წარსულით სავსვე თბილისური ქარვასლები

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმის თვის თემა თბილისურ ქარვასლებს ეხება.

თბილისური ქარვასლები სიონის ქუჩაზე

თბილისის ქარვასლები ძირითადად კალაში, დაახლოებით, სიონის ტაძრის ირგვლივ იყო კონცენტრირებული. შემორჩენილთაგან უმრავლესობა XIX საუკუნის შუა ხანასა და II ნახევარშია აგებული და სტრუქტურული ერთგვაროვნებით ხასიათდება. შიდა ეზოსკენ შენობა ყველა მხრიდან რკინის ან ხის აივნებით არის მიმართული. ქარვასლებში ვაჭარ-ხელოსანთა დუქნები და სასტუმრო ოთახები იყო გამართული. ნაგებობებს განასხვავებს ზომა, სართულიანობა და ფასადისა თუ ინტერიერის სტილისტური გადაწყვეტა. ძველი თბილისის ქარვასლები ქალაქის ისტორიაა. ბევრი მათგანი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილად იქცა, ზოგი ჯერ ისევ ელის ფუნქციას, ზოგში კი, საცხოვრებელი ბინებია განთავსებული.

ერთ-ერთი ასეთი ქარვასლა ერეკლე II-ის ქუჩაზე მდებარეობს. ნაგებობა ქუჩის მხრიდან ორსართულიანია, ერეკლე II-ის შესახვევის მხრიდან კი – სამსართულიანი. შენობის კლასიცისტური სტილის ფასადი დამშვენებულია თბილისური ხის შუშაბანდით. ნაგებობას მთელ პერიმეტრზე გაჭრილი სარკმლების რიგი მიუყვება. სწორედ ამ სარკმლებით ნათდება გვირაბი, რომლის საშუალებით დატვირთული ქარავნები შედიოდნენ ქარვასლის გადახურულ ეზოში. შენობას აქვს აგურის ორიარუსიანი სარდაფი, სადაც განთავსებული იყო სახელოსნოები და დუქნები, ზედა სართულზე – სასტუმრო ოთახები. მეორე სართულის შიდა სივრცეს გარს ეკვრის ხის ღია აივანი. ამჟამად ქარვასლა საცხოვრებელი სახლია.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია თეკლეს ქარვასლის სახელით ცნობილი ნაგებობა სიონის ქუჩაზე. იგი 1795 წელს სპარსელებისგან დანგრეული “მეფის ფუნდუკის” ადგილას არის აშენებული და ერეკლე მეფის ასულს – თეკლე ბატონიშვილს, ეკუთვნოდა. ნაგებობა ეკლექტურია, მისი ფასადები ევროპულ-მავრიტანული, კლასიცისტური და ისლამური სტილის ნიშნებს ატარებს.

თეკლე ბატონიშვილის ქარვასლა იგივე მეფის ფუნდუკი

შემორჩენილთაგან უძველესია ე.წ. არწრუნის ქარვასლა. ამ ადგილას პირველი ქარვასლა ჯერ კიდევ როსტომ მეფემ ააშენა 1650 წელს და მოგვიანებით, თბილელ ეპისკოპოსს უბოძა. 1795 წელს, აღა მაჰმად ხანის შემოსევისას, დანგრეული შენობის ადგილას XIX საუკუნის I ნახევარში, ძველი საძირკვლის გამოყენებით არწრუნის ქარვასლა აშენდა. 1855 წელს მომხდარი ხანძრის შემდეგ ნაგებობა გადააკეთეს. ქარვასლამ თავდაპირველი ფუნქცია 1920-იან წლებამდე შეინარჩუნა. ქარვასლაში, 1985 წლიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმი, იოსებ გრიშაშვილის სახ. თბილისის ისტორიის მუზეუმია. თვით მუზეუმი, იმჟამად მუნიციპალური მუზეუმი, დაარსდა 1910 წელს. მის ფონდებში დაცულია 50 000-მდე ექსპონატი, რომელიც თბილისის ტერიტორიაზე მცხოვრებთა ისტორიას და კულტურას ასახავს უძველესი დროიდან დღემდე. აქ წარმოდგენილია არქეოლოგიური მასალა – ბრინჯაოს და რკინის აირაღი, ლითონის, მინის, თიხის, ქაშანაურის, ფაიფურის ჭურჭელი, სამკაულები, საბეჭდავები, მონეტები და დროშები, საყოფაცხოვრებო ნივთები; აქვეა თბილისის ამსახველი ძველი ფოტოები, რუკები, გეგმები, ფერწერული ტილოები და სხვ. ქარვასლის შენობაში ეწყობა დროებითი თემატური გამოფენებიც.

არწრუნის იგივე თბილელის ქარვასლა სიონის ქუჩაზე

არსებობს შენობები, რომლებიც თითქოს ისეა წარსულით სავსე, რომ აღარ შესწევს ძალა, ახალი ბინადრების ყოფა დაიტიოს. სწორედ ასე დაღლილად გამოიყურება დღეს, სიონის ქუჩაზე ერთ დროს ამაყად მდგარი ქარვასლები.

 

ელენე ვადაჭკორია


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი