სიკვდილი სწავლისთვის – ავღანეთში განათლებული ქალები ტერორისტების სამიზნეები ხდებიან
„ყველა ღირსეულმა ავღანელმა ქალმა ჰიჯაბი უნდა ატაროს! საუკეთესო ჰიჯაბი ჩადრია, ეს ჩვენი ტრადიციის ნაწილია და პატივი უნდა ვცეთ!“, – თალიბანის მაღალჩინოსანი შირ მოჰამადი.
ავღანეთი, ცენტრალურ აზიაში მდებარე ისლამური სახელმწიფო, სადაც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს სახელმწიფო არ ცნობს. ამის ერთ-ერთი მიზეზია მისი მმართველი რეჟიმის – „თალიბანის“ დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ამ სახელმწიფოში ქალის უფლებები განსაკუთრებულად შეზღუდულია და მაქსიმალურად ცდილობენ მმართველობა ძალაუფლებით, შიშით, მკვლელობით და რელიგიური მანიპულაციებით შეინარჩუნონ. არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად, თალიბანი 21-ე საუკუნეს ავღანეთში შესვლის საშუალებას არ აძლევს.
ავღანეთში ქალად დაბადება უკვე ვიღაცის კუთვნილებაში ყოფნასა და თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს. თალიბანის დეფაქტო ხელისუფლებამ ქალთა შევიწროების არაერთი წესი დაამკვიდრა. ამჯერად კი, განათლებაზე შევაჩერებთ ყურადღებას. გახშირდა შემთხვევები, როცა თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის ობიექტი სწორედ ის ქალები ხდებიან, რომლებიც განათლებას ეუფლებიან. სხვა რა ვერსია უნდა გაჩნდეს, როდესაც თვითმკვლელი იქ იფეთქებს თავს, სადაც სტუდენტი გოგონების თავშეყრის ადგილია.
ქვეყნის მმართველმა სისტემამ ავღანელ გოგონებს არაერთხელ წაართვა სწავლა-განათლების უფლება. მიაჩნიათ, რომ გოგონების დანიშნულება სწავლა არ არის, განსაკუთრებით მეექვსე კლასის ზემოთ, მაშინ, როცა ქალურ სიმწიფეს აღწევენ. ქალების და მამაკაცების ცალ-ცალკე სასწავლო გარემოში ყოფნა, ავღანეთის ერთ-ერთი შტამპია. აუცილებელია, რომ გოგონების და ბიჭების სკოლაში ან უნივერსიტეტში მისვლის დრო, მკაცრად კონტროლდებოდეს და ამ ორი სქესის წარმომადგენლები ერთმანეთს შორიდანაც ვერ ხედავდნენ. ეს აკრძალვა ვრცელდება ლექტორ-მასწავლებლებზეც, რომლებიც გენდერის შესაბამისად მუშაობენ.
თანმდევ პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ რადგან ქალებს სწავლის საშუალებას არ აძლევდნენ ამიტომ, ქალი მასწავლებლებისა და ლექტორების დეფიციტიც გაჩნდა.
ავღანეთში, არავის უკვირს განათლების მიღების მსურველი გოგონების მიერ ქუჩაში გამართული დემონსტრაციები და პროტესტის გამო მოკლული ადამიანების გვამების ნახვა. აქ, რეჟიმის წინააღმდეგ წასვლა სიკვდილის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, დემონსტრაციებზე ბევრი ხალხი არ გამოდის. ამის ერთადერთი მიზეზი არის შიში, რომ მათი ოჯახის წევრები დაკარგავენ სამუშაოს და შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ავღანეთის მოსახლეობისთვის ეს ნომერ პირველი პრობლემაა. ავღანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი სახელმწიფოა.
ამ ქვეყანაში ქალთა უფლებები, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ინტერესის საგანია. ავღანეთში სიტუაცია 2021 წელს შეიცვალა, როდესაც თალიბანმა განაცხადა, რომ ავღანელ ქალებს უნივერსიტეტში სწავლის უფლება მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახებში ექნებოდათ. ეს ოთახები მამაკაცების ოთახისგან იზოლირებული უნდა ყოფილიყო. ეს იყო ერთ-ერთი პირობა და დოგმა, რომელიც დღემდე არ შეცვლილა.
გარდა ამჟამინდელი ვითარებისა, ახლო წარსულშიც, არაერთი მაგალითი გვქონდა იმისა, რომ ისლამური სახელმწიფოები ქალების სწავლის მიმართ არც ისე შემწყნარებლები არიან. 2013-2017 წლებში კონფლიქტისა და ამბოხის გამო, ათასზე მეტი სკოლა დაინგრა და დაზიანდა. სკოლებზე მიტანილი იერიში ერთგვარი პასუხი იყო ურჩების მიმართ, რომლებიც ცდილობდნენ საკუთარი ხმა მიეწვდინათ მსოფლიოსთვის და განსაკუთრებით, საკუთარი ქვეყნის მთავრობისთვის. ალბათ გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ თავდასხმების სამიზნე იყო გოგონების სკოლები და ქალი მასწავლებლები. თავდასხმებს ძირითადად, თვითმკვლელი ტერორისტები ახორციელებდნენ, თუმცა იყო სარაკეტო იერიშებიც. ეს ფაქტები აღწერილია გაეროს ჰუმანიტარული კოორდინაციის ოფისის მიერ. მათი ცნობით, მუქარებისა და დაშინებების გამო იხურებოდა გოგონათა სკოლები, რაც ფიზიკურ და მორალურ ზიანს ათობით ათას მოსწავლეს აყენებდა.
გარდა ამისა, უცხოურმა მედიამ აღწერა 20-მდე შემთხვევა, როდესაც ასობით მოსწავლე გახდა ცუდად და ამის მიზეზად სახელდებოდა დაუდგენელი პირების მიერ სკოლების მოწამვლა. შემთხვევების უმეტესობა გოგონათა სკოლაში მოხდა. მოგვიანებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებიდან გაირკვა, რომ ავადმყოფობა დაკავშირებული იყო შიშთან და სტრესთან და არა მომწამვლელ ნივთიერებებთან.
სწავლის გარდა, ქალებს არ აქვთ მუშაობისა და მოგზაურობის უფლება. შორ მანძილზე (72 კილომეტრზე) გადაადგილება მამაკაცის თანხლების გარეშე ეზღუდებათ.
თალიბანის მმართველობის აღდგენის შემდეგ, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების მთავარი პირობა ახალგაზრდებისთვის სწავლის გაგრძელების უფლების მიცემა იყო. აქედან გამომდინარე, აგვისტოში, თალიბებმა ამ პირობაზე თანხმობა განაცხადეს. საერთაშორისო ზეწოლის და საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაპირებული დახმარების მიუხედავად, 2022 წლის 23 მარტს თალიბანმა შეცვალა გადაწყვეტილება და გამოაცხადა, რომ გოგონათა სკოლები არ გაიხსნებოდა. ეს გადაწყვეტილება ბოლო წუთს გამოცხადდა, ზუსტად იმ დღეს, როცა გოგონათა სკოლები უნდა გახსნილიყო. ქვეყნის მასშტაბით, ბევრი გოგონა წავიდა ამ დღეს სკოლაში თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათი სკოლა კვლავაც დაკეტილი იყო.
2022 წელსაც, მმართველმა ძალამ გოგონები ისევ სასწავლო პროცესის მიღმა დატოვა. მიზეზად დაასახელა სასწავლო გეგმის შემუშავების პროცესი, რომელსაც კარგად უნდა გამოეხატა ისლამური ღირებულებები, ასევე, გოგონებისთვის სპეციალური უსაფრთხო სასწავლო გარემო, გეგმა და სასკოლო სამოსი უნდა შეექმნათ.
13 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ ზოგიერთ პროვინციაში (სადაც ქალებს უფრო დიდი როლი აქვთ) თალიბებმა გოგონებს საშუალო სკოლაში სწავლის უფლება დაუბრუნეს. შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ზოგიერთი ქალი მოსწავლე სკოლებში მაინც არ დაბრუნდა, რადგან ისინი არ ენდობიან თალიბების მიერ გაცემულ უსაფრთხოების გარანტიებს.
მეორე მხრივ, ზოგიერთი ავღანელი ქალისთვის, ერთადერთი გამოსავალი არის ჩუმად სწავლა, რაც, ასევე, არაერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული.
ონლაინ კლასებმა და იატაკქვეშა სკოლებმა ზოგ გოგონას სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ უმცირესობას აქვს.
იმის გამო, რომ საიდუმლო სკოლები კერძო ინიციატივაა, მოსწავლეებს, გარკვეული ხარჯის დასაფარად გადასახადის გადახდა უწევთ. ქვეყანაში გამეფებული ეკონომიკური სიდუხჭირის გამო კი, ცოტას თუ შეუძლია შვილის განათლებისთვის თანხა გაიღოს. გარდა ამისა, ონლაინ გაკვეთილზე დასასწრებად ან სასკოლო მასალის გამოსაწერად საჭიროა მინიმუმ სმარტფონი, რაც ბევრი გოგოსთვის ფუფუნების საგანია.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს, 2022 წლის 3 თებერვალს, მკაცრი წესების ფონზე, ავღანეთის უნივერსიტეტები ხელახლა გაიხსნა ქალი სტუდენტებისთვის. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სქესი უნივერსიტეტებშიც სრულად გამიჯნულია და ლექტორებიც ამის შესაბამისად ირჩევა, თუმცა არის გამონაკლისიც, ისევ ქალი სპეციალისტების დეფიციტის გამო.
თალიბანი მაქსიმალურად ცდილობს შეზღუდოს ქალთა უფლება სწავლასთან დაკავშირებით. ამას მოწმობს არაერთი ფაქტი. 30 სექტემბერს, ქაბულში, თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმას, 38 სტუდენტი გოგონა ემსხვერპლა, 82 კი დაიჭრა.
აღსანიშნავია ისიც, რომ თალიბების ხელისუფლებაში დაბრუნებამდეც 3,5 მილიონი ავღანელი ბავშვი ვერ ახერხებდა სკოლაში სწავლას. 2017 წლის Human Rights Watch-ის ანგარიშის მიხედვით, 2,9 მილიონი ავღანელი გოგონა ვერ სწავლობდა და მოზარდი გოგონების მხოლოდ 37 პროცენტი იყო წერა-კითხვის მცოდნე.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს თალიბანმა ახალი განკარგულება გამოსცა, რომელიც ავღანელ ქალებს საჯარო სივრცეში დაუფარავი სახით გამოჩენას უკრძალავს.
„ყველა ღირსეულმა ავღანელმა ქალმა ჰიჯაბი უნდა ატაროს. საუკეთესო ჰიჯაბი ჩადრია (ბურკა, რომელიც სხეულს მთლიანად ფარავს) – ეს ჩვენი ტრადიციის ნაწილია და პატივი უნდა ვცეთ“, – განაცხადა თალიბანის მაღალჩინოსანმა, შირ მოჰამადმა.
ცოტა ხნის წინ სამინისტრომ ავღანურ ტელეარხებზე ფილმების და სერიალების ჩვენება აკრძალა, რომლებშიც ქალი მსახიობები თამაშობენ.
თალიბანი განაგრძობს ქალების შევიწროვებას. 2022 წლის 9 ნოემბერს აკრძალვების ნუსხა კვლავ გაამდიდრეს და ქალებს ყველა საჯარო გასართობ პარკში შესვლა კანონით აუკრძალეს.
ავტორი: ქეთა მელიქიშვილი