თედო სახოკიას ნაამბობი დავით სარაჯიშვილზე: როგორ ადამიანებზე იდგა საქართველო  

ქართველ პუბლიცისტ თედო სახოკიას ერთხელ, ფული დასჭირვებია და სასესხებლად დავით სარაჯიშვილთან მისულა. 

დავით სარაჯიშვილი

“ერთხელ, მეუღლე ცუდად გახდა და აუცილებელი იყო მისი ექიმთან ვიზიტი, მაგრამ, სამწუხაროდ იმხანად ფული არ მქონდა, გადავწყვიტე დავით სარაჯიშვილისაგან სესხის აღება და გავეშურე, როდესაც მასთან მივედი, დავითი სტუმრებთან: ილია ჭავჭავაძე, იაკობ მანსვეტაშვილი, ნიკო ნიკოლაძე, – ნარდს თამაშობდა, მივესალმე მათ და ცოტა ხანში გამოვბრუნდი, შემრცხვა, ფული ვერ ვთხოვე… კიბეებზე რომ დავეშვი, დავითის ხმა მომესმა: “თედო, ცოტა ხნით დამელოდე”, ჩამოვიდა, “ხომ არაფერი გიჭირს?”…”არა-თქო”, ჯიბიდან 100 თუმანი ამოიღო და გამომიწოდა, – “ეს წაიღე, დაგჭირდება”, – გახარებულმა ფული გამოვართვი და მეუღლე ექიმთან წავიყვანე. ერთი კვირის შემდეგ, ფულის დასაბრუნებლად დავითთან მივედი, სარაჯიშვილმა გაიღიმა და მითხრა: “თედო, ჩემდენი ფული რომ გექნება, მაშინ დამიბრუნე, იმ დღეს რომ შემოგხედე, მივხვდი, რაღაც გიჭირდა”…

თუ ვინმე დიდ ქართველად შეგვიძლია დავასახელოთ, ერთ ერთი დავით სარაჯიშვილია! ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სახელგანთქმული მრეწველი და უდიდესი ქველმოქმედი, რომელმაც რუსეთის მთელ იპერიაში პირველმა დაამკვიდრა კონიაკის წარმოების სრულფასოვანი ტექნოლოგია.

მიღწევებისა და წარმატების მიუხედავად, დავით სარაჯიშვილის ფიქრები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მხოლოდ თავის სამშობლოს დასტრიალებდა თავს. 1910 წელს დავითს უკურნებელი სენი შეეყარა. მას ოპერაციის გაკეთება ბერლინში მოუხდა, თუმცა უშედეგოდ… გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დიდ მამულიშვილს ასე დაუჩივლია: „ვკვდები, რა დამშვიდებით მოვკვდებოდი, რომ სამშობლოს იმედი მიმყვებოდეს“.

1910 წელს დაწერილ ანდერძში შემდეგი სიტყვები ჩაწერა:

“მთელი ჩემი პირადი ქონების უდიდესი ნაწილი, უძრავი და მოძრავი ქონება დარჩეს საქართველოს!”

დავით სარაჯიშვილი 1911 წლის 20 ივნისს სამარადისოდ შეუერთდა ზეციურ საქართველოს.