ტრაგედიის პოლიტიზების მანკიერი ტრადიცია საქართველოში

მაშინ, როდესაც ადამიანური ტრაგედიები საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პირიქით, პოლარიზაციასა და ურთიერთდაპირისპირებას აღრმავებს.

თბილისში, ვაკის პარკში, 13 ოქტომბერს მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზების მცდელობაზე, ოპოზიცია უარს არ ამბობს. თბილისის საკრებულოს 4 ნოემბრის სხდომა სწორედ ამის დემონსტრირება იყო. ოპოზიცია მომხდარ ტრაგედიაში თბილისის მერს, კახა კალაძეს, ადანაშაულებს და მას საკრებულოში იბარებენ. ოპოზიციას რიგგარეშე არჩვენები უნდა და ამისთვის, ყველა შესაძლებლობას იყენებს.

თავის მხრივ, მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს და უარს არ ამბობს ადამიანური ტრაგედიები საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ.

თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე წარიმართა. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ლადო ბოჟაძემ ოპოზიციას ყველა ის ტრაგედია შეახსენა, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში მოხდა.

როგორც ბოჟაძე ამბობს, არ დავიწყებია 2007 წელს გარდაცვლილი ალექსანდრე პაპავა, ასევე, 2009 წელს გარდაცვლილი საბა ქადარია და 9 წლის გიორგი ქინქლაძე, როცა იმ პერიოდში აშენებულ სტადიონებს ხალხი “მკვლელ სტადიონად” მოიხსენიებდა, მაგრამ მაშინ, “ოპოზიციას ადამიანური ტრაგედიებით პოლიტიკური ქულების დაწერა არ უცდია”, – აცხადებს ბოჟაძე.

ლადო ბოჟაძის აზრით, ვაკის ტრაგედიაზე მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება ყველას, ვისაც რაიმე ვალდებულება გვაქვს თბილისთან დაკავშირებით და “ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა”.

2022 წლის 13 ოქტომბერს, თბილისის ისტორიული შადრევანი საბედისწერო ადგილად იქცა. ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევნის საზეიმოდ გახსნიდან მეორე დღეს, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ სამ ბავშვს დენმა დაარტყა. მათგან ერთი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი, გარდაიცვალა.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, 9 პირი დააკავეს, მათ შორის შპს “გრინსერვისის” დირექტორი ლაშა ფურცხვანიძე. თანამდებობიდან გადადგა თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი.

თბილისის მერიამ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წელს დაიწყო. შადრევნისა და კასკადის რეაბილიტაცია განახორციელა კოპანიამ, რომელსაც მანამდე თბილისში 86 მილიონ ლარზე მეტის ტენდერი აქვს მოგებული. მომხდარ ტრაგედიას ლაშა ფურცხვანიძემ წინასწარ დაგეგმილი უწოდა, რითიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას შეეცადა.

2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე, ვაკის პარკის შადრევანზე 6 ინსპექტირების ანგარიში არსებობს. მათგან 5 – კომპანია “სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს”, ეკუთვნის, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სისტემის „შავ სიაშია“ შესული.

აღსანიშნავია, რომ “სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ” ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ 420 000 ლარის გამოცხადებულ ტენდერში, ექსპერტად გარდაცვლილი ადამიანი წარადგინა. მუნიციპალიტეტი ამ შესყიდვით ეძებდა კომპანიას, რომელიც ვაკის პარკის მსგავსად, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ზედამხვედველობას გაუწევდა. ცნობისათვის, ამ კომპანიამ ექსპერტიზა ჩაუტარა ვარკეთილის მეტროს ჩამონგრეულ ჭერსაც. მეტროს განახლებული ჭერი გარემონტებიდან რამდენიმე თვეში ჩამოვარდა.

საქართველოს პოლიტიკური კულტურისთვის ტრაგედიის პოლიტიზება ერთ-ერთი გამორჩეული “ტრადიციაა”. ტრაგედიას ჰყავს მსხვერპლი, დამნაშავეები და პოლიტიკოსები, რომლებიც ერთმანეთს ადანაშაულებენ. ხშირ შემთხვევაში, პოლიტიკოსები, ექსპერტები თუ საზოგადოების ცნობილი სახეები ტრაგედიას პოლიტიკური მანიპულაციის, პროპაგანდის, პოლიტიკური ქულების დაწერის ერთ-ერთ საშუალებად იყენებენ.

თბილისის მერი კახა კალაძე მზადყოფნას გამოთქვამს, გამოძიების მსვლელობისას ვაკის პარკის ტრაგედიაში მისი ბრალეულობა თუ გამოიკვეთება, კანონის წინაშე პასუხი სრული სიმკაცრით აგოს. თუმცა, მერის ეს განცხადება საკმარისი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის, კალაძის გადადგომის მოთხოვნით მერიის შენობის წინ რამდენჯერმე გამართეს აქცია ლოზუნგებით: “ბავშვების მკვლელი ოცნება”, “დედა, შადრევანი მკლავს”, “დედა, მშენებლობა მკლავს”, “დედა ავტობუსის გაჩერება მკლავს“. აქციაზე გაჟღერდა კახი კალაძის წინასაარჩევნო სლოგანის -“სიცოცხლით სავსე ქალაქის” საპირისპირო ვერსია – “სიკვდილით სავსე ქალაქი”.

გასაკვირია, რომ აქციაზე მცირე რაოდენობის ადამიანები იყვნენ თავმოყრილი, რომლებიც ძირითადად კონკრეტულ პარტიებს ან არასამთავრობო ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ, მაშინ, როდესაც კახა კალაძის გადადგომას სოციალურ ქსელში ასობით ადამიანი ითხოვდა.

უმძიმესი ტრაგედიის ფონზე, საზოგადოების აზრი ორად გაიყო. მაშინაც, როდესაც კახა კალაძემ გადარჩენილი ბავშვი, ლაზარე ლობჟანიძე მოინახულა და მას ფეხბურთის მაისური აჩუქა წარწერით “კალაძე – 4”. ამ ერთი შეხედვით უწყინარი ფოტოს გამო, დედაქალაქის მერი ზოგმა ამორალურ პიარკამპანიაში დაადანაშაულა, ზოგმა კი – შეაქო. ეს ფაქტი კომენტარის გარეშე არ დაუტოვებია თბილისის მერობის ყოფილ კანდიდატს, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას.

“არაფერია იმაზე უხერხული, როდესაც ქალაქი გლოვობს და შენ შენი გაბერილი პიარსამსახურით დარბიხარ და სურათებს იღებ. ეს ქალაქი შენ ხელში, მხოლოდ გლოვით არის სავსე”, – განაცხადა მელიამ.

ტრაგედიამ პოლიტიკოსებს, არც პოლარიზაცია და ტრადიციულ “ნაც-ქოცობად” დაყოფა დაავიწყა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ადამიანური ტრაგედიებით სპეკულირებაში ადანაშაულებს. მსგავსი რიტორიკა გამოიყენა პოლიტიკოსმა მარინა მოლოდინმაც.

“შეჭამეს ტვინი ნაცებმა, გადადგეს კალაძეო! რატომ მაშინ არ კიოდნენ, როცა ნაცების დროს ქუჩაში წიწილებივით ხოცავდნენ ახალგაზრდებს, როცა მერაბიშვილის ცოლის სიამოვნებისთვის მოკლეს გვირგვლიანი?” – წერს სოციალურ ქსელში მარინა მოლოდინი.

ტრაგედიაზე კომენტარი გააკეთა მიხეილ სააკაშვილმაც: “ჩემი ალისა ხშირად თამაშობს ვაკის პარკში, ჩემი გულწრფელი მამობრივი სამძიმარი მშობლებს”.

აღნიშნული განცხადება არაგულწრფელად აღიქმება საზოგადოების იმ ნაწილში, რომელიც ექსპრეზიდენტსა და წინა ხელისუფლებას, ადამიანების წამებასა და ძალადობაში ადანაშაულებს. მეტიც, სოციალურ ქსელში მომხდარ ფაქტზე სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ტრაგედია 2012 წლიდან დაწყებული კოჰაბიტაციის შედეგია, რაც “ოცნების” ხელისუფლების მიერ “ნაციონალური მოძრაობის” კორუფციული სატენდერო პოლიტიკის გადაბარებაში გამოიხატება.

მსგავს მოსაზრებებს ბიძგს თავად პოლიტიკოსები აძლევენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციაში პაექრობისას უარს ყველაზე უხერხულ პარალელებზეც კი არ ამბობენ. ასე, მაგალითად:

“ნაციონალურმა მოძრაობამ” 26 მაისს ადამიანი განზრახ მოკლა, ხოლო თავი იმით იმართლა, რომ მას დენმა დაარტყა”, – განაცხადა “ოცნების” დეპუტატმა გია ვოლსკიმ.

ისმის კითხვა, 11 წლის შემდეგ, აღნიშნული ფაქტის გახსნებით, ხომ არ გაურბის სახელისუფლებო ძალა პირად პასუხისმგებლობას?

კალაძეს არაკომპეტენტურობასა და კორუფციაში ადანაშაულებენ სხვა ოპოზიციონერებიც. მაგალითად, “ოცნების” ყოფილი და უკვე ოპოზიციონერი დეპუტატის – კახა ოქრიაშვილის თქმით, ბავშვის სიკვდილი კალაძისა და ივანიშვილის კისერზეა, ამიტომ მკვლელი და კორუმპირებული კალაძე უნდა დაისაჯოს.

საინტერესოა ირაკლი ოქრუაშვილის მოსაზრებაც, რომლის თქმით, მერმა ეს ტრაგედია მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ორი ავტოგოლივით. საზოგადოების მეორე ნაწილმა ოქრუაშვილს საპასუხოდ “სხვა ტვირთი” დააკისრა საზიდად:

“ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმის, ტვირთად ზიდვა მოუწევს”, – წერენ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე ირაკლი ოქრუაშვილს, როგორც მაშინდელ შს მინისტრს, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

პოლიტოლოგისა და ფსიქოლოგის, რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, ვაკის პარკის ტრაგედიაზე საუბრისას, მთავარი პრობლემა არის ის, თუ რა უნდა მოხდეს ტრაგედიის შემდეგ.

მედია სააგენტო “24”-ის კითხვაზე, მომხდარი ტრაგედიის გამო, ეკისრება თუ არა პოლიტიკური პასუხისმგებლობა დედაქალაქის მერს, რამაზ საყვარელიძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აქვს გამოძიების მიმართ ნდობის ხარისხს და იმას, თუ რითი იხელმძღვანელებს ოპოზიცია.

რამაზ საყვარელიძე ნიუ-იორკის 11 სექტემბრის ტრაგედიას იხსენებს და ამბობს, რომ მაშინ, მარტივად შეიძლებოდა ფედერალური ხელმძღვანელობის დაუდევრობაში დადანაშაულება იმის გამო, ტერორისტებმა ნიუ-იორკში შეაღწიეს და ტყუპი ცათამბჯენები ააფეთქეს.

“ანალოგიური ბრალდება შეიძლებოდა ნიუ-იორკის მერის მიმართაც, თუმცა, იქ პროცესები მაგ გზით არ წასულა და პოლიტიკურ ოპონენტებს ტრაგედიის გამოყენება არ დაუწყიათ იმისათვის, რომ მერი გადაეყენებინათ. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი აღმოჩნდა თანამდებობის პირის მიერ დარღვევის შეგნებულად ჩადენა, იმ შემთხვევაშიც კი, მსხვერპლი რომ არ ყოფილიყო, ასეთ დარღვევებზე პასუხისმგებლობა თანამდებობის პირს აუცილებლად უნდა მოეკითხოს”, – აცხადებს საყვარელიძე.

13 ოქტომბრის ტრაგედიის გარშემო გაკეთებული განცხადებების ანალიზის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაშინ, როდესაც ადამიანური ტრაგედიები საზოგადოებისა და პოლიტიკოსების გამაერთიანებელი უნდა იყოს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში პირიქით, პოლარიზაციასა და ურთიერთდაპირისპირებას აღრმავებს. ოპოზიციას ყოველთვის ხელისუფლების დასამხობად საპროტესტო მუხტის გაზრდა სურს, ხელისუფლება კი პასუხისმგებლობას ირიდებს და დანაშაულის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს.

ქართულ პოლიტიკაში იშვიათად გვახსენდება შემთხვევა, როდესაც თანამდებობის პირმა კონკრეტულ დანაშაულზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო. მაშინ, როდესაც მაგალითად, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის, იმპიჩმენტი კოვიდპანდემიისას კარანტინის წესების დარღვევასა და სექსუალური შევიწროების დამალვის ფაქტს უკავშირდება, ან შინაგან საქმეთა მინისტრი თანამდებობას ელექტრონული ფოსტის წესების დარღვევის გამო ტოვებს, ბრიტანეთში მსგავსი ტრაგედიის ფონზე მერის გადადგომა რომ მოეთხოვათ, გასაკვირი სულაც არ იქნებოდა.

 

ავტორი: ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

პოდკასტი