თბილისის წმინდა სამების ტაძარი დღევანდელ დღეს ეკურთხა 

18 წლის წინ, 2004 წლის 23 ნოემბერს, უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარი აკურთხა. 

სამება. აშენდა 1995-2004 წლებში. ის საქართველოში ყველაზე დიდი ტაძარია.

​საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის 1500 წლისთავისა და ქრისტეს დაბადების 2000 წლის აღსანიშნავად ახალი საკათედრო ტაძრის აგების იდეა 1989 წელს გაჩნდა. ეს იყო პერიოდი, როდესაც საბჭოთა საქართველოში ეროვნული მოძრაობა მძლავრობდა. 1989 წლის მაისში, საქართველოს პატრიარქისა და თბილისის მთავრობის ხელმძღვანელობით, გამოცხადდა კონკურსი „წმინდა სამების საკათედრო ტაძრის“ პროექტზე. პირველ ეტაპზე ასამდე პროექტი შემოვიდა, თუმცა გამარჯვებული ვერ გამოვლინდა. საბოლოოდ, არქიტექტორ არჩილ მინდიაშვილის პროექტი შეირჩა.

შემდგომმა სოციალურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა პროექტის განხორციელება ექვსი წლით შეაფერხა და ტაძრის საძირკველი მხოლოდ 1996 წლის 3 მარტს ჩაიყარა.

შენობაში 9 ეკლესია და 12 სატრაპეზოა. ყოვლადწმიდა სამების ლავრისთვის ზარები გერმანიაში ჩამოისხა, მათ ორიგინალური, ქართული ჟღერადობა აქვთ. ისინი კომპოზიტორ ნოდარ მამისაშვილის დახმარებით ქართული ხმოვანებით შეიქმნა.

სამრეკლოზე 9 ზარია დამონტაჟებული და ორი რეჟიმი აქვს: მექანიკური და ელექტრონული. ზარებს შორის ყველაზე დიდი 8200 კილოგრამს იწონის. ტაძრის არქიტექტურა ძველი ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრებისა და თანამედროვე გადაწყვეტის შერწყმას წარმოადგენს. ესაა ნაზავი ჯვარგუმბათოვანსა და ცენტრალურ გუმბათოვანს შორის.

ხშირად ისმის კითხვა: რატომ აშენებენ ტაძრებს ძველი და არა ახალი, თანამედროვე არქიტექტურით? ამასთან დაკავშირებით არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი ბრძანებს:

„ეს არ არის სწორი, რადგან მართლმადიდებლობა ორთოდოქსალური რელიგიაა და იგი თავის თავში პირველს, ტრადიციულს ატარებს… ბევრად იოლია აბსოლუტურად ახალს მიაგნო და შექმნა, ვიდრე ძველსა და ტრადიციულზე ააგო ახალი. როგორ შეიძლება პოპ მუსიკით გადმოსცე საგალობელი, იგი ვერასდროს იქნება გალობის ნიშნის მატარებელი“.

​თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, შემოკლებით სამება — მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში. მდებარეობს თბილისში, ელიას გორაზე, ავლაბარში.

ელენე ვადაჭკორია