შოვში, ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

სტიქიის ზონაში, ძებნა-შველის ღონისძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. დილიდან მუშაობა განაახლა სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა. სამუშაოებში ჩართულნი არიან პოლიციის დანაყოფები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი, თავდაცვის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები. ადგილზე მუშაობს დრონები და სპეცტექნიკაც.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, სადაც ცხედრები იპოვეს, ადამიანების პირად ნივთებსაც პოულობენ.

„კონკრეტულად იმ პერიმეტრზე, სადაც ცხედრები იპოვეს, ვპოულობთ პირად ნივთებს, ტანისამოსს. ვიმედოვნებთ, რომ როგორც დავგეგმეთ, სწორი მიმართულებით მივდივართ და ვნახოთ, დღის განმავლობაში რა შედეგები გვექნება. დაკარგულების თაობაზე განახლებული ინფორმაცია არ გვაქვს. ერთი სიახლე, გუშინ საღამოს რაც მოგახსენეთ, იყო ის, რომ ერთ-ერთი ცხედრის იდენტიფიცირება მოხერხდა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის ორი მიმართულებით გზები თითქმის უკვე დასრულებულია; ე.წ. კალცის წყლების მიმართულებით, შუადღისთვის გზა უკვე  ბოლომდე იქნება შეყვანილი და საძიებო სამუშაოების აქტიური ფრონტიც გაიხსნება.

უკვე  მეხუთე დღეა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, ონის მუნიციპალიტეტში, სამაშველო ღონისძიებას აწარმოებენ. არსებული ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიამ 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშველები კიდევ 17 ადამიანს ეძებენ, რომელთა შორის არიან ბავშვებიც.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 3 აგვისტოს, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს 00:00 საათიდან 8 აგვისტოს 00:00 საათამდე სახელმწიფო დროშები დაშვებული იქნება.


შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სახელმწიფო დაეხმარება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

გურიის სტიქიას ორი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ

სახელმწიფო დასეტყვილ და დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს

შოვში, სამძებრო – სამაშველო სამუშაოებში ჩართული სამხედრო გარდაიცვალა

პოდკასტი