შვეიცარიაში კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა გაიხსნა

ქართველი ენათმეცნიერის, ქართველოლოგისა და პროფესორის, კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა, ციურიხში იმ შენობის ფასადზე გაიხსნა, სადაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 1963 წლამდე ცხოვრობდა.

იმავე შენობაში, ქართული გამომცემლობა “ამირანი” მდებარეობდა. “ამირანში” კიტა ჩხენკელის ჩამოსხმული სასტამბო შრიფტით, მისივე ნაშრომები და ქართული ლიტერატურის სხვა ნიმუშები, იბეჭდებოდა.

ციურიხში კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ციურიხის უნივერსიტეტის პრეზიდენტ მიხაელ შეფმანთან ერთად გახსნა. ღონისძიებას შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი რევაზ ლომინაძეც დაესწრო.

მიხეილ ჩხენკელმა ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, კიტა ჩხენკელის ღვაწლზე ისაუბრა და საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების გაღრმავებაში მის მიერ შეტანილი წვლილი აღნიშნა.

„ გამოჩენილი ქართველი ენათმეცნიერის, ციურიხის უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, პროფესორ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფა აქ, ციურიხში სწორედ იმ სახლის ფასადზე განთავსდა, სადაც ენათმეცნიერი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა”, – განაცხადა მინისტრმა.

პროფესორი კიტა ჩხენკელი მსოფლიოში აღიარებული ლინგვისტი იყო, რომელიც ევროპელებისთვის საქართველოს მდიდარი ისტორიის გაცნობაზე ოცნებოდა და უნდოდა, რომ მათ ქართული ენაც შეესწავლათ. დაუღალავი შრომისა და თავდადების შედეგად, კიტა ჩხენკელის ოცნება ასრულდა და მისი ძალისხმევით, ციურიხის უნივერსიტეტში, ქართული ენის კათედრა შეიქმნა, რომელიც მალევე ქართველოლოგიის მძლავრ ცენტრად იქცა და უმაღლესი რანგის შვეიცარიელი სპეციალისტები აღზარდა.

როგორც განათლების მინისტრი აცხადებს, ყველაფერს გააკეთებს იმისaთვის, რომ ციურიხის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის პროგრამა აღდგეს და განვითარდეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია კიტა ჩხენკელის დამსახურება ქართულ-გერმანული ლექსიკონის გამოცემაში, რაც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა ქართველოლოგიის ისტორიაში.
კიტა ჩხენკელმა, საკუთარი სამეცნიერი საქმიანობით, საქართველოსა და შვეიცარიას შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა.

2022 წელს საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე აღინიშნება. სიმბოლურია ისიც, რომ კიტა ჩხენკელის მემორიალური დაფის გახსნა ამ მნიშვნელოვან თარიღს მიეძღვნა.

“მემორიალური დაფა უკვდავყოფს პროფესორ კიტა ჩხენკელის ხსოვნასა და ფასდაუდებელ მემკვიდრეობას“, – განაცხადა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

სალომე ხომასურიძე


ახალი სასწავლო წლიდან, მოსწავლეები ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობამ უკვე 1800 ბიბლიოთეკა განაახლა

,,ივანე ჯავახიშვილისა და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანის ეპისტოლური მემკვიდრეობა“ – წიგნი, რომელიც ქართველ მეცნიერს განსხვავებულ ჭრილში გაგვაცნობს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

პოდკასტი