მითია, თითქოს მარიხუანას მოწევა თამბაქოზე ბევრად უსაფრთხოა
მკვლევარებმა გულ-მკერდის რენტგენული გამოკვლევა 56 კანაფის მწეველს, 33 თამბაქოს მწეველსა და 57 არამწეველს ჩაუტარეს.
ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევის მიხედვით, მარიხუანას მოწევა ადამიანის ჯანმრთელობისთვის თამბაქოს მოწევაზე მეტად სახიფათოა. ექსპერიმენტის ფარგლებში, კანადის ოტავას უნივერსიტეტისა და საავადმყოფოს მკვლევარებმა გულ-მკერდის რენტგენული გამოკვლევა 56 კანაფის მწეველს, 33 თამბაქოს მწეველსა და 57 არამწეველს ჩაუტარეს.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ თამბაქოს მწეველებისა და არამწეველებსგან განსხვავებით, მარიხუანას მომხმარებლების უმრავლესობას სასუნთქი გზების ანთება და ემფიზემა – ფილტვების ქრონიკული დაავადება, აღენიშნებოდათ.
ოტავას უნივერსიტეტის რადიოლოგის, ჟიზელ რევას განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ მარიხუანას, თამბაქოსგან განსხვავებით, ფილტრის გარეშე ეწევიან სასუნთქ სისტემაში მეტი ნაწილაკი ხვდება, რაც დროთა განმავლობაში ადამიანის ფილტვებში გროვდება და სასუნთქი სისტემის გაღიზიანებას იწვევს.
,,არსებობს მოსაზრება, რომ მარიხუანას მოწევა თამბაქოზე ბევრად უსაფრთხოა, მაგრამ ამ კვლევით დასტურდება, რომ ეს ასე არ არის’’, – აცხადებს ჟიზელ რევა.
ექსპერიმენტის ავტორებმა ისიც აღნიშნეს, რომ არსებული შედეგები საკმარისი არ არის და სამომავლოდ უფრო მასშტაბური კვლევების ჩატარება იგეგმება. აღსანიშნავია, რომ რა გავლენას ახდენს მარიხუანას მოწევა ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბევრი კვლევა არ ჩატარებულა, რადგან მისი მოხმარება ქვეყნების უმეტესობაში აკრძალულია.
კანადაში, მარიხუანას რეკრეაციული მიზნით გამოყენება, 2018 წელს დაკანონდა.
წყარო: ScienceAlert
თაკო ბოკუჩავა