ნოდარ ნათაძეს 17 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ   

ქართველ პოლიტიკოსს, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერს, “სახალხო ფრონტის” თავმჯდომარე, ლიტერატურათმცოდნე ნოდარ ნათაძეს 17 ნოემბერს 14:00 საათზე სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ და მეუღლის გვერდით დაკრძალავენ.

ნოდარ ნათაძე – ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი

16 ნოემბერს პანაშვიდები გაგრძელდება მის საცხოვრებელ ბინაში მისამართზე: ფანასკერტელის ქუჩა, 16-ე კორპუსი, მე-3 სადარბაზო, მე-7 სართული.

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის ავტორი ნოდარ ნათაძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერია. 1989-90 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის უზენაესი საბჭოს წევრი. 1992-1995 წლებში – საქართველოს რესპუბლიკის მესამე მოწვევის  პარლამენტის წევრი.

“პრინციპული და პატიოსანი ადამიანი, რომელმაც თავისი კვალი დატოვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საქმეში”, – ამ სიტყვებით ახასიათებენ დღეს ნოდარ ნათაძეს.

ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი, რომელიც ნათაძესთან ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუს ავტორია, სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელ სტატუსს წერს.

“ბოდიში, რომ თხოვნა ვერ შეგისრულეთ. ბოდიში, თქვენამდე რომ ვერ მოვაღწიე და ვიდეოკამერით ვერ გადავიღე ის, რისი თქმაც გინდოდათ. ბატონ ნოდარს 91 წელი რომ შეუსრულდა, სახლში ვესტუმრეთ მე და “ობიექტივის” ოპერატორი და მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩავწერეთ, რაც ჩვენს ეთერში 2020 წლის 31 მაისს გავიდა. ამ ინტერვიუდან დიდი ხანი არ იყო გასული, ბატონი ნოდარი რომ შემეხმიანა, – იქნებ თქვენი ვიდეოკამერით მოხვიდეთ, ჩემს დაზე რაღაც მინდა გითხრათო. უსათუოდ მოვალ-მეთქი და ვერ მივედი, თავი ვერ მოვაბი, რასაც ძალიან განვიცდი. ნათელი დაადგეს ბატონი ნოდარის სულს”, – წერს ნინო მიქიაშვილი.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი