ევროპარლამენტის კომპრომისულ რეზოლუციაშიც კი “ქართული ოცნება” კრიტიკის ობიექტია
საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მთელი რიგი ვალდებულებები აქვს შესასრულებელი. ამას ემატება ის 12-პუნქტიანი მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად უნდა შეასრულოს.
გუშინ, 8 ნოემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე იმსჯელეს. ანგარიში “ევროპის სოციალისტური პარტიიდან” სვენ მიკსერმა წარადგინა. ცნობისთვის, “ქართული ოცნება” ევროპარლამენტში სწორედ “ევროპის სოციალისტური პარტიის” ჯგუფში შედის.
ევროპარლამენტის დეპუტატებმა 47 ხმით 5-ის წინააღმდეგ, 220 შესწორების საფუძველზე, საქართველოს შესახებ კომპრომისული რეზოლუცია მიიღეს. საინტერესოა რა ჩაიწერა რეზოლუციის ტექსტში?
როგორც ოპოზიცია და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედია ვარაუდობდა, ტექსტში ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად არ არის მოხსნიებული და ევროპარლამენტი არც მის დასანქცირებას ითხოვს. თუმცა რეზოლუციის ტექსტში მკაფიოდ წერია, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული ინტერესების ზეგავლენის საკითხი უნდა გადაიჭრას. ამასთან დეოლიგარქიზაცია პრიორიტეტულ მოთხოვნად რჩება ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.
“ევროპარლამენტი რეკომენდაციას იძლევა გადაიჭრას გადაჭარბებული ინტერესების ზეგავლენის საკითხი, განსაკუთრებით ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში, სისტემურად, სტრუქტურული და მარეგულირებელი რეფორმებით, ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში”, – ვკითხულობთ ევროკავშირის რეზოლუციაში.
რეზოლუციის ტექსტში საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ევროდეპუტატები მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებას ითხოვენ.
მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მედიაგარემოსა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალ მართლმსაჯულებას, რაც საქართველოს დემოკრატიას აფერხებს. რეზოლუციაში საუბარია პატიმრობაში მყოფ ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენდირექტორ ნიკა გვარამიაზე, “ტვ პირველისა” და “ფორმულას“ წარმომადგენლებზე.
“ევროპარლამენტი ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ 2022 წლის 2 ნოემბერს, სააპელაციო სასამართლომ ნიკა გვარამიას განაჩენი ძალაში დატოვა”, – ვკითხულობთ დოკუმენტში.
პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მაგალითად დასახელებულია ე.წ. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე. ბადრი ჯაფარიძისთვის საპარლამენტო მანდატის ჩამორთმევა ევროდეპუტატების თქმით, პოლარიზაციას აღრმავებს.
საქართველოს შესახებ რეზოლუციაში საუბარია დეპოლარიზაციაზეც. ევროპარლამენტი წუხილს გამოთქვას, რომ მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღო, როცა შეთანხმება პოლარიზაციის შემცირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა.
ანგარიშში ყურადღება ეთმობა, ასევე, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობას. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ნაკლოვანებების აღმოფხვრასა და ეუთო-ოდირის რეკომენდაციების შესრულებას. აღნიშნულია წუხილი, იმაზეც, რომ “ქართულმა ოცნებამ” მათ მიერ შექმნილ საარჩევნო რეფორმის ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” (ISFED) არდაშვებაზე.
ინგა ფუტკარაძე