“პიტბული არ არის დეკორატიული ჯიში, სანამ აიყვანთ, წაიკითხეთ”: კინოლოგი
ძაღლების მიერ ადამიანებზე თავდასხმისა და დაკბენის შემთხვევების მატებამ, ოთხფეხა მეგობრის მიმართ ადამიანებში ისტერიკული დამოკიდებულება გამოიწვია.
კინოლოგიური ფედერაციის ნაციონალური ექსპერტი არმენ არაქელიანი აცხადებს, რომ პრობლემა არა ძაღლის კონკრეტული ჯიშების გამრავლებაში მდგომარეობს, არამედ ადამიანების უცოდინრობაში. კინოლოგი პიტბულის ჯიშის ძაღლების ყოლის აკრძალვის დაკანონების წინააღმდეგია და ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების არასწორ დამოკიდებულებაზე ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, პიტბულის მიმართ ხალხის ისტერიკულმა დამოკიდებულებამ განაპირობა ის, რომ დღეს ქუჩაში უამრავი ამ ჯიშის მიტოვებული ძაღლია, რომლებიც სიკვდილისთვის არიან განწირულები.
“ძაღლში და ჯიშში არასოდეს არაა პრობლემა, პრობლემა არის უპასუხისმგებლო პატრონებში. რამდენი ადეკვატური ძაღლი აღმოჩნდა ქუჩაში განწირული მშიერი და ცივი სიკვდილისთვის იცით? დიახ ეს თქვენი დამსახურებაა ვინც ყვირით “ავკრძალოთ!” და ამ პიტბულების პატრონების თანაბრად”, – წერს არმენ არაქელიანი თავის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ კინოლოგები უამრავ არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ ძაღლის ამ ჯიშზე, რასაც სოცმედიაშიც აქტიურად აშუქებენ. რეალურად პიტბულს სწორი აღზრდა, გაწვრთნა და ადეკვატური გარემოს შექმნა სჭირდება, რაც მათმა პატრონებმა კარგად უნდა გაითავისონ.
“პიტბული არ არის დეკორატიული ჯიშის ძაღლი და სანამ აიყვანთ წაიკითხეთ ჯიშის შესახებ, მისი ნამდვილი ისტორია და არა ის თუ რა ზღაპრებს ყვება ზოგი “ბრძენი” კინოლოგი. თუ გადაგით ეს ნაბიჯი, ბოლომდე აიღეთ საკუთარ თავზე მისი აღზრდის პასუხისმგებლობა, დაიცავით უსაფრთხოების წესები და შეუქმენით უსაფრთხო გარემო სხვა ადამიანებს და ცხოველებს…”, – წერს არმენ არაქელიანი.
აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ძაღლების მიერ ადამიანების დაგლეჯვის ფაქტები გახშირდა, რასაც მოჰყვა ინიციატივა, რომ აგრესიული ჯიშის ძაღლების ყოლა კანონის საფუძველზე აიკრძალოს.
თაკო ბოკუჩავა
ამ თემაზე:
საქართველოში შესაძლოა აგრესიული ჯიშის ძაღლების ყოლა აიკრძალოს