ადასტურებს, რომ ახალგაზრდებს სამუშაოს პოვნა, საკუთარი პროფესიით დასაქმება უჭირთ, არ აქვთ პერსპექტივა და სწორედ ამიტომ იძულებული არიან ქვეყანა დატოვონ.

აუცილებელია, საქართველოს მთავრობა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩაუღრმავდეს მიზეზებს თუ რატომ განიცდის ბიზნესი კვალიფიციური კადრების დეფიციტს და პრობლემის აღმოსაფხვრელად სწორი ეკონომიკური პოლიტიკა გაატაროს. იქნება ეს განათლების სისტემის სრული ტრანსფორმაცია, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა, პროფესიული განათლების განვითარება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელფასების ზრდა, რაც მოტივაციას გაუჩენს სამუშაო ძალას ქვეყანა არ დატოვოს. თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება ბიზნესსაც, რომელსაც შეუძლია კვალიფიციური კადრები მოიზიდოს და კვალიფიკაციის შესაბამისი ანაზღაურება და შრომითი პირობები შესთავაზოს.

წყარო: BMG
ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი