“მეორედ ამ მდინარეში ვეღარ შეგვიყვანთ ფაშისტი ფსევდოლიბერალები”: ნანა კაკაბაძე
“საქართველოს ისტორიაში განუზომელია ქრისტიანობის როლი და მნიშვნელობა. ის იყო ერთადერთი ნავსაყუდელი თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი აზროვნებისა”.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა, სადაც გოცირიძე მართლმადიდებლობას სიბნელის რელიგიად, ხოლო ამ რელიგიის მსახურებს ბნელეთის მოციქულებად მოიხსენიებს.
ნანა კაკაბაძის შეფასებით, საქართველომ ეს უკვე გაიარა მე-20 საუკუნის 20-30-იანი წლების ათეიზმის ზეობის პერიოდში, “მეორედ ამ მდინარეში ვეღარ შეგვიყვანთ ფაშისტი ფსევდოლიბერალები”, – წერს კაკაბაძე.
„მხიარული რომანი „ბუმბერაზი” დეპუტატი, რომან გოცირიძე, იმდენად ხშირად ხუმრობს, რომ ჟურნალისტებმა მას “მხიარული რომანი” შეარქვეს. არ ვიცით, მისი ბოლო ენაკვიმატობა ხუმრობა იყო თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა “ბუმბერაზმა” კაცმა არც მეტი, არც ნაკლები, სიბნელის რელიგიად, ხოლო ამ რელიგიის მსახურები (ლოგიკურად, მიმდევრებიც) ბნელეთის მოციქულებად გამოაცხადა. რთულია ასეთი შეფასება სხვა რამედ აღიქვა, თუ არა ჭკუამხიარული რომანის უკბილო და უადგილო გამოხტომად. მხიარულ რომანს არ უთქვამს, ვიხუმრე კაცო, სერიოზულად რატომ მიიღეთო. ამიტომ შევეცდებით რამდენიმე ისეთი ინფორმაცია მივაწოდოთ (თუნდაც გავახსენოთ, ან, სულაც, ვასწავლოთ) „უბადლო” დეპუტატს, რომელიც არც საქართველოში და არც მსოფლიოში დღემდე სადავოდ არავის მიუჩნევია.
ბ-ნო რომან, არ ვიცი, იცით თუ არა, რომ ქრისტეს დაბადებიდან, 2022 წელია გასული. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი წელთაღრიცხვა სწორედ ამ თარიღიდან იწყება. კაცობრიობა (თქვენს გარდა) შეთანხმებულია, რომ ქრისტეს დაბადებით რაღაც დიადი მოხდა და ახალი ეპოქა დაიწყო. შეგახსენებთ, რომ ქრისტიანობა დამწერლობის რელიგიაა, ვინაიდან ბიბლიური სწავლება სწორედ წიგნებით გადაეცემოდა თაობებს და არა ზეპირსიტყვაობით. ქრისტიანობა ის რელიგიაა, რომელმაც ადამიანების მსხვერპლად შეწირვა აკრძალა (თუმცა თქვენმა პარტიამ ის დე ფაქტო აღადგინა 9-წლიანი მმართველობის შესანარჩუნებლად). კაცობრიობისათვის ჩამოაყალიბა ცხოვრების მორალური კოდექსი.(რომელიც როგორ ჩანს თქვენთვის უცხო ან გაუგებარია). ალბათ, გაგიგიათ, რომ შუა საუკუნეების და ახალი ისტორიის მაღალი კულტურაც სწორედ ქრისტიანობის საფუძველზეა აღმოცენებული (რა თქმა უნდა, თავისი ადგილი მე-8 საუკუნის შემდეგ მსოფლიოში მაჰმადიანურ კულტურასაც და რელიგიებსაც უკავიათ). გეცოდინებათ ისიც, რომ საქართველოს ისტორიაში განუზომელია ქრისტიანობის როლი და მნიშვნელობა. მისთვის არა მხოლოდ თავს წირავდნენ ჩვენი წინაპრები, არამედ ქართული მწერლობა, ხუროთმოძღვრება, მხატვრობა, ოქრომჭედლობა თუ ხელოვნების სხვა დარგები სწორედ ამ „ბნელ“ სარწმუნოებას ეფუძნებოდა. სანამ თქვენ გაიხსენებდეთ, მე თვითონ გეტყვით, რომ ჯვაროსნული ლაშქრობების დროს მომხდარი საშინელებებიც ქრისტიანობას უკავშირდებოდა და ერთ პერიოდი საქართველოში, „ვეფხისტყაოსანი“ ქრისტიანობის სახელით იდევნებოდა.
იმედია, ზოგიერთი უგუნურის მსგავსი ფიქრები არ გაწუხებთ, რომ ეს ცოდვა მთლიანად ქრისტიანობას ავკიდოთ და არა კონკრეტულ პირებს. ან იქნებ თქვენც გგონიათ ზოგიერთი უვიცივით, რომ „ვეფხისტყაოსანი“ ანტიქრისტიანული შედევრია. ბევრს არ გავაგრძელებთ, მხოლოდ შეგახსენებთ, რომ კომუნისტური დიქტატურის დროს ქრისტიანობა იყო ერთ-ერთი ყველაზე მეტად დევნილი ინსტიტუცია. იმავდროულად ის იყო ერთადერთი ნავსაყუდელი თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი აზროვნებისა. ამ ყველაფრის საფუძველზეა საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული ქრისტიანული სარწმუნოების როლი, რის გამოც საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა განისაზღვრება კონსტიტუციური შეთანხმებით – კონკორდატით.
ეს ძალიან მოკლედ, თორემ ასჯერ და ათასჯერ მეტი არგუმენტის მოტანა შეიძლება იმის საჩვენებლად, რომ მართლმადიდებლობის გამოცხადება სიბნელედ, პროგრესის დამამუხრუჭებლად არის სწორედ ყველაზე დიდი სიბნელისა და სიბილწის გამოვლინება. ჩვენმა ქვეყანამ ეს უკვე გაიარა მე-20 საუკუნის სამარცხვინო 20-30-იანი წლების ათეიზმის ზეობის პერიოდში, როდესაც ჭკუამხიარული რომანის მსგავსად მისი წინაპარი ბოლშევიკები ბნელეთის მოციქულებად მიიჩნევდნენ მართლმადიდებელ სასულიერო პირებსაც და უბრალო მორწმუნეებსაც. მეორედ ამ მდინარეში ვეღარ შეგვიყვანთ ფაშისტი ფსევდოლიბერალები. მოდერნისტული ლიბერალური ათეიზმის მქადაგებელმა რომანებმა კარგად უწყით, ისტორიის ნაგავსაყრელის რომელ ბნელ კუნჭულებში აღმოაჩინა განგებამ თქვენი წინამორბედნი, მებრძოლ უღმერთოთა კავშირის აქტივისტები”, – წერს კაკაბაძე.