კალიფორნია ქართული ღვინის V ფორუმს მასპინძლობს
კონფერენცია ქალაქ დევისის “რობერტ მონდავის ინსტიტუტში” გაიმართება და მასში მონაწილეობას, მეცნიერებთან ერთად, ღვინის პროფესიონალებიც მიიღებენ.
საქართველო-ამერიკის ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, კალიფორნიის შტატის ორ ქალაქში, ქართული ღვინის რიგით მეხუთე ფორუმი იმართება. ფორუმს დევისმა და სან-ფრანცისკომ უმასპინძლა. ფორუმი სამ დღიანი პროგრამისგან შედგება, რომელიც “საფერავის ფესტივალს”, ქართული ღვინის დეგუსტაციასა და სამეცნიერო კონფერენციას მოიცავს.
ფორუმის ჩატარებას მხარს ღვინის ეროვნული სააგენტო და აშშ-ში საქართველოს საელჩო უჭერს.
კონფერენცია ქალაქ დევისის “რობერტ მონდავის ინსტიტუტში” გაიმართება და მასში მონაწილეობას, მეცნიერებთან ერთად, ღვინის პროფესიონალებიც მიიღებენ.
როგორც მედია სააგენტო “24”-ს ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, 2022 წლის კონფერენციის ფარგლებში, ქართულ ღვინოს გლობალურ ეკონომიკურ და საბაზრო კონტექსტში განიხილავენ. დღის წესრიგი ისეთ საკითხებსაც მოიცავს, როგორიცაა: ქართული ღვინის აშშ-ის ბაზარზე დამკვიდრების სტრატეგია და აშშ-ის ბაზარზე, მისი მარკეტინგული პოტენციალი. კონფერენციაზე, ქართული ღვინის ინდუსტრიასაც მიმოიხილავენ.
საქართველოდან, ქართული ღვინის ფორუმს, ღვინის სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მუხუზლა ესწრება. მისი განმარტებით, საქართველოს მეღვინეობასთან 8000 წლიანი ისტორიის გარდა, თანამედროვე, განვითარებული ღვინის ინდუსტრია და საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი ღვინოები აკავშირებს.
როგორც ლევან მუხუზლა ამბობს, მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ, 5 წლის წინ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი, სწორედ საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი და მეღვინეობის ტრადიცია მსოფლიოში, სწორედ საქართველოდან გავრცელდა.
“დღეს ქართული ღვინო განვითარებული, თანამედროვე ინდუსტრიაა. წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტირებული ქართული ღვინის რაოდენობა, საექსპორტო ქვეყნების გეოგრაფია და ღვინის ხარისხი. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ და მზარდ ბაზარს წარმოადგენს, მსგავსი მასშტაბის ღონისძიებები კი, ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდას“, – აღნიშნა ლევან მუხუზლამ.
აღსანიშნავია, რომ “ქართული ღვინის ფორუმს” აშშ უკვე მეხუთედ მასპინძლობს. ფორუმი პირველად 2018 წელს ვაშინგტონში, 2019 წელს კი, ბოსტონში, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა. 2020 წელს, პანდემიის პირობებში, ღონისძიება ონლაინ ფორმატში გაიმართა. შარშან კი, დეგუსტაცია ქალაქ ბოსტონსა და ფილადელფიაში, კონფერენცია კი, პენსილვანიის უნივერსიტეტში შედგა.
სალომე ხომასურიძე