82 წლის წინ ამ დღეს არმაზის ბილინგვა აღმოაჩინეს
არმაზის ბილინგვა, მცხეთის არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული ორენოვანი ეპიტაფია, რომლის ერთი ტექსტი ბერძნულად არის ნაწერი, მეორე არამეულად – არამეული წარმოშობის არმაზული ასოებით. წარწერა ნაპოვნია არმაზისხევში 1940 წლის 25 ნოემბერს, ტექსტი გიორგი წერეთელმა 1941 წელს გაშიფრა. წარწერა თარიღდება 150 წლით. არამეულ წარწერაში მოხსენიებულია ფარნავაზ I და ფარსმან II ქველი.
არმაზის ბილინგვის აღმოჩენამ და ამოშიფვრამ ნათელი მოჰფინა პირველი საუკუნეების საქართველოს პოლიტიკის და კულტურის ისტორიის ბევრ საკითხს. წარწერაში მოხსენიებული არიან II საუკუნის იბერიის (ქართლის) სახელმწიფოს მეთაურნი და თანამდებობის პირები. არმაზის ბილინგვის მეშვეობით დადასტურდა, რომ პირველ საუკუნეებში ქართლის სახელმწიფოს სათავეში ედგა მეფე, რომელიც იბერიის მეფის ტიტულს ატარებდა. ქართლის სამეფო კარზე იყო ინსტიტუტები პიტიახშებისა (დიდი და მცირე პიტიახშებისა) დ ეზოსმოძღვრის. სხვა ოფიციალური დოკუმენტებისათვის, ბერძნულთან ერთად ან უიმისოდ, გამოიყენებოდა არმაზული დამწერლობა, რომელიც ქართულს ენათესავება.
ელენე ვადაჭკორია