“ევროკავშირს ქართულ საზოგადოებასთან ძალიან ცუდი უკუკავშირი აქვს”

მოსაზრება

ევროპარლამენტის 12-პუნქტიანი რეზოლუცია, რომელმაც პუნქტობრივად უნდა განსაზღვროს, საქართველო მიიღებს თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, მმართველ პარტიასა და ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს შორის საჯილდაო ქვად იქცა, განსაკუთრებით დეოლიგარქიზაციის ნაწილში.

ევროკომისარმა სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ოლივერ ვარჰეიმ, რომელიც 15-16 ნოემბერს, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა, რომ ევროკავშირს საქართველოსგან სჭირდება ეროვნული კონსენსუსი 12-ვე პუნქტზე და ამ თანხმობაში მნიშვნელოვანია სწორედ პარლამენტში არსებულ პარტიებს შორის თანამშრომლობა.

პოლიტოლოგ არჩილ სიხარულიძის აზრით, საქართველოს საკითხი ევროპარლამენტარებს შორის განხეთქილების საგნად იქცა. განხეთქილება მოხდა მაშინ, როდესაც, პოსტაბჭოთა სივრცეში დემოკრატიის თვალსაზრისით ბევრად უფრო დაწინაურებული საქართველო დატოვეს კანდიდატის სტატუსის გარეშე და ბევრად ჩამორჩენილ მოლდოვას და უკრაინას მიანიჭეს. ეს მიუთითებს იმაზე, რომ რეალური განხეთქილება მოხდა ობიექტურ რეალობასა და პოლიტიკურად მოტივირებულ მოსაზრებებს შორის.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს არჩილ სიხარულიძემ განუცხადა, ახლა საინტერესოა ის, თუ სადამდე გაგრძელდება ეს განხეთქილება. ევროკავშირი გაჰყვება იმ “არაადეკვატურ მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა დაისაჯოს“, თუ ადეკვატურობას აირჩევენ.

“ამ სიტუაციაში “ქართული ოცნებაზე” მეტი დანაკარგი ევროკავშირს ექნება, რადგან საქართველოს ნეიტრალურად განწყობილი მოქალაქეები დაინახავენ და მიხვდებიან, რომ ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოში არის არაობიექტურობა და ანგაჟირებულობა. სხვანაირად ვერ აიხსნება ის, რომ მოლდოვასა და უკრაინას მისცეს ყველაფერი და საქართველოს არაფერი. ვინც იყო ევროკავშირის ფანატიკოსი, ის ფანატიკოსად დარჩება”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.

მისივე თქმით, ევროპარლამენტში არის დაპირისპირებები, რაც ქართულ პოლიტიკურ რეალობაზეც აისახება. ერთი მხრივ, არის ევროპელების პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფი, რომლებიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” იდეებს ემხრობიან და მიაჩნიათ, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილისგან უნდა გათავისუფლდეს. მეორე მხრივ კი, არიან დანარჩენი ევროპარლამენტარები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში იყოს წესრიგი.

პოლიტოლოგის მოსაზრებით, ევროკავშირს დღეს ძალიან ცუდი უკუკავშირი აქვს ქართულ საზოგადოებასთან, რადგან, ის, რაც ისმის ქართულ საზოგადოებაში, ეწინააღმდეგება იმას, რაც სწორად მიაჩნიათ ევროკავშირში. ეს არის სერიოზული პრობლემა.

“ევროკავშირი, სამწუხაროდ, ადეკვატურობას მოწყვეტილია, საქართველო არ არის ლუქსემბურგი, სადაც ყველას ყველა უყვარს და ამ სისულელეებს უნდა მოვრჩეთ. უნდა გაითვალისწინონ ქართველი ამომრჩევლის განწყობა. ერთია, რა უნდა ევროკავშირს და მეორე, რა შეუძლია ქართულ საზოგადოებას ამ მომენტში. ქართველი ამომრჩევლის დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი. სააკაშვილის მხარდამჭერებს კი მიაჩნიათ, რომ ბიძინა ივანიშვილი არის მოღალატე. ეს მოწოდებები არაფრისმომცემია”, – განუცხადა “24”-ს არჩილ სიხარულიძემ.

მისივე თქმით, ქართველი ამომრჩევლის ასეთი განწყობა დისკომფორტს უქმნის თავად “ქართულ ოცნებასაც”, სხვა შემთხვევაში, ეს პოლიტიკური ძალა, ევროპარლამენტთან კომპრომისზე დიდი ხნის წინ წავიდოდა, მაგრამ ახლა უკან ვეღარ დაიხევს.

არსებობს მოსაზრება, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო ვერ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, საქართველოში მოქალაქეები აფორიაქდებიან და ოპოზიცია რევოლუციურ პროცესს დაიწყებს. ამასთან დაკავშირებით პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე აცხადებს, რომ საქართველოში რევოლუციების პერიოდი დასრულდა და ევროკავშირის სტატუსის გამო, ქუჩაში არავინ გავა.

” ხალხი თუ გამოვა ქუჩაში, ეს იქნება სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით. ევროკავშირი და ნატო ადარდებს მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომელსაც არ ადარდებს რიგითი მოქალაქე. უკვე ძალიან დაიღალა საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის უაზრო მოწოდებებით – შეთანხმდით და შერიგდით, შეიყვარეთ მიხეილ სააკაშვილიო. “ქართული ოცნების” ამომრჩეველი ვერ შეიყვარებს გიგა ბოკერიას და მიხეილ სააკაშვილს და პირიქით. ბოკერია-სააკაშვილის ამომრჩეველი ვერ შეიყვარებს ბიძინა ივანიშვილს”, – აცხადებს არჩილ სიხარულიძე.

მისივე პროგნოზით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში კვლავ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს, რადგან ოპოზიციას უბრალოდ არაფერი აქვს შესათავაზებელი ქართული საზოგადოებისთვის.

არჩილ სიხარულიძის თქმით, თუ “ქართული ოცნება” არ უყვარს 2 ადამიანს, ოპოზიცია არ უყვარს 10-ს. ეს ძალიან კარგად ესმით ოპოზიციაშიც.

“ამიტომ დარბიან გამწარებულები ევროპაში და ევროპარლამენტარებს სთხოვენ, რომ ქართველი ამომრჩევლის ნაცვლად ილაპარაკონ იმაზე, თუ რა ცუდია “ქართული ოცნება”, – აცხადებს იგი.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი