მადერადან სანქტ-პეტერბურგამდე – მცირე ექსკურსი ორსაუკუნოვან თბილისურ ქუჩაზე
ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილების თანამშრომელი ნინო გედენიძე, საღამოს თბილისის ქუჩებში სეირნობისას პეტერბურგის ქუჩაზე აღმოჩნდა და N6 -ში მდებარე სახლზე შეაჩერა მზერა, რომელშიც დღეს სასტუმროა გახსნილი.
როგორც ნინო გედენიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, თითქმის 2-საუკუნოვანი ქუჩა დიდ ისტორიას იტევს. სანამ მას სანქტ-პეტერბურგის სახელი დაერქმეოდა, ეს იყო მადერას ქუჩა. თბილისში კიდევ იყვნენ ცნობილი მადერები – ლუიზა მადერა, ვისთანაც ლუდის წარმოება არის დაკავშირებული, თუმცა, ამაზე საინტერესო ამბებს მოგვიანებით გვპირდება.
“რუსთველის პროსპექტზე სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმაო, თავი დაილოცა ლადო ასათიანმა, მე პერიფრაზს ვაკეთებ – თბილისის ქუჩებში სიარული ნუ მომიშალოს ღმერთმა. ამაზე საინტერესო, ამაზე სახალისო მგონი არაფერია. ამჯერადაც აღმაშენებლის გამზირს ჩავუყევი და პეტერბურგის ქუჩაზე შევუხვიე. ეს ის პატარა ქუჩაა, სადაც ყველა სახლი ხელოვნების ნიმუშია და გარედან მაინც შენარჩუნებული აქვთ ძველი ხიბლი. ქუჩა თითქმის ორ საუკუნეს ითვლის და პირველი დასახელება მადერა ყოფილა.
ახლა ამ ქუჩის 6 ნომერში მდებარე სახლზე მსურს გიამბოთ. რამდენიმე წლის წინ წავიკითხე ერთ-ერთი ხელოვნებათმცოდნის სტატია, სადაც წუხდა, – საუკუნე ნახევრის წინ აშენებული საშემოსავლო სახლი ზიანდებაო. დღეს ამ სახლში სასტუმროა, ფაქტობრივად იგივე დატვირთვით;
ფრთხილად შევაღე კარი და ღიმილიანმა დამხვდურებმა და ფაქიზად აღდგენილმა მარმარილოს ფილაქანმა გამათამამა. ერთი თვალის შევლებით აღმოვაჩინე თბილისური ეზო, ხვეული ხის კიბე, თბილისური შუშაბანდები, ულამაზესი ტერასა და ნომრებში ევროპა. დიახ, სიტყვა კომფორტული ვერ იტევს იმას, რაც ნომერში გხვდება და ვერც ერთხელ მისვლით ახერხებ ყველაფრის გააზრებას. დღეს ეს იყოს, გზა და გზა გიამბოთ სასტუმროზე, ქუჩაზე და იმ თბილისელ ამერიკელზე მსოფლიო კინემატოგრაფიაში რომ უკვდავყო თავისი სახელი”, – წერს ნინო გედენიძე.