სიკვდილით დასჯა საქართველოში 11 ნოემბერს გაუქმდა
1997 წლის ნოემბერში, როდესაც საქართველო ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 160 წლისთავს აღნიშნავდა, პარლამენტმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და 11 ნოემბერს სიკვდილით დასჯა გააუქმა.
ამ გადაწყვეტილებით მაშინ პარლამენტმა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ინიციატივას დაუჭირა მხარი.
სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანა, 1996 წლიდან, თითქმის შეჩერებული იყო. 1997 წლის 25 ივლისს, პრეზიდენტმა 54-ვე სიკვდილმისჯილი შეიწყალა, რომელთა უმრავლესობა მსჯავრდებული იყო დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისათვის. შეწყალებულთა სიაში სხვა 1400-მდე პატიმარიც მოხვდა. სიკვდილით დასჯის ოფიციალურად გაუქმების შემდეგ,
1997 წლის ნოემბრის თვის ქართული გაზეთების ფურცლებზე, პირდაპირ თუ ირიბად, სიკვდილით დასჯის გაუქმებისადმი მიძღვნილ სტატიებს, ილია ჭავჭავაძეს უკავშირებდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხის მიმართ, როგორც ილიას, ასევე მის მეუღლეს – ოლღას, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ.
როდესაც ილიას მკვლელებს, მეფის რუსეთის სამხედრო სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, ოლღა გურამიშვილმა საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ მას ილიას მკვლელების დახვრეტა არ სურდა.
„სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სულიერი ძალ-ღონე და ღვთის მიერ მასზე მოვლენილი მაღალი ნიჭი, შესწირა ადამიანის სულში, ადამიანური გრძნობის, კაცთა შორის სიყვარულის განმტკიცებას. მე ღრმად მრწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა იმათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს და მათ თავის უბედურ, გზადაბნეულ ძმებად მიიჩნევდა. დღეს კი, საქართველოს ერის სულიერ ცხოვრებაში, ჩემი ქმრის თხოვნა, იმის მკვლელთა სიკვდილით დასჯით დაიჩრდილება. ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს იმ ღვაწლს სიყვარულისას, ცხოვრების მასწავლებელ ქრისტეს იმ საუკუნო მცნებას, რომლითაც ცოცხლობდა ჩემი განსვენებული ქმარი. მოგმართავთ თქვენ, გულწრფელისა და მხურვალე თხოვნით, ნუ დაამტკიცებთ სასამართლოს განაჩენს ამ უბედურთა სიკვდილით დასჯის შესახებ“, – წერდა ოლღა გურამიშვილი.
საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმებას მხარი საქართველოს IV მოწვევის პარლამენტის 148 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი, 1 დეპუტატი იყო. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაშინ პარლამენტი 235 დეპუტატისგან შედგებოდა, კენჭისყრაში მონაწილეობა კი, როგორც შედეგიდან ჩანს, მხოლოდ 149 დეპუტატმა მიიღო.
საქართველოში სიკვდილით დასჯის გაუქმების შესახებ, კანონის მიღების პროცესში იმ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ, რომ ადამიანის სიცოცხლე, უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს. გარდა ამისა, გვერდს ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან ჰუმანურ ტრადიციებსაც ვერ აუვლიდნენ. ასევე, ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საქართველო მაშინაც მიიწევდა „ევროპულ ოჯახში” ინტეგრაციისკენ და ამისთვის, სიკვდილით დასჯის გაუქმება, აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.
1996 წლის 10 დეკემბერს, საქართველოში, სიკვდილით დასჯის აღსრულებაზე მორატორიუმი გამოცხადდა. ცნობილია, რომ ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ, ბოლო სიკვდილით დასჯის განაჩენი, 1996 წლის 16 თებერვალს, მკვლელობისთვის გამოიტანა.
1997 წლის 11 ნოემბრის ამ ისტორიული გადაწყვეტილების ოფიციალური და მთავარი ინიციატორი, საქართველოს მაშინდელი, რიგით მეორე პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე გახლდათ.
„ჩვენი კანონმდებლობის განვითარების ამგვარი ტენდენცია შეესაბამება მსოფლიო ქვეყნების პრაქტიკას, მეტადრე კი, ქართული სამართლის ტრადიციებს, მართლმადიდებლურ კულტურას“, – წერია ედუარდ შევარდნაძის მიერ, პარლამენტისთვის გაგზავნილ მიმართვაში.
1960 წლის 30 დეკემბერს მიღებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სიკვდილით დასჯას (დახვრეტას), დანაშაულის, დაახლოებით, 33 სახეობა ითვალისწინებდა, აღნიშნულ დანაშაულთა რიცხვი 1991 წლიდან, 7-მდე შემცირდა. სიკვდილით – დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაზე, სამშობლოს ღალატსა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებაზე – სჯიდნენ.
საბჭოთა კავშირში, რომლის ნაწილი 1921-1991 წლებში, საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო, 1962 წლიდან 24 422 სასიკვდილო განაჩენი გამოიტანეს, რომელთა უმრავლესობა აღსრულდა. საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსი კანონში გამონაკლისსაც უშვებდა. სიკვდილით დასჯის არასრულწლოვნებისთვის მისჯა არ შეიძლებოდა.
კანონი ასევე ითვალისწინებდა ქალებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ან განაჩენის გამოტანის მომენტისათვის ან და, აღსრულების დროს, ორსულად იყვნენ. საქართველოში სიკვდილით დასჯის განაჩენის აღსრულება ე.წ. ორთაჭალის ციხეში, სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულების ადმინისტრაციულ კორპუსში ხდებოდა. ყველა ინსტანციის დასრულებიდან, არა უგვიანეს 5-დღეში.
აღსრულების პროცესს, ზედამხედველი პროკურორი, იზოლატორის უფროსი, ექიმი და შემსრულებელი – ჯალათი ესწრებოდნენ. სიკვდილით დასჯის აღსრულების დროს, პატიმარს „მაკაროვის“ სისტემის იარაღიდან, თავში ესროდნენ. საბჭოთა კანონმდებლობით, დახვრეტილის გვამი ოჯახის წევრებს არ გადაეცემოდათ. აღსანიშნავია, რომ გვამის დამარხვის ადგილს, სახელმწიფო საიდუმლოდ ტოვებდა.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სიკვდილით დასჯის კანონს, არც ჩვენი წინაპრები მიესალმებოდნენ. ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში, როდესაც საქართველოს თამარ მეფე მართავდა, სიკვდილით დასჯა აკრძალული იყო. სწორედ თამარის ეპოქა იწოდება ქართული ისტორიის ,,ოქროს ხანად”, როდესაც ეროვნული სამართლებრივი თვითშეგნება და ჰუმანურობა უპირველეს საფეხურზე იდგა.
ავტორი: სალომე ხომასურიძე