ამ პარტიებს რომ ირჩევდი, რისი იმედი გქონდა, ამომრჩეველო?!
გაყალბებისა და საარჩევნო დარღვევების მიუხედავად, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო არჩევნებზე მისული ადამიანების უმრავლესობამ, ხმა მაინც „ოცნებას“, „ნაციონალებს“, მათ სატელიტებს და იმ გამყიდველ პარტიებსა თუ პოლიტიკოსებს მისცა, რომლებსაც დიდი ხანია, თავიანთი საქმით ყველა კარგად იცნობს.
არადა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე 50 პარტია იყო წარმოდგენილი და, შესაბამისად, ამომრჩეველს ფართო არჩევანი ჰქონდა. ვერავინ იტყვის, სხვისთვის ხმა რომ მიმეცა, მაინც დაიკარგებოდაო, მხოლოდ 1%-იანი ბარიერი იყო გადასალახი, შესაბამისად, პარლამენტში მოხვედრა ბევრ ახალ და მცირებიუჯეტიან პარტიას შეეძლო.
მთავარი კითხვაა: ვინც ხმა მიეცით „ქართულ ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“ თუ სხვა მედროვე პარტიებს, რისი იმედი და მოლოდინი გქონდათ, მეგობრებო?! თუ ხმა საკუთარი სარგებლის გამო მიეცით, ამას გამართლება არ აქვს, რადგან ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა იფიქრო, არამედ სულ ცოტა ქვეყანაზე და სხვებზეც, მაგრამ განსაკუთრებით გაუგებარია ათასგვარ პრობლემაში ჩავარდნილი ადამიანების არჩევანი, ვისთვისაც ყოველდღიურობად იქცა სიღატაკე, უმუშევრობა, დაბალი ხელფასები, პენსიები, ლომბარდები, გაუთავებელი სხვადასხვა ვალი, უსახლკარობა, უბინაობა, მკურნალობისთვის საჭირო სახსრების უქონლობა და ა.შ. ამიტომაც არის გასაკვირი და ყოველგვარ ლოგიკას მოკლებული ის ფაქტი, რომ რატომღაც ჯერ კიდევ ამომრჩევლის დიდი ნაწილი არჩევნებზე ხმას აძლევს „ოცნება-ნაციონალებს“, მათ სატელიტებს ან სხვა უვარგის პარტიებს, ანუ სწორედ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც გაუსაძლისი ვითარება შექმნეს ქვეყანაში, რომლებიც, სულ ცოტა, მათ დღემდე თითქმის არაფრით დახმარებიან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებაში.
ამასობაში კი „ოცნება-ნაციონალების“, მათი სატელიტი თუ სხვა მოღალატე პარტიების ლიდერები სწორედ ხალხის – ჩვენს ხარჯზე, რბილად რომ ვთქვათ, სოლიდურად გამდიდრდნენ. ეს მათი ქონებისთვის თვალის ერთი გადავლებითაც ნათელია. ამ გამყიდველი პარტიებისთვის ხმის მიცემით, ხომ იცით, „100 წელი“ არც სიღარიბე აღმოიფხვრება, არც უმუშევრობა, არც დაბალი ხელფასები და პენსიები, არც ვალები, არც უსახლკარობა, არც მკურნალობის ძვირი ხარჯები და არც სხვა გასაჭირი.
მაშინ, რატომ იღუპავთ თავს, ადამიანებო?! – საკუთარ თავს უთხრით სამარეს, მაგრამ რატომ?! – ამ პარტიებს რომ ირჩევდი, რისი იმედი გქონდა, ამომრჩეველო?!
საჯარო მოხელეებს რისი იმედი გაქვთ, რომ კარგ ხელფასს მოგცემენ?!
სოციალურად დაუცველებს რისი იმედი გაქვთ, რომ კარგ დახმარებას მოგცემენ?!
პენსიონერებს რისი იმედი გაქვთ, რომ კარგ პენსიას მოგცემენ?!
უმუშევრებს რისი იმედი გაქვთ, რომ დაგასაქმებენ?!
ვალებში ჩამხრჩვალ ხალხს რისი იმედი გაქვთ, რომ ესენი ხელს შეგიწყობენ ამ ვალების დაფარვაში?!
უსახლკაროებს რისი იმედი გაქვთ, რომ ვინმე სახლებს აგიშენებთ?!
ავადმყოფებს რისი იმედი გაქვთ, რომ ვინმე მკურნალობას გაგიიაფებთ?!
მცირე მეწარმეებს რისი იმედი გაქვთ, რომ ვინმე დახმარების ხელს გამოგიწვდით?!
„100 წელი“ ვერ ეღირსებით ამას „ოცნება-ნაციონალების“, მათი სატელიტი თუ სხვა მედროვე პარტიების ხელში. როგორც ძაღლს ნასუფრალ ძვლებს, ისე გადმოგვიგდებენ მათხოვრულად მცირეოდენს, ამასობაში კი, წლები გადის და შემდეგ ჩვენი მხოლოდ ძვლებიღა თუ დარჩება საფლავში.
მეგობრებო, რაც გვჭირს? გარდა ყალბი პოლიტიკოსებისა და გამყიდველი პარტიებისა, ჩვენი ბრალიცაა, ჩვენი არასწორი აზროვნების და არასწორი არჩევანის შედეგი. იმედია, მომავალში, როდესაც საარჩევნო ყუთებთან მივალთ, ასე ადვილად არ მოვტყუვდებით, სწორ არჩევანს გავაკეთებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თითოეული ჩვენი დაუფიქრებელი ნაბიჯი ბუმერანგივით კვლავ უკან მოგვიბრუნდება და ამასობაში, წლები თვალსა და ხელს შუა გაირბენს.
გიორგი ჩახაია
მედია სააგენტო “24”-ის დამფუძნებელი