პრორუსი “მედასავლეთეები” ქართულ პოლიტიკაში – რა არის ოპოზიციის გამაერთიანებელი

საქართველოს პარტიული სპექტრი საკმაოდ ჭრელი და მრავალფეროვანია. NDI-ის ერთ-ერთი ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა 56% ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ გამოხატავს და ბოლო 30 წელია, ძალაუფლება საქართველოში მხოლოდ ერთი პარტიის ხელშია მოქცეული (NDI, 2022).

საინტერესოა, რა არის ამის მიზეზი?

არიან კი თვითონ პოლიტიკური პარტიები საკუთარი ღირებულებებისა და იდეოლოგიის ერთგულნი, თანამიმდევრულები პოლიტიკურ პროცესში? რის გარშემო შეუძლიათ მათ გაერთიანება? რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, სახელმწიფოს ეროვნული თუ მათი პირადი, ვიწრო ინტერესები?

საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებული კურსი პროდასავლურია, რაც ასახულია საქართველოს კონსტიტუციის მე-11 თავში, რომ ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 2020). ამიტომ, საქართველოს პოლიტიკური პარტიული სპექტრისთვის წითელი ხაზი სწორედ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია უნდა იყოს. თუმცა, სინამდვილეში ვხედავთ, დეკლარირებულად პროდასავლური პარტიების თანამშრომლობას ისეთ პარტიებთან ან პერსონებთან, რომლებიც უახლოეს წარსულში მკვეთრად პრორუსულები იყვნენ.

რით აიხსნება ეს უცნაური ფენომენი?

გავიხსენოთ 2019 წელი, როდესაც ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაერთიანდა, სადაც ერთი მაგიდის გარშემო ის პოლიტიკური სუბიექტები და ძალები ისხდნენ, რომლებიც წარსულში ერთმანეთს რადიკალურად უპირისპირდებოდნენ. ღირებულებით განსხვავებებზე საუბრობდნენ თავად “ნათელაშვილის ფანჩატურის” მონაწილეებიც, თუმცა მათი თქმით, ერთიანობის მიზანი რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ ბრძოლა იყო. ამ დროს კი პროდასავლური ოპოზიცია თანამშრომლობდა და იბრძოდა ნინო ბურჯანაძესა და პარტია “ერთიან საქართველოსთან” ერთად.

გავიხსენოთ მაშინდელი პოლიტიკური პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი. ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტი შედგა მაშინ, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია ნათელაშვილის ოფისში პროპორციული არჩევნების ე.წ. გერმანული მოდელით ჩატარებასა და ქვეყნის რუსული ხელისუფლებისგან გათავისუფლებას ითხოვდა.

კითხვაზე, – რატომ წავიდა ნინო ბურჯანაძე რუსეთში ოპოზიციური ერთობის პარალელურად? – მის პარტიაში აცხადებდნენ, რომ მიზეზი ქართულ-რუსული ურთიერთობების დიალოგის რეჟიმში წარმართვა იყო. ნინო ბურჯანაძე მოსკოვიდან დაბრუნდა და ოპოზიციასთან ერთად კვლავ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბურჯანაძე არაერთხელ შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსაც, დღეს ის აცხადებს, რომ “საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობის მკვეთრი ზრდა, განგაშის საფუძველს იძლევა”.

ოპოზიციური ერთობის თვალსაჩინო წარმომადგენელია ნატო ჩხეიძეც, “პატრიოტთა ალიანსის” ყოფილი ლიდერი, რომელიც არაერთხელ იმყოფებოდა რუსეთში დუმის წევრებთან შეხვედრებზე.

ოპოზიციასთან ერთად პრორუსი ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძვის “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილიც. 2011 წელს, ოქრუაშვილი აცხადებდა, რომ “ამერიკის საელჩოდან ქართული საზოგადოება იწამლება. ხოლო, თუ რუსეთი საქართველოს ტერიტორიას ართმევს, აშშ – თავისუფლებას”. ამასთან, ის უწევდა ორგანიზებას აქციებს აშშ-ის საელჩოსთან. 2022 წლის აგვისტოში, დიდი ოდენობით რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საპასუხოდ კი, ოქრუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

“ერთი პატარა მაგალითი, ბიძგი, რამდენიმე რუსი ჩაძაღლდეს რუსული მუსიკის ფონზე, გახურებულ ქართულ რესტორანში და მაგათი “დუხი” აღარ იქნება აქ“ .

შედეგად, გასაკვირი არაა, თუ რატომ არის დამკვიდრებული საზოგადოებაში ნიჰილიზმი, რომელიც პოლიტიკოსების მხრიდან მსგავს ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ისმენს.

არათანმიმდევრულობის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც”. გაცხადებულად პროდასავლური პარტიის თავმჯდომარე და პრეზიდენტობის კანდიდატი იყო გრიგოლ ვაშაძე, რომელიც 30 წელი რუსეთში ცხოვრობდა, 1981-88 წლებში მუშაობდა სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ჰქონდა რუსეთის მოქალაქეობაც. 2011 წელს ის ამბობდა: “არ აქვს მნიშვნელობა რუსული პასპორტი მედება თუ არა ჯიბეში, რუსეთი არის ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი”.

აღსანიშნავია, რომ ვაშაძეს პრეზიდენტობის კანდიდატად მხარი გაერთიანებული ოპოზიციის პროდასავლურმა ნაწილმაც დაუჭირა.

ამ თვალსაზრისით, ასევე, აღსანიშნავია, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პოლიტიკოს ირინა სარიშვილის “გულთბილი წერილები”. ციხეში მყოფ სააკაშვილს სარიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა. სააკაშვილმაც მადლობა წერილობით გადაუხადა:

“ძვირფასო ირინა, მადლობა ყველაფრისთვის, ძალიან მიყვარხარ”.

წერილითვე უპასუხა ირინა სარიშვილმაც: “მადლობა მიშა, მეც მიყვარხარ”.

 

 

 

ეს “სასიყვარულო წერილები” არ იქნებოდა უცნაური, რომ არა ერთი გარემოება, კერძოდ, ირინა სარიშვილი, სააკაშვილის მიერ რუსეთის აგენტად იყო გამოცხადებული, რადგან ის საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, 1995–2016 წლებში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, იგორ გიორგაძის საქველმოქმედო ფონდის თავმჯდომარე იყო. შეგახსენებთ, რომ იგორ გიორგაძეს ბრალი სახელმწიფო გადატრიალებაში ედებოდა, ხოლო ამისთვის საჭირო თანხა მოსკოვიდან ერიცხებოდა. გიორგაძეს პროკურატურა ამ ბრალდებას 2006 წელს, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში უყენებდა. სარიშვილი ბრალდებებს უარყოფდა და აცხადებდა, რომ გიორგაძე უდანაშაულო და პოლიტიკური დევნილი იყო.

შედეგად, იკვეთება, რომ ქართული პარტიული სპექტრისთვის, ურთიერთთანამშრომლობის საფუძველი საერთო პრინციპები, ღირებულებები, იდეოლოგია, დასავლური კურსი სულაც არ არის. აღნიშნულის ნათელი დადასტურებაა, ადგილობრივი თვითმმართველობის 2021 წლის არჩევნები, როდესაც გაერთიანებულმა პროდასავლურმა ოპოზიციამ გიორგი გახარიას პარტიასთან – “საქართველოსთვის”, შეთანხმებას მიაღწია და მთელ რიგ ქალაქებში, საკრებულოს თავმჯდომარეები ან მოადგილეები სწორედ გახარიას პარტიის წევრები გახდნენ. ეს მაშინ, როდესაც გიორგი გახარიას პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება 20 ივნისის აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და სწორედ ოპოზიციამ შეარქვა მას “თვალთხარია”.

როგორც ჩანს, ოპოზიციურმა პარტიებმა დაივიწყეს სისხლიანი 20 ივნისი, გახარიას კავშირები რუსეთთან, ლომონოსოვის უნივერსიტეტთან და ისიც, რომ გახარია 2016 წლამდე რუსეთის მოქალაქე იყო. ეს ფაქტი დაივიწყეს ოპოზიციურმა მედიებმაც, რომლებიც საეთერო დროს ყოველდღე უთმობენ პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლებს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ გახარია სწორედ იმ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი იყო, რომლის გაცხადებული კურსი დასავლეთია და თუ, რამდენად მიჰყვება ხელისუფლება ევროპულ კურსს, ცალკე კვლევის საგანია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რატომ არის ამომრჩეველი გაუცხოებული, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობა ახდენს პოლიტიკური პროცესებისგან, პარტიებისა და პოლიტიკოსებისგან დისტანცირებას. პოლიტიკოსებს ხშირად, ავიწყდებათ, რომ ადამიანებს არ აქვთ მოკლე მეხსიერება და ამიტომ მოეთხოვებათ იყვნენ თანამიმდევრულები და პრინციპულები, გააჩნდეთ მკაფიოდ გამოხატული იდეოლოგია, ეკონომიკური, პოლიტიკური ხედვა, გამმიჯნავი ხაზები, რის შედეგადაც ამომრჩეველს მათ მიმართ ნდობა გაუჩნდება და ერთპარტიული სისტემა, სადაც ძალაუფლება ერთი ვიწრო ჯგუფის ხელშია მოქცეული, აუცილებლად შეიცვლება. შედეგად, შეგვიძლია ვუპასუხოთ სტატიაში დასმულ მთავარ კითხვას და ვთქვათ, რომ საქართველოს პარტიული სპექტრისთვის პროდასავლურობა წითელი ხაზი სულაც არ არის და ე.წ. მედასავლეთეები რუსეთის წინააღმდეგ წარსულში პრორუს ძალებთან ერთად იბრძვიან.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი