13 ივნისის ტრაგედიიდან 8 წელი გავიდა

2015 წლის 13 ივნისი ტრაგიკული დღეა სრულიად საქართველოსთვის. ერთი ჩვეულებრივი ზაფხულის წვიმა სტიქიისა და ტრაგედიის მიზეზი გახდა. 13 ივნისის მოვლენები დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. წვიმის შემდეგ, მდინარემ გარღვევა შეძლო და  მტკვარს შეუერთდა.  მდინარე ვერეს ხეობაში წყალდიდობას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი უგზო- უკვლოდ დაიკარგა, 200-ზე მეტი ოჯახი  და 1000 – ზე მეტი ადამიანი კი დაზარალდა. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები და საკომუნიკაციო სისტემები, მთლიანად დაიტბორა  ,,მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორიები, დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, მათ შორის ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელი გზა და ახალდაბა-წყნეთის გზის მონაკვეთი.

8 წლის წინ, ამ ტრაგედიამ ქართველი ერი კიდევ ერთხელ  გააერთიანა. განსაკუთრებული ერთიანობით ახალგაზრდები გამოირჩეოდნენ. 13 ივნისის სტიქია მოხალისეებისა და მაშველების გაერთიანების საუკეთესო მაგალითად იქცა.

 

დღეს, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ  და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვერეს ხეობაში 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.

,, 13 ივნისი ტრაგიკული დღეა თითოეული ჩვენთაგანისთვის. დამანგრეველ სტიქიას ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა, დაიტბორა თბილისის ქუჩები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო- მოხალისეებს, მაშვლებს, იმ სტრუქტურის წარმომადგენლებს, რომლებიც სტიქიის შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

13 ივნისს დაწყებულმა წვიმამ საქართველო დიდი საფრთხის წინაშე დააყენა. სტიქიის მძიმე სურათი თანდათან უფრო მძიმდებოდა. მაშველებს დატბორილი სახლებიდან დაზარალებულები გამოჰყავდათ და ეძებდნენ გარდაცვლილებს. ხეობაში მოვარდნილმა წყალმა მობინადრესთან ერთად სახლი გაიტაცა,  ვერის ხეობის ახალი გზა პრაქტიკულად აღარ არსებობდა, თითქმის მთლიანად განადგურდა ზოოპარკი. ზოოპარკის ცხოველების 600 ბინადრიდან ნახევარი დაიღუპა,ზოგმა კი ვოლიერებს  დააღწია თავი და გაიქცა. თბილისის ქუჩებში ლომები და ვეფხვები დარბოდნენ, ნიანგი მოვარდნილ წყალში ცურავდა, დათვი ორსართულიანი სახლის კონდინციონერზე იყო დაკიდებული, გმირთა მოედანზე კი ბეჰემოთი ბეგი დასეირნობდა.

დედაქალაქმა ამ დღეს  დიდი ზარალი ნახა, თუმცა ყველაზე მტკივნეული იმ ადამიანთა ტრაგიკული გარდაცვალება იყო, რომლებიც ამ საზარელ სტიქიას შეეწირნენ. საქართველოში 13 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა.

 

ლიკა მაჩხანელი


შოვში, ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდება

გუდაურში ტრაგიკულად დაღუპული სასწრაფოს ექიმების მემორიალი გაიხსნა

9 აპრილი – ტკივილის, სიამაყისა და გამარჯვების დღე

ტრაგედია ბათუმში – ბატუტის დაზიანებას 9 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა

პოდკასტი