9 აპრილი – ტკივილის, სიამაყისა და გამარჯვების დღე

ამ დღეს ქართველი ერი ისეთი ერთსულოვანი იყო, როგორც არასდროს.

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. Ამ დღეს 21 დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ადამიანი შეეწირა, მათ შორის 17 ქალი. გარდაცვლილთა შორის იყვნენ არასრულწლოვანებიც და ერთ-ერთი სწორედ მე-10 კლასის მოსწავლე, ეკა ბეჟანიშვილი იყო.

“ადამიანი ისე როგორ უნდა მოკვდეს, რომ საკუთარი კვალი არ დატოვოს”, – ეს სიტყვები 9 აპრილის დარბევისას მოკლულთა შორის ერთ-ერთ ყველაზე პატარას, ეკა ბეჟანიშვილს ეკუთვნის.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამბობდა:

“ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს, მაგრამ ვერავინ შეძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვა მას”.

შეგრძნება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას განსაზღვრავდა, მკაფიოდ გამოვლინდა 1989 წლის 9 აპრილს.
ხალხში ყოველთვის ფხიზლობდა ეროვნული ცნობიერება, რომელიც XX საუკუნის 70-იანი წლებიდან განსაკუთრებით გამძაფრდა.

ჯერ კიდევ 1988 წელს, საბჭოთა ხელისუფლებამ გადაწყვიტა თავისი კონსტიტუციით გარანტირებული გამოყოფის უფლება წაერთმია საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, რომელთა შორის საქართველოც მოიაზრებოდა. ამას დიდი პროტესტი მოჰყვა, გაიმართა მრავალათასიანი მიტინგი, სიტუაცია ნელ-ნელა იძაბებოდა და, დადგა დაუნდობელი, სასტიკი 1989 წლის 9 აპრილიც.

ზუსტად 34 წლის წინ მომხდარი ტრაგედია ქართველი ერისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. თითოეულმა იმ ადამიანმა, რომელიც სისხლიან ღამეს მთავრობის სახლთან მედგრად და გაუტეხლად იდგა, საკუთარი სისხლის, სიცოცხლის და ჯანმრთელობის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ.

1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული ისტორია ღამის 4 საათიდან იწყება. 2550 ჯარისკაცი, 6 ჯავშანტრანსპორტიორი, დესანტის 8 საბრძოლო მანქანა, 4 სახანძრო მანქანა და 2 სანიტარული ავტომობილი 10 000 კაციანი მშვიდობიანი საპროტესტო აქციისკენ დაიძრა, დაარბია და მხუთავი აირით, ორლესული ნიჩბებითა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაუპირისპირდა. დარბევის შემდეგ, 21-მოკლულთა შორის იყო ასობით დაჭრილი და დასახიჩრებული ადამიანი, ათასობით კი მოწამლული.

“ელისოს ცხედარს სიონის ტაძარში მივაგენი. დედაჩემი მისი დაღუპვიდან მეოთხე დღეს ინფარქტით გარდაიცვალა. ამხელა ტრაგედიას ვერ გაუძლო. ორი მიცვალებული ერთად გავასვენეთ”, – იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში 9 აპრილს მოკლული, 25 წლის, ფეხმძიმე ელისო ჭიპაშვილის ძმა ვახტანგ ჭიპაშვილი.

დაზარალებული შოთა ჟვანიას მონათხრობიდან კი შემდეგ ისტორიას ვიგებთ: “რუსი ჯარისკაცები ქალებსა და ბავშვებს ურტყამდნენ ნიჩბებს თავში, კაცებს რომ ვერ მოერივნენ. სისხლის გუბეში ვიდექი და ვერ ვშველოდი მათ იმიტომ, რომ ოთხი რუსი ჯარისკაცი ცემით მიმათრევდა სადღაც. მერე თავის დაღწევა მოვახერხე და ოთხი კილომეტრი ფეხშიშველმა ვირბინე სახლამდე.”

მაშინდელი საბჭოთა გენერლები კი, ოპერაციის უშუალო ხელმძღვანელ იგორ როდიონოვის თაოსნობით ამტკიცებდნენ, რომ ჯარისკაცები თავს იცავდნენ ჩვენი მშვიდობიანი მომიტინგეებისგან. შინაგანი ჯარის სარდლობამ მხოლოდ 13 აპრილს აღიარა ცრემლსადენი გაზის გამოყენება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარყოფდნენ მესანგრეთა ნიჩბების გამოყენებასაც, თუმცა დეზინფორმაციულმა პროპაგანდამ, რომ თითქოს მომიტინგეები ჭყლეტაში დაიღუპნენ, საბჭოთა კავშირშიც არ იმუშავა.

ტრაგედიამდე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მერაბ კოსტავა მიმართავდა:

“გამაგრდით და გაძლიერდით სულიერად, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!”

შიში არც არსებობდა. იქ მდგომ ადამიანებს მხოლოდ ერთი იდეა აერთიანებდათ და ერთმანეთის სჯეროდათ.

“საშიშროება რეალურია”- დაჟინებით იმეორებდა იმ ავბედით ღამეს მომიტინგეების გვერდით მდგომი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, თუმცა გრძნობდა, რომ ამ მომენტში ხალხი მას არ დაუჯერებდა.

“როცა მივმართე, რომ საშიშროება რეალურია, ხალხი გაჩუმდა. სიმშვიდე ჩამოვარდა. მერე დაიყვირეს-არა! ეს იყო მზადყოფნა. ხალხი გრძნობდა, რომ სიკვდილის წინ იმყოფებოდა. მე ვგრძნობდი, რომ ხალხი არ დამიჯერებდა. Მე მოვუწოდე, შესულიყვნენ ქაშვეთში. წინასწარ ვგრძნობდი, რომ უარს მეტყოდნენ”, – იხსენებს ილია II ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში.

9 აპრილს დაღუპულთა სახელები სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში და ქართველი ხალხის მეხსიერებაში

და მართლაც, ამ დღეს ქართველი ერი ისეთი ერთსულოვანი იყო, როგორც არასდროს. ჩვენი თანამემამულეები თავისუფლებას ითხოვდნენ და მშვიდობიანი დემონსტრაციით საბჭოთა კავშირის უსამართლო რეჟიმს აპროტესტებდნენ.

როგორც ჩვენი საჭეთმპყრობელი ამბობს, დიახ, ეს ნამდვილად იყო საოცარი თავდადება, ბრძოლა მომავლისთვისა და მომავალი თავისუფლებისთვის. 1921 წელს ქვეყნის გასაბჭოებით დაკარგული დამოუკიდებლობა 1989 წლის ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ აღდგა. სისხლით მოპოვებული თავისუფლების შესახებ სასიხარულო ამბავი საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა პარლამენტის სასახლის ტრიბუნიდან გამოაცხადა. 1991 წელს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

“სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილს წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. გვფარავდეს ღმერთი”, – განაცხადა ზვიად გამსახურდიამ. მან 21 დაღუპული გმირის ხსოვნა თავისუფლების მოპოვებას სამუდამოდ დაუკავშირა.

9 აპრილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობისა და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონებების დღეა. დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა, როგორც ტრაგედიის და იმავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. 9 აპრილი ტკივილის, სიამაყისა და გამარჯვების დღეა.

ლიკა მაჩხანელი