“გლეხზე მორგებული პროექტი ჯერ ვერ ვნახე, ნეპოტიზმი ღუპავს ქვეყანას” – ნიკა შენგელია

თითქმის ათი წელია, რაც საქართველოში ევროკავშირის 234.5 მილიონი ევროს დაფინანსებით პროგრამა ENPARD-ი ხორციელდება. პროექტის მიზანია, სოფლის განვითარებაში ევროპული მოდელების დანერგვა, სოფლად სიღარიბის შემცირება და რეგიონის მოსახლეობისთვის მდგრადი მომავლის მშენებლობის პირობების შექმნა.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვა არაერთი პროგრამა მიმდინარეობს, მათ შორის, 2013 წლის 22 იანვარს სოფლის დახმარების პროგრამის განსახორციელებლად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი “სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი” დაფუძნდა. პროგრამები საკმაოდ ბევრია, თუმცა მათ ფონზე ამ სფეროში 2012 წლიდან ძვრები უკეთესობისკენ მინიმალურად შეიმჩნევა.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, კოალიცია “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში 4 გვერდი სოფლის მეურნეობის განვითარებას დაეთმო. მართალია, ამ პროგრამაში უფრო მეტად წინა ხელისუფლების უნიათობაზეა საუბარი, მაგრამ აქ ბევრ დაპირებასაც შეხვდებით.
საარჩევნო ბლოკი “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება” მაშინ სოფლად მცხოვრებ ამომრჩეველს, საკუთარ აგრარულ პოლიტიკას სთავაზობდა, რომლის მიზანი იქნებოდა სოფლის ეკონომიკური გაძლიერება, გლეხის (ფერმერის) შემოსავლების ზრდა და ცხოვრების დონის ამაღლება.

“აგრარული სექტორის მოდერნიზებამ და ინტენსიურმა განვითარებამ უნდა უზრუნველყოს სოფლად სიღარიბის აღმოფხვრა და რეგიონალური ეკონომიკის წინსვლა”, – ვკითხულობთ 2012 წლის საარჩევნო პროგრამაში.

მმართველი გუნდის ეს წინასაარჩევნო დაპირება, რომ მხოლოდ სიტყვებია, განსაკუთრებულ დაკვირვებას ნამდვილად არ საჭიროებს. რიგითი გლეხის ყოფაში არსებულ პრობლემებს თვალის ერთი შევლებითაც კარგად დაინახავთ. უამრავი პროგრამის და დაპირების მიუხედავად სიღარიბის მასშტაბები რომ არ იკლებს, ეს თავად ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა “ქართული ოცნების” მმართველობის 8 წლის თავზე. 2020 წელს განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ვერ შეძლო დაემარცხებინა სიღარიბე. თუმცა, ამისთვის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტიის თავმჯდომარეს “ობიექტური” მიზეზებიც მოეძებნება:

“ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, “ქართული ოცნების” მმართველობის შედეგია”.

მემკვიდრეობა, რომ სახარბიელო არ იყო, ეს მოსახლეობამაც კარგად იცოდა. 2012 წელს ქართველმა ამომრჩეველმა ხელისუფლება “ქართულ ოცნებას” სწორედ, უკეთესობისკენ შეცვლის იმედით გადასცა. “ოცნების” 2020-2024 წლების საარჩევნო პროგრამაშიც ვკითხულობთ:

„ხელისუფლება სოფლის მეურნეობის განვითარებაში დაახლოებით მილიარდ ლარზე მეტს დახარჯავს“.

მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი საკითხი – რამდენად არის მორგებული რიგითი გლეხის ინტერესებზე ეს პროგრამები და რეალურად, სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ არის თუ არა მიმართული სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები?

ექსპერტ ნიკა შენგელიას თქმით, სოფლად გლეხისთვის ეს პროგრამები სრულიად ხელმიუწვდომელია. საინტერესოა სტატისტიკა, ამ პროგრამებს და პროექტებს, ვინ იყენებს? რეალურად ისარგებლა მხოლოდ იმ ხალხმა, ვის ხელშიც ჩავარდა ეს პროგრამები გასანაწილებლად, რიგითი გლეხი კი კვლავ მშიერი დარჩა.

 

“თუ ვინმე სარგებლობს ამ პროგრამებით, ნეპოტიზმის ხარჯზეა. არის რამდენიმე გამონათება, რომ ვიღაცამ შემთხვევით გაიგო, დაეხმარნენ და რაღაც გამოუვიდათ. მაგრამ, ასეთი ერთეულებია. აი, სწორედ ასეთი მიდგომის გამო, ვერ ვამბობთ, რომ ამ პროგრამებმა რაიმე სერიოზული გარდატეხა მოახდინა სოფლის მეურნეობის განვითარებაში”.

ექსპერტის შეფასებით, 2-3 წლის განმავლობაში ყველა შექმნილ პროგრამას, პროექტების მესვეურები თავად იყენებენ და სწორედ ამიტომ აღარ უნდა გაგვიჩნდეს კითხვა, – რატომ არის გლეხი კვლავ მშიერი და რატომ არ ვითარდება ქვეყნისთვის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი სფერო?

“ბევრი ბაღი გაშენდა პროექტ “აწარმოე საქართველოს” დახმარებით, 1,5 მლნ-ს სესხები გაიცა. ყველა მუნიციპალიტეტში არიან ადამიანები, რომლებიც საქმის კურსში არიან სოფლის მეურნეობის პროგრამებზე. მიდით და ნახავთ, რომ თუ უფასო ნერგები იყო, მაგალითად, მოცვის ნერგი, თვითონ გამოიყენეს. ამ ფულებს ბედნიერად ინაწილებენ. მათ იციან, როგორ უნდა შედგეს ეს ბიზნეს გეგმა, რა უნდა ჩაიწეროს და როგორ უნდა დააკმაყოფილონ არსებული მოთხოვნები”.

ამ სფეროს განსავითარებლად გამოსავალს ნიკა შენგელია რეგიონებში ბიზნეს დაწესებულებების შექმნაში ხედავს. მისი თქმით, ყველა რაიონში უნდა შეიქმნას ისეთი სივრცეები, სადაც მისულ გლეხს შესთავაზებენ და აუხსნიან, რა პროგრამები არსებობს და როგორ შეუძლიათ მათი გამოყენება.

“ეს, რომ გაკეთებულიყო 10 წლის წინ, ჩვენ დღეს გვექნებოდა მნიშვნელოვანი შედეგი სოფლის მეორნეობის განვითარების მიმართულებით. მაგრამ ნეპოტიზმი ღუპავს ქვეყანას. პროგრამა რომ არსებობს, თეორიულად კარგია, მაგრამ პრაქტიკაში მისი განხორციელება სხვა საკითხია, რომელსაც საერთოდ არ ექცევა ყურადღება”.

ყოველი არჩევნების წინ გულუხვი დაპირებების კასკადს ვისმენთ. თუმცა ის, რაც ყურს სიამოვნებს, ანალიტიკოსების დაკვირვებით, ხშირად არარეალურ, ცრუ დაპირებებს წარმოადგენს, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების 10-წლიან გზაზე ძალიან კარგად ჩანს.


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი