“საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ნიშნავს, ვესროლოთ ჩვენს მოქალაქეებს”
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა საქართველოს ომში ჩართვას ცდილობდა, როდესაც აცხადებდა, – შედით აფხაზეთსა და ოსეთშიო!
მისივე თქმით, საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა ნიშნავს ომის დაწყებას საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ.
“უკრაინის ხელისუფლებამ არ იცის, რომ საქართველოს მიერ საომარი მოქმედებების დაწყება, ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის სროლაა”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ ინტერნეტ ტელევიზია “პალიტრას” ეთერში.
რამაზ საყვარელიძის მოსაზრებით, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის მიზეზი არ იყო არა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების პაკეტი, არამედ გეოგრაფია.
“იგივე პუნქტები იყო უკრაინასა და მოლდოვასთანაც. იმ პერიოდში, როცა უარი გვითხრეს, გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ჩავიდნენ ზელენსკისთან, რუსეთთან მოლაპარაკებებზე დაყოლიების მიზნით, სწორედ მაკრონმა თქვა საქართველო სხვა ტერიტორიაა, ევროპა არ არისო”, – აცხადებს პოლიტოლოგი.
დეკემბერში საქართველო ევროკომისიისგან საბოლოო პასუხს ელოდება, მიიღებს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს მხოლოდ ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.
სალომე ხომასურიძე