ზამთარში შესაძლოა მსოფლიოს 2-3 მლნ უკრაინელი ლტოლვილი ჰყავდეს: ჯანმო 

იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში უკვე მოთოვა და ჰაერის ტემპერატურამ ზამთარში – 20 გრადუსს შეიძლება გადააჭარბოს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

ომი უკრაინაში. 2022 წლის ნოემბერი

რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინაში ენერგო ინფრასტრუქტურის 50% დანგრეულია. რუსეთი უკრაინის ენერგო ობიექტებზე რაკეტებითა და დრონებით შეტევას ახორციელებს. მილიონობით ადამიანი ელექტროენერგიით, წყლითა და გათბობით ვერ სარგებლობს.

იმ ფონზე, როდესაც უკრაინაში უკვე მოთოვა და ჰაერის ტემპერატურამ ზამთარში – 20 გრადუსს შეიძლება გადააჭარბოს, ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ზამთარში შესაძლოა მსოფლიოს უკრაინელების სახით კიდევ 2 ან 3 მილიონი ლტოლვილი ჰყავდეს.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ენერგეტიკულ სისტემას რუსი ტერორისტების დარტყმები ზიანს აყენებს, ამიტომ ზელენსკი, როგორც ბიზნეს სექტორს, ისე მოსახლეობას ელექტროენერგიის ეკონომიურად სარგებლობისკენ მოუწოდებს.

“ჩვენი ენერგეტიკის მიმართ რუსი ტერორისტების დარტყმები სისტემას იმდენად მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, რომ ბიზნესი და ხალხი ძალიან ეკონომიური უნდა იყოს”, – აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის კერძო ენერგოკომპანია YASNO-ის განცხადებით, უკრაინელებს მინიმუმ მარტის ბოლომდე ელექტროენერგიის შეზღუდვით მოუწევთ ცხოვრება. 21-22 ნოემბერს ენერგეტიკოსებმა უკრაინელებს ელექტროენერგიის მიწოდება არაგეგმიურად შეუწყვიტეს, ვინაიდან ენერგიის მოხმარება იმაზე მეტი იყო, ვიდრე ქვეყანას მიწოდება შეეძლო. ამასთან, ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინის ენერგოკრიზისის პრობლემის გადასაჭრელად, ზაპოროჟიეში მდებარე ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაცია აუცილებელია, რათა რუსეთმა სადგურიდან ჯარისკაცები გაიყვანოს.

უკრაინის ენერგოკრიზისი საფრთხეს უქმნის მოლდოვასაც. მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებით, უკრაინაში ომის გამო, რომ მოლდოვას ხელისუფლება არ არის დარწმუნებული, უზრუნველყოფს თუ არა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიისა და გათბობის მიწოდებას.

“ვიცი, რომ ევროპაში ყველა იხდის ძალიან მაღალ ფასს ენერგიისთვის, თუმცა ამ ფასს ბევრად დამანგრეველი შედეგი აქვს ჩვენს ქვეყანაზე”, – განაცხადა მაია სანდუმ.

ყველაზე რთული ზამთრის გადასატანად, როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას დასავლელი პარტნიორები ეხმარებიან. ევროკავშირის 17-მა ქვეყანამ და დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას ჯამში 1000-მდე გენერატორი გადასცა, ხოლო მოლდოვას საფრანგეთმა დამატებით 100 მლნ, ხოლო გერმანიამ 32 მლნ ევრო გამოუყო.

ინგა ფუტკარაძე