ქუთაისი კატასტროფის ზღვარზე – მოსახლეობაში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება
ქუთაისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეა. გაუმართავი სავენტილაციო სისტემის გამო, მეტალურგიული ქარხნიდან მომწამლავი ნივთიერებები გამონაბოლქვის სახით, ღია სივრცეში იფრქვევა.
ქარხნიდან შავი ფერის კვამლი ამოდის დღისითაც და ღამითაც.
ქარხნის მიმდებარედ არსებული დასახლებების – ე.წ ავანგარდის, პასელოკისა და ნიკეას მოსახლეობა, უკვე 10 წელია პროტესტის არაერთ ფორმას მიმართავს. ადგილობრივები საუბრობენ მძიმე სუნზეც და მათ საცხოვრებელ სახლებთან ახლოს სიცოცხლისთვის საშიში პროცესის შეჩერებას ითხოვენ. საპროტესტო აქციებიც გამართეს, თუმცა, მოსახლეობის პროტესტზე არავინ რეაგირებს. გარემოს დაცვის სამინისტროდან დაჰპირდნენ ვითარებაში ადგილზე გარკვევას, მაგრამ მოსახლეობას ჯერჯერობით არავინ შეხვედრია.
სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფი – “ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა გვკლავს” არაერთ დაზარალებულ ადამიანს აერთიანებს. მოქალაქეები, ყოველდღიურად, ქარხნიდან მიყენებული ზიანზე ინფორმაციებს ერთმანეთს უზიარებენ.
ეკა ბერიძე 2 წელია, ქუთაისში, მეტალურგიული ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს. მასაც და მის შვილს ჯანმრთელობის პრობლემები ქუთაისში გადასვლისთანავე დაეწყოთ. არაერთი სიმპტომი გამოუვლინდათ – მოთენთილობა, ძილიანობა, ძვლების ტკივილი, ღებინების შეგრძნება, თავის ტკივილი, სიცხეები, ყურების შუილები. ექიმებს ხშირად სტუმრობდნენ, საბოლოოდ კი, ცუდად ყოფნის მიზეზი, სისხლში ტყვიის შემცველობის მაღალი მაჩვენებელი აღმოჩნდა.
“ეს გამონაბოლქვი ყოვედღიურად გვწამლავს და გვკლავს, ამბობენ ფილტრები გვაქვსო, რა აზრი აქვს? გადაუხარისხებელს ჩაყრიან პლასმასს და ამოდის ადგილზე კვამლი, სადაც ყრიან ფილტრამდე არც აღწევს. ორი წელია, რაც, აქ ვიყიდე ბინა. სულ ცუდად ვართ”, – ამბობს ეკა ბერიძე.
მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა ქარხნის ადმინისტრაციას, მაგრამ უშედეგოდ. მათგან ისმენენ მხოლოდ ერთ პასუხს: დაგვიმტკიცეთ, რომ გარემოს ვწამლავთ!
ჯანმრთელობის პრობლემებზე სხვა მცხოვრებლებიც საუბრობენ, უჩივიან დაბალ წნევებს, ხშირ თავის ტკივილებს. ყვებიან, რომ ბავშვები ძალიან ხშირად ხდებიან ცუდად. იყო შემთხვევა, როდესაც მოზარდმა გაკვეთილზე გონება დაკარგა, კიდევ ერთი ანალოგიური სიმპტომებით ქუჩაში გახდა ცუდად.
სოციალურ ქსელში არაერთი ვიდეო და პირდაპირი ჩართვა ვრცელდება ქუთაისის მეტალურგიული ქარხნიდან, სადაც კარგად ჩანს ქარხნის თავზე მასშტაბური დაკვამლიანება. მოქალაქეების თქმით, სამუშაოები ცუდ ამინდში მიმდინარეობს, რადგან იქ მცხოვრებლებს გამონაბოლქვის დანახვა გაუჭირდეთ, მაგრამ ჰაერის დაბინძურება იმდენად დიდია, რომ დაკვამლიანება უამინდობისასაც ადვილი შესამჩევია.
ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანაში სამუშაო პროცესი 2019 წელს განახლდა, როცა საწარმო მართვაში კომპანია შპს “ამბიკონ სტილსმა” აიღო. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში კარგად იციან, ვინ წამლავს ხალხს, თუმცა, დეპარტამენტის ერთადერთი ბერკეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაა, რაც დამრღვევისთვის ბარიერს, პრაქტიკულად, არ წარმოადგენს. ერთ-ერთი ასეთი ოქმი დეპარტამენტმა 30 მარტის მონიტორინგის დროს გამოწერა, როცა დადგინდა, რომ საწარმოს მიერ ჰაერში გაფრქვეული მავნე ნივთიერებების რაოდენობა დასაშვებ ნორმას აღემატებოდა. ოქმის შედგენა და დაჯარიმება რომ მსხვილი საწარმოებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ეს ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის მაგალითზეც კარგად ჩანს. უსაფრთხო სამუშაო გარემოს ითხოვდნენ საწარმოს თანამშრომლებიც, რომლებმაც 2020 წელს აქციაც მოაწყვეს და პროტესტის ნიშნად 6 დღე იშიმშილეს.
მედია სააგენტო “24” კომპანია “ამბიკონ სტილსს” დაუკავშირდა. კომპანიის თანამშრომელი გვიხსნის, რომ მათი საქმიანობით ბიუჯეტში მილიონობით ლარი შედის და რამდენიმე ადამიანის პრეტენზიების გამო, კომპანიას არავინ დახურავს. ამ საუბრის შემდეგ კომპანიის მმართველ რგოლს, “ამბიკონ სტილის” კორპორატიულ საქმეთა მენეჯერს, ნათია სულაკაძეს დავუკავშირდით.
“რა თქმა უნდა, კომპანიის მენეჯმენტი იცნობს პრობლემას და მოსახლეობა ძირითადად აპელირებს, რომ ქარხანა უნდა დაიხუროს, მაგრამ ამას 2 ადამიანი არ წყვეტს და ეს დიდი პროცესია. ჩვენ გვესმის, რომ ხშირ შემთხვევაში იყო დაკვამლიანება, მაგრამ 2-3 თვის წინ რაც იყო, იმასთან შედარებით დღეს მდგომარეობა გაუმჯობესებულია. დიდი სამუშაოები გავწიეთ იმისათვის, რომ უკეთესი მდგომარეობა ყოფილიყო”, – აცხადებს ნათია სულაკაძე.
კომპანიაში არ უარყოფენ, რომ მათი საწარმო გარემოს აბინძურებს, რომ დაკვამლიანების და გამონაბოლქვის ფაქტები არსებობს და ამას ვერსად გავექცევით, თუმცა, კომპანიის საქმიანობის შეჩერების აუცილებლობას, ვერ ხედავენ.
ნათია სულაკაძის თქმით, ბავშვებში ტყვიის მაღალი მაჩვენებელი სხვა ქალაქებშიც ფიქსირდება. ის აღიარებს, რომ გამონაბოლქვი და დაკვამლიანება ტყვიის შემცველობას ზრდის ჰაერში, თუმცა, მეორე შემთხვევაში გვეუბნება, რომ საერთოდ გასარკვევია, არის თუ არა ქარხნიდან გამოსულ კვამლში ტყვია.
კომპანია ექსპერტის ძიების პროცესშია, რომ რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანის მაჩვენებელი. საწარმოს გაჩერება კი, არ განიხილება.
ამის შემდეგ დავინტერესდით, თუ, რა პრევენციულ ღონისძიებებს მიმართა სახელმწიფომ, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად. პირველ რიგში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტს დავუკავშირდით. დეპარტამენტში გვეუბნებიან, რომ ამ საკითხებზე კომენტარის გაკეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ევალება, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩვენს კითხვებზე პასუხები არც ამ დეპარტანმენტში აქვთ.
დავინტერესდით ქუთაისის მერიის როლზე და მონაწილეობაზე ამ პროცესებში. როგორც მოსახლეობა ამბობს, მერი იოსებ ხახალეიშვილი მხოლოდ განსაკუთრებულ დღეებში არის მოქალაქეების გვერდით. მაგალითად, კალათბურთში გამარჯვებას დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავს, უფრო პრობლემატურ საკითხებში კი, მოქალაქეების გვერდით არ არის.
როგორც მედია სააგენტო “24”-თან საუბრისას მოქალაქეები ამბობენ, აღნიშნულ პრობლემაზე მერიას წერილობით არაერთხელ მიმართეს, თუმცა ყურადღებას არავინ იჩენს.
ქუთაისის მერიაში გვიხსნიან, რომ ინფორმირებულები არიან პრობლემასთან დაკავშირებით და ყველაფერს აკეთებენ მოსახლეობის დასახმარებლად, თუმცა, მათი აქტივობის შედეგს, ვერც ქუთაისელები ხედავენ და ჯერჯერობით, ვერც ჩვენ – ჟურნალისტები.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში “ჯანმოს” ინიციატივით, ყოველი წლის ოქტომბერში იმართება საერთაშორისო კვირეული “ტყვიის მოშხამვის პრევენციის მიზნით”, რომლის ფარგლებში ვრცელდება მკაცრი რეკომენდაციები იმაზე, თუ რა პროდუქტებით უნდა იკვებონ ბავშვები, რათა უზრუნველვყოთ ორგანოების უფრო მეტად გაჯანსაღება და იმუნიტეტის განმტკიცება.
როგორც გარემოსდაცვითი-ეკოლოგიური ასოციაცია “დეას” თავმჯდომარე თამარ მალანიამ გვითხრა, ზოგადად, არ არსებობს ტყვიის უსაფრთხო დონე. ტყვია ორგანიზმში მოხვედრისთანავე ნაწილდება ტვინში, ღვიძლში, თირკმელში და ძვალში. ის ადამიანის ორგანიზმში ოთხი გზით ხვდება: ინდუსტრიული, კოსმეტიკური, საკვები და საყოფაცხოვრებო. ტყვია არის კუმულაციური თვისების მქონე ტოქსიკური მეტალი, რომელიც მოქმედებს ადამიანის ორგანოთა სისტემაზე და განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ უკვე არსებობს ტექნიკური რეგლამენტი საღებავებში ტყვიის შემცველობაზე, რომელიც ძალაში 2023 წლის პირველი ივლისიდან შევა. იქ არის გაწერილი ის ტექნიკური საკითხები, რომლებიც სხვადასხვა სამრეწველო კომპანიებმა უნდა დააკმაყოფილოს, რომ მინიმუმდე იყოს დაყვანილი ჰაერში ტყვიის შემცველობა.
ქუთაისში არსებული ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს რაც შეეხება, თამარ მალანიას ინფორმაციით, ფაქტობრივად, არ არსებობს კვლევა ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის ირგვლივ და ამ პრობლემაზე ინფორმაციას არც ადგილობრივი გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლები ფლობენ. ვიცით, რომ სამრეწველო სექტორი და განსაკუთრებით, მსაგვსი ქარხნები ჰაერის დაბინძურების მიმართულებით სავალალო შედეგებს დებენ, სწორედ, ამიტომ, კვლევების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, კარგი იქნება, დღის წესრიგში დადგეს და გამოიკვლიონ, რამდენად საფრთხის შემცველია ქარხნის ფუნქციონირება.
ვინ არის პასუხისმგებელი ქუთაისელების უსაფრთხოებაზე და როდის დაინტერესდებიან ამ პრობლემით? – ამ კითხვებზე პასუხი “24”-მა ვერავისგან მიიღო. სახელმწიფო მანკიერ პოლიტიკას, არც ამ შემთხვევაში ცვლის. გაუცემელი კითხვების სერია კი მოქალაქეებში პროტესტის დიდ ტალღას ქმნის. კომპანია “ამბიკონ სტილსის” უკან მდგომი მთავრობა დუმს და მოვლენების განვითარებას თვალს მშვიდად, ჩრდილიდან ადევნებს.
მაშინ, როდესაც, ეგვიპტეში, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი კლიმატის ცვლილებების სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიებით ამაყობს, ჩვენი ქვეყანა, სინამდვილეში, ძალიან მწვავე და სერიოზული პრობლემის წინაშე დგას.
ავტორი: ელენე ვადაჭკორია