თბილისში გურამ დოჩანაშვილის სახელობის ხიდი, რევაზ გაბრიაძისა და ანზორ ერქომაიშვილის ქუჩები იქნება

თბილისში, რამდენიმე გეოგრაფიულ ობიექტს ამიერიდან სახელი შეეცვლება, რამდენიმე უსახელო ქუჩა ცნობილი ადამიანების სახელს შეიძენს.

გურამ დოჩანაშვილი, რეზო გაბრიაძე, ანზორ ერქომაიშვილი

დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე ხიდს, რომელიც თბილისელებისთვის ვორონცოვისა და ჩუღურეთის სახელითაა ცნობილი, დღეიდან ცნობილი ქართველი კლასიკოსი მწერლის, გურამ დოჩანაშვილის სახელს ატარებს.

სახელი შეეცვალა ჭოროხის ქუჩასაც და ის ქართველი მუსიკოსისა და ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის გახდა, ხოლო მომღერლისა და მუსიკოსის ჯემალ ჭკუასელის სახელი დიდუბის რაიონში გრიგოლ რობაქიძის გამზირთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ სკვერს დაერქვა.

ჩუღურეთის რაიონში მდებარე კანკავას ქუჩას – კომპოზიტორის, საქართველოს დამსახურებული არტისტისა და თბილისის საპატიო მოქალაქის გომარ სიხარულიძის, ხოლო გაბრიელ სუნდუკიანის ქუჩის შესახვევს ფოლკლორისტის კუკური ჭოხონელიძის სახელი ეწოდა.

თბილისში, მთაწმინდის რაიონში, თბილისის ქუჩის მონაკვეთს, მასთან არსებულ ერთ ჩიხსა და ერთ შესახვევს რეჟისორის, მხატვრის რევაზ გაბრიაძის სახელის დაერქვა.

ისნის რაიონში, კონსტანტინე ცუცქირიძის ქუჩის მონაკვეთსა და იორის შესახვევის მონაკვეთს კი  არქიტექტორის გიგა ბათიაშვილის სახელი მიანიჭეს, ხოლო ამავე რაიონში მდებარე ნავთლუღის ქუჩასთან არსებულ უსახელო სკვერს კი საბერძნეთის სახელი უწოდეს.

გლდანის რაიონში, მუხიანში, იოსებ ნონეშვილის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას კი მომღერლის ზურაბ ბაკურაძის სახელი მიენიჭა. თბილისის №220 საჯარო სკოლა კი, საკრებულოს გადაწყვეტილებით, დღეიდან აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული, ლეიტენანტ ზურაბ ძამუნაშვილის სახელს ატარებს.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის მიერ წარმოდგენილ 9 საკითხზე საკრებულომ 4 ნოემბერს გამართულ სხდომაზე იმსჯელა.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს საკრებულოს პრესსამსახურში განუცხადეს, ყველა წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით წინასწარ ჩატარდა საჯარო განხილვები და თითოეულ მათგანთან დაკავშირებით სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ დადებითი რეკომენდაცია გასცა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი ქართველი მოღვაწეები: კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე, მწერალი გურამ დოჩანაშვილი, რეჟისორი რეზო გაბრიაძე, ფოლკლორისტი ანზორ ერქომაიშვილი, მომღერალი ჯემალ ჭკუასელი, არქიტექტორი გიგა ბათიაშვილი, მომღერალი ზურაბ ბაკურაძე, ყველანი 2020 და 2021 წლებში გარდაიცვალნენ.