“შენ ისე მიმაჯაჭვე, რომ ვერავითარი ძალა ვეღარ დამაშორებს შენგან”: ილია ჭავჭავაძის წერილები მეუღლეს

მათი სიყვარული 240-მდე წერილშია ჩატეული, გამხმარ მინდვრის ყვავილებთან ერთად…

ოლღა გურამიშვილი და ილია ჭავჭავაძე

ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის სიყვარულის ამბავი საყოველთაოდ ცნობილია. მეუღლისადმი მიძღვნილი ილიას სასიყვარულო წერილები მკითხველში დღემდე აღტაცებას იწვევს.

ილიამ და ოლღამ ერთმანეთი 159 წლის წინ, 1863 წლის იანვარში გაიცნეს. 10 აპრილს კი ძველი სამების ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს. მათი სიყვარული ჟურნალ “საქართველოს მოამბის” დაარსების ეტაპსა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ძალით გაჩაღებას დაემთხვა, ამიტომ, ილიასთვის ოლღა ბრძოლის შეუპოვრად გაგრძელების მთავარი შთამაგონებელი გახლდათ. პირველი ინიციატივა თავად ოლღა გურამიშვილმა გამოიჩინა და ილიას წერილი, მეგობრის ნინო ორბელიანის ხელით გაუგზავნა: “მითხარით, სად შეგხვდეთ, დროს ყოველთვის მოვნახავ…”

“ჩემო კუკლუშკი, მე ხომ ცხოვრება და მისი აზრი მას შემდეგ გავიგე, რაც შენ შეგიყვარე”…
“შენ ძალზე ძვირფასი ხარ ჩემთვის, ჩემო ანგელოზო, უფრო მეტად ძვირფასი, ვიდრე შეგიძლია ივარაუდო”… “ბედი ოლიკოზე უკეთეს საჩუქარს ვერ მომიძღვნიდა. მადლობა, ათასი მადლობა მას!” – ეს ილიას წერილებიდან ამოღებული ფრაზებია.

ლია ჭავჭავაძის წერილი მეუღლეს, ოლღა გურამიშვილს…

“დაგპირდი, რომ ხვალ წერილს არ მოგწერ მეთქი, მაგრამ ვერ მომითმენია, შე გიჟო! რაზედ გამაგიჟე პატიოსანი დარბაისელი რექტორი. მე ვინა და შუაღამისას ქალთან წიგნების წერა: ამაზედ არი ნათქვამი გლეხური ანდაზა: ნუ შეხვალ, ნუ იბანებთ, ნუ გამოხვალ და ნუ თრთიო.”

1863 წელი

“ჩემო კარგო და სანახავად სანატრელო ოლიკო! ამ უკანასკნელს დროს ძალიან გამოინადირე შენს ქმარზედ. მას წინათ მომწერე, რომ მე ვითომ გაზილა უფრო მახსოვდეს, ვიდრე შენ. ახლა მწერ, შენაო ჩემს წიგნებს არა კითხულობთო,ამიტომაც არც ერთხელ პასუხს არა მწერო. არ ვიცი, ამგვარი საყვედურები საიდან და როგორ დავიმსახურე. შენ რომ იცოდე, რა რიგად მაწუხებს ხოლმე ამისთანა საყვედურები, შემირიგდებოდი და არ მომწერდი. ამას იმიტომ კი არ გწერ, რომ გაწყენინო ან მე შენზე ძალიანა ვჯავრობდე, მე მარტო იმის თქმა მინდოდა, რომ ალერსი მიჭირდა ამ ჩემს მდგომარეობაში და არა საყვედური. მერე საყვედური იმისთანა, რომელსაც არა რაიმე საფუძველი არა აქვს. დაიცა, მოვალ მანდ და ყველაფერში გავსწორდებით, ჩემო კუკლუშკი!”

1874 წელი

“ჩემო გვრიტო ოლიკოჯან! გაიხსენე, ჩემო ანგელოზო, რას გწერდი ჩემს სიღარიბეზე, ჩემს უჩინობაზე და ასე შემდეგ… მე არც ისე ღარიბი ვარ, როგორცა გწერდი. მე აღმომაჩნდება ჩვენი ცხოვრებისთვის სახსრები, ვიცხოვრებთ ისე, როგორც მრავალნი ცხოვრობენ, მაგრამ მე ვცდილობდი, უფრო ღარიბად მეჩვენებინა თავი, ვიდრე ნამდვილად ვარ. იცი რატომ? იმიტომ, რომ თუ ასეთი უბრალო რამ შეგაშინებდა, შეგეძლო მაშინვე უარი გეთქვა ჩემთვის. მე ასეთი ცოლის ყოლას არ მოვინდომებდი. გარდა ამისა, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ შენ ადამიანს უყურებ არა როგორც ოქროებით გატენილ ზანდუკს ან ჯვრებითა და ვარსკვლავებით მორთულს აბრას, არამედ, როგორც ღვთის მიერ შექმნილს არსებას, რომელშიც უპირველესად ყოვლისა მისი სული უნდა მზიანობდეს. დიახ, ოლიკოჯან, შენ ისე კარგი იყავი, რომ დამარწმუნე კიდეც იმაში, რაშიც ადრე მინდოდა დარწმუნება, ამით ისე მიმაჯაჭვე, რომ ვერავითარი ძალა ვეღარ დამაშორებს შენგან, რა თქმა უნდა, შენ თვითონვე თუ არ მოისურვე… მე შენი ვარ ყოველგვარ ფათერაკში, უბედურებაში, სიღატაკეში, მანამდე, სანამ შენ მე თავისად მიგულებ. შენი სამუდამოდ ილიკო, გაკოცებ მრავალჯერ!”