ბიზნესებში გაშლილი და პოლიტიკურად დაშლილი პარტიების წინასაარჩევნო ბატალიები დაიწყო

სააკაშვილის პარტიაში დაწყებული შიდა დაპირისპირების პარალელურად, აქტიურად გამოჩნდნენ რევოლუციური ხელისუფლების მთავარი სახეები და სისხლიანი რეჟიმის გამმართლებლები.

ქართული პოლიტიკური სპექტრი – მმართველი ძალა და ძირითადი ოპოზიციური პარტიები – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურ მზადებას თითქმის წელიწად ნახევრით ადრე შეუდგა. საზოგადოების მხარდაჭერისა და დაკარგული ნდობის მოპოვება არა მხოლოდ სააკაშვილის ჯერ ბიზნესებში გაშლილი, შემდეგ კი პოლიტიკურად დაშლილი პარტიის საზრუნავია, არამედ “ოცნებიდან” წასული და „ხალხის ძალად“ შეკრული სუბარი-ხუნდაძე-მაჭარაშვილი-ყაველაშვილის ოთხეულისაც.

მართალია, „ქართულ ოცნებას“ გამიჯნული ეს ჯგუფი, ამერიკის ელჩთან კონფრონტაციით გამოირჩევა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგებში ჯერ კიდევ რჩება, მაგრამ ფაქტია, დამოუკიდებლად ცდილობს მხარდამჭერთა მობილიზებას, იმ ელექტორატის, რომლებიც „ოცნებაზე“ განაწყენდნენ და ნეიტრალურთა რიგებში გადაინაცვლეს. პარალელურად ამტკიცებენ, რომ ისინი ანტიამერიკული რიტორიკით კი არა, ამერიკის ელჩის მისამართით საზოგადოებაში არსებული კითხვების დასმით გამოირჩევიან, რაც თავის მხრივ, დემოკრატიის მაჩვენებელია, სახელმწიფოს სუვერენიტეტზე მიუთითებს და ამას საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანაც, შესაბამისად აფასებს.

რაც შეეხება ოპოზიციურ ფლანგს, აქ წინა პლანზე წამოწეულია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” დაწყებული დაპირისპირება გავლენებისთვის, პარტიის მთავარი დამფინანსებლის – დავით კეზერაშვილის ფულისთვის. აგრეთვე, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, დაპირისპირებულ გუნდებს შორის სასურველი კანდიდატის მოყვანისთვის. ამ დაპირისპირებაში კი ყველაზე აქტიურად მელია-ხაბეიშვილის დუეტი გამოირჩევა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ღირსეული კანდიდატები არიან “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე.

აღსანიშნავია, რომ “ენმ”-ს მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია, მერაბიშვილ-კეზერაშვილისთვის მიუღებელია და რევოლუციური ხელისუფლების ეს ორი მაღალჩინოსანი თავიანთი დიდი ფულით და გავლენებით, ლევან ხაბეიშვილს სწყალობს. მედიაში ისიც დაიწერა, რომ ხაბეიშვილს კეზერაშვილმა თბილისში ბინა უყიდა. კეზერაშვილი აფინანსებდა ხაბეიშვილის „ანტიკორუფციულ მოძრაობასაც“, რომელიც ტენდერებთან დაკავშირებით ხმაურიან განცხადებებს აკეთებდა და ძირითადად, დედაქალაქის მერს უპირისპირდებოდა.

ფაქტია, რაც ნაცმოძრაობაში ხდება, შემთხვევითი არაა. ეს უფრო დიდი წინასაარჩევნო სცენარის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც ეს მოძალადე პარტია, როგორადაც ის 9-წლიანი მმართველობის დროს მოგვევლინა, დემოკრატიულ, დასავლურ და საზოგადოების მიერ ფართოდ მხარდაჭერილად უნდა წარმოჩინდეს 2024 წლის არჩევნებისთვის. უფრო კონკრეტულად კი, ამ სცენარის მიზანია საპარლამენტო არჩევნებისთვის მზა პროდუქტი ანუ მზა პოლიტიკური ძალა იყოს ხელისუფლების გადასაბარებლად. თითქოს ერთი შეხედვით აქ გასაკვირი არაფერია, რადგან ბევრი ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადით ხელისუფლებაში ვეღარ მოვა (დასავლეთი მხარს არ დაუჭერს), მაგრამ მავანთ და ამ სცენარის ავტორებს ავიწყდებათ, რომ გადაწყვეტილებას ქართველი ხალხი იღებს, რომელიც 2012 წლიდან ყველა არჩევნებზე აფიქსირებს, რომ საქართველოს ხელისუფლების სათავეში სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის ვერც მთავარი საყრდენი – “ნაციონალური მოძრაობა” მოვა და ვერც მისი ანასხლეტები, ბოკერია-ვაშაძის სახით.

შეიძლება ვინმესთვის დღეს ამ ე.წ. სცენარზე საუბარი ნაადრევია ან სულაც, ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის პარტიაში დაწყებული შიდა დაპირისპირების პარალელურად, აქტიურად გამოჩნდნენ რევოლუციური ხელისუფლების მთავარი სახეები და სისხლიანი რეჟიმის გამმართლებლები. მედია სივრცეში, ან სოციალურ ქსელში მათი აქტივობა არავის გაუკვირდებოდა, რომ არა ისევ მათი მუქარანარევი ტონი და რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებების მხარდაჭერა. იგივე სულხან მოლაშვილის საქმის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს სამომავლოდ ბოძზე გაკვრითაც ემუქრება. ეს იდეა უკრაინის მაგალითზე გაუჩნდა.

პოლიტიკური ბრალდებების ავტორ გრიგალაშვილს ძალადობრივ და მუქარანარევ ტონში არც ლევან ხაბეიშვილი ჩამორჩა, რომელიც ხელისუფლებას და მის მხარდამჭერებს „პოლიტიკური წარღვნით“ ემუქრება და თავისი ჭკუით, აფრთხილებს – „მაგრად დაგერხათო“.

ნეტა, საკუთარი სიტყვების მართლა თუ სჯერა თავად ხაბეიშვილს და იმ ადამიანების, ვინც მას აგულიანებს?! რომელი „პოლიტიკური წარღვნით“ იმუქრება და ვის იმედად?!. ეტყობა, დაავიწყდა, რომ სააკაშვილის ჯერ გაშლილ და შემდგომ დაშლილ თანამებრძოლებს, ქვეყნის უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს ერთი მარტივი მიზეზის გამო – უბრალოდ, ამ ადამიანებმა ვერ გააცნობიერეს ქართველი კაცის ბუნება, რომ აღარაფერი ვთქვათ, ისტორიულ მეხსიერებასა და გენეტიკაზე. აბა, შარვალჩახდილთა კოჰორტას და მათ ტაშისმკვრელთა „მრავალათასიან“ არმიას, ეს ყველაფერი საიდან?.. წარღვნა კი არა, უმჯობესია, კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ შეგულიანებულმა ხაბეიშვილმა, ამბიციები ცოტა მოთოკოს და ფულზე გაყიდულების, გავლენის აგენტების, პოლიტიკური ვაჭრებისა და სულგაყიდულების იმედად არ დაელოდოს „წარღვნას“. ესეც დიდი საქმეა არამხოლოდ ნაცმოძრაობისთვის.

ხაბეიშვილის პარალელურად სოციალურ ქსელში სააკაშვილის რეჟიმის არცთუ შეუმჩნეველი სახე – გიორგი არველაძეც გამოჩნდა თავისი „ბრძნული“ აზრებით. რატომ გამოჩნდა გასაგებია – წინ 2024 წლის არჩევნებია. მაგრამ გამოჩენაც არის და გამოჩენაც – “ყველა ნაცი პატრიოტიაო”, აცხადებს.

არველაძეს, ამ პოსტიდან გამომდინარე, ეტყობა, რომ მეხსიერება ღალატობს და უმჯობესია შევახსენოთ, რომ ნაციონალების „პატრიოტიზმის“ გამოვლინებაა ცხინვალის რეგიონში ოკუპირებული სოფლების, მისი სათაყვანებელი პრეზიდენტის მხრიდან, ქვების გროვად მოხსენიება. ქვეყნის „პატრიოტობაა“, აბა რა, როცა შიშით, თვითმფრინავის ხმაზე დამფრთხალი ძირს გორაობს სახელმწიფოს მთავარსარდალი ომის დღეებში და თავს მსოფლიოს ჰალსტუხის ღეჭვით ამახსოვრებს. სხვა ბევრი რამეც არის ნაციონალების „პატრიოტობის“ დამადასტურებელი, ყველას ჩამოთვლას თავი რომ დავანებოთ,  მათი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები და ათობით სტრატეგიული ობიექტის ოკუპანტი რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებში მოქცევაც კმარა.

მოკლედ, მედიის მიერ მივიწყებული ნაციონალების გამოფენის პარალელურად, სცენარის შემადგენელი ნაწილი იქნება სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული გავლენიანი არასამთავრობოების მობილიზება, რომელთა სოლიდური დაფინანსებაც, ძირითადად, ლიბერალური დასავლეთის, იგივე ლგბტ ინტერესებს ხმარდება და არა, რეალურად ქართული სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობას.

ასე რომ, წინ საკმაოდ აქტიური და დაძაბული 2023 წელი გველის. გარდა იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღების საკითხი გადაწყდება, ადგილზე გამოიკვეთება ის პოლიტიკური ძალაც, რომელიც პროდასავლური იმიჯით შეეცდება დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებას და პირველ თუ არა, მეორე და მთავარ პოლიტიკურ ძალად დაფიქსირდება, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით ისარგებლებს.

 

გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი