მსოფლიო “ჯოჯოხეთის გზაზე” – ეგვიპტეში კლიმატის ცვლილებაზე საქართველოს სტრატეგია მოისმინეს
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა გააჩნია და მისი 85% პროცენტი განახლებად წყაროებზე მოდის.
ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ-ელ-შეიხში გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენცია (COP27) გაიმართა, სადაც მსოფლიო ლიდერები შეიკრიბნენ. შეხვედრის მიზანი მსოფლიო კლიმატზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის, რუსეთ-უკრაინის ომის, ენერგოკრიზისებისა და ეკონომიკური არასტაბილურობის გავლენის განხილვა იყო.
კლიმატის სამიტის გახსნისას, გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიო “კლიმატის ჯოჯოხეთის გზაზე” დგას.
“კაცობრიობას აქვს არჩევანი: ითანამშრომლოს ან დაიღუპოს. დრო იწურება. ჩვენ ჩვენი სიცოცხლისთვის ბრძოლაში ვართ და ვმარცხდებით. კაცობრიობამ უნდა ითანამშროლოს ნახშირბადის ემისიების შესამცირებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში ბნელი მომავლის წინაშე აღმოჩნდება”, – განაცხადა გუტიერეშმა.
ამასთან, ანტონიო გუტიერეშმა ისაუბრა განვითარებადი ქვეყნების ინიციატივაზე, რომელიც განვითარებული ქვეყნების მიერ კლიმატის ცვლილებების ზიანის ანაზღაურებას ეხება.
დაბალგანვითარებული ქვეყნების ლიდერები ფიქრობენ, რომ სახელმწიფოები, რომლებიც ნახშირბადის ემისიების მაღალი რაოდენობით გამოირჩევიან, მსოფლიოს კომპენსაცია უნდა გადაუხადონ. გუტიერეშმა მაღალგანვითარებულ ქვეყნებს სთხოვა დაეხმარონ განვითარებად ქვეყნებს ემესიების შემცირებაში. რათა დაიცვან ისინი კლიმატის ცვლილებების გარდაუვალი ზემოქმედებისგან.
“მსოფლიოში ორ უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებს, აშშ-სა და ჩინეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ ერთობლივად იმოქმედონ, რათა ეს მიზანი რეალობად აქციონ”, – განაცხადა გაეროს გენმდივანმა.
სამიტს არ ესწრებოდა არც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და არც ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, მაშინ როდესაც ჩინეთი სითბური გაზების გამოყოფით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
ჯო ბაიდენი, რომლის სახელმწიფო მეორე ადგილზეა ნახშირბადის ემისიების გამოყოფის წილით, კონფერენციას კვირის ბოლოს შეურთდება. მიზეზი აშშ-ის შუალედური არჩევნებია.
გაეროს გენერალურმა მდივანმა სახელმწიფოებს მიმართა წიაღისეული საწვავიდან (გაზი, ნავთობი, ქვანახშირი) ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლა დააჩქარონ.
რაზე ისაუბრებს მსოფლიოს ლიდერმა სახელმწიფოებმა 27-ე კონფერენციაზე?
რუსეთ-უკრაინის ომის კლიმატზე დრამატულ გავლენაზე ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა. მისი თქმით, ენერგოკრიზისის მიუხედავად, ყველა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს თავიანთი ვალდებულებების შესრულება კლიმატის დაცვასთან დაკავშირებით.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანია 2025 წლისთვის კლიმატის საერთაშორისო დაფინანსებაში წვლილს გაზრდის ყოველწლიურად 6 მილიარდ ევრომდე. ამასთან, გერმანია 170 მლნ ევროს გამოყოფს კლიმატის კატასტროფებით გამოწვეული ისეთი ზიანის შესამცირებლად, როგორიცაა გვალვა, წყალდიდობა, ქარიშხალი.
შოლცის თქმით, გერმანია 2045 წლისთვის კლიმატ-ნეიტრალური სახელმწიფო უნდა გახდეს.
“მეტი სიჩქარე, მეტი ამბიცია, მეტი თანამშრომლობა განახლებად ენერგიებზე გადასასვლელად”, – განაცხადა შოლცმა.
ბრიტანეთის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს ოპტიმისტური გამოსვლა ჰქონდა.
“ჩვენ შეგვიძლია კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლა გლობალურ მისიად ვაქციოდ, შეგვიძლიამ რომ შვილებს უფრო მეტად მწვანე პლანეტა დავუტოვოთ”.
გაერო-ს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მან მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ საუბრის დრო აღარ დარჩა, კლიმატის ცვლილება გამოწვევად იქცა და სახელმწიფოთა ლიდერები პასუხისმგებელი არიან კაცობრიობისა და მომავალი თაობებისთვის გამოსავლის პოვნაზე.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველომ კლიმატის ცვლილებების სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგია შეიმუშავა და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც გაიწერა მომდევნო წლების განმავლობაში. საქართველო თავისი გრძელვადიანი და დაბალი ემისიის სტრატეგიით მიზნად ისახავს, 2050 წლისთვის ნახშირბადისადმი ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს მიაღწიოს ერთიანი ეროვნული და საერთაშორისო ძალისხმევით.
“მოვიდა დრო, გაერთიანებული ძალისხმევით უზრუნველვყოთ ჩვენი პლანეტის მომავალი. საჭიროა სწრაფი და შედეგზე ორიენტირებული ქმედებები. ამ სულისკვეთებით, საქართველო განიხილავს პარიზის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების საკითხს და მისი ეროვნულ დონეზე გაწერილი წვლილის გაზრდის ამბიცია აქვს 2025 წლისთვის. შევიმუშავეთ მეტად ყოვლისმომცველი სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმაც გაიწერა 2030 წლისთვის კლიმატის ცვლილებების ამბიციური დღის წესრიგის შემდგომი ხელშეწყობისა და შედეგების შერბილებისთვის”, – განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ენერგოსისტემა გააჩნია და მისი 85 პროცენტი განახლებად წყაროებზე მოდის. ღარიბაშვილის განცხადებით, ამ წილის შემდგომი ზრდა საქართველოს სტრატეგიული პრიორიტეტია.
“ვაგრძელებთ ისეთი არატრადიციული, განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარებას და მხარდაჭერას, რომელიც მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული და მდგრადი ენერგიის სხვა საშუალებებია. დარწმუნებული ვარ, ძლიერი ჩარჩოს შემუშავება და ქვეყნების მდგრადობის ზრდა, გახდება ჩვენი ამ მოლაპარაკებების შედეგი შარმ-ელ-შეიხში, თუმცა, ეს ძალისხმევა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ქმედითი, თუ განვითარებადი ქვეყნების პერსპექტივებს და კონტექსტს ყველა რეგიონში გაითვალისწინებენ”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
არსებობს შეშფოთება, რომ მსოფლიო 2030 წლისთვის გლობალური გამონაბოლქვის 45%-ით შემცირების ვალდებულებაზე უკან იხევს. ექსპერტების პროგნოზით, მიმდინარე ტენდენციების გათვალისწინებით, მსოფლიოში ნახშირბადის ემისიებით დაბინძურება 10%-ით გაიზრდება. ცნობისთვის, COP27 კლიმატის ცვლილებების თაობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი კონფერენციაა, რომელიც 1994 წლიდან ყოველ წელს იმართება და მასში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა მონაწილეობს.
ავტორი: ინგა ფუტკარაძე