თბილისის სახიფათო ზონები და მაღალსართულიანი შენობებით გადაღლილი დედაქალაქი

ინტერვიუ გეოლოგთან

თბილისი დიდი ხანია ქაოსურად ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქს უკვე აქვს ურბანული განვითარების გენერალური გეგმა, ბოლო წლების არასწორი განაშენიანების მძიმე შედეგებისგან, ქალაქს ის ვეღარ დაიცავს. თავის დროს, თბილისური საზოგადოების ვნებათაღელვის ფონზე მიმდინარეობდა თამარ მეფის ხიდთან, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩასასვლელ გზასთან არსებულ ფერდზე მრავალფუნქციური კომპლექსის – King David-ის მშენებლობა. არსებობდა მოსაზრება, რომ დიდ დატვირთვას კლდე ვერ გაუძლებდა.

აღნიშნული კლდიდან ხშირია ქვათაცვენა, რის გამოც წლის სხვადასხვა პერიოდში გზის გადაკეტვა ხდება საჭირო. რამდენიმე დღის წინ, კლდიდან მიწა ჩამოიშალა, კლდიდან ხე მოწყდა და სატრანსპორტო გზა ჩახერგა. საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რამდენად გამართლებულია სეისმურად საშიშ ზონებში მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა და მსგავს მშენებლობებს, რა რისკები ახლავს თან? – ამ საკითხებთან დაკავშირებით მედია სააგენტო “24”-ს გეოლოგი გურამ რაზმაძე ესაუბრა.

– თქვენი შეფასებით, რამ გამოიწვია King David-თან კლდის ჩამოშლა?

– საზოგადოებაში მუსირებს აზრი, თითქოს კლდე King David-ის მშენებლობის გამო ჩამოინგრა. როგორც ვიცი, საკმაოდ სერიოზული კვლევებია ჩატარებული, სანამ ეს შენობები აშენდებოდა. მოდავეთა მხრივ, ცოტა რთულია რამის დამტკიცება. მაგრამ ჩემი ნება, რომ იყოს, თბილისში, 8 და 10-სართულიან სახლებზე მაღალი შენობების აშენების უფლებას არ გავცემდი. ელემენტარულად, თბილისი სეისმურად აქტიურ ზონაშია. წარმოიდგინეთ, თბილისი ადრე სეისმურობის თვალსაზრისით 7-ბალიან ზონაში იყო და სახლები ამ გათვლით შენდებოდა. ახლა თბილისი გადავიდა 8-ბალიან სეისმურ ზონაში.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, ბალიანობის მომატებამ რა შეცვალა?

– 12 სართულზე მაღალი სახლების მშენებლობა, ამ შემთხვევაში, კანონის დარღვევაა. ბალიანობის მომატება მნიშვნელოვნად აძვირებს სახლის თვითღირებულებასაც. გამომდინარე აქედან, როდესაც ასეთ სეისმურად აქტიურ ზონად ვითვლებით, გარკვეული შეზღუდვები უნდა მოქმედებდეს. ჩვენი ქალაქის მიმართ ნორმალური მიდგომა თუ გვაქვს, მთელი მშენებლობა გეოლოგიურ დასკვნაზე უნდა იყოს აგებული. ციკლი ასეთია: გეოლოგიური დასკვნის შემდეგ, კეთდება კონსტრუქცია, შენობის ტექნიკურ მხარეს მთლიანად კონსტრუქცია განაგებს. მათი შეთანხმებით უნდა გადაწყდეს, როგორი ტიპის შენობა უნდა აშენდეს. მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ შენობის არქიტექტურას ექცევა ყურადღება. არქიტექტურის განსაზღვრით შენდება შენობები და გეოლოგიურ კვლევას აკეთებენ დამატებით, მოვალეობის მოხდის მიზნით. არადა, პირიქით უნდა იყოს. ყველაფერი გეოლოგიურ დასკვნაზე უნდა აეწყოს.

– ამ თვალსაზრისით, რომელი ზონაა დღეს დედაქალაქში განსაკუთრებით სახიფათო?

– დღეს ვაკეში რაც ხდება, დანაშაულია. ფალიაშვილის, ბარნოვის, აბაშიძის ქუჩების ასე გადატვირთვა წარმოუდგენელია. მდინარე დიღმურას ხეობა ავიღოთ, კალაპოტი არ არსებობს, მაგას უკვე აღარაფერი ეშველება. შენობები უკვე აშენებულია. ამ ტერიტორიის ელემენტარულ მოწესრიგებას უკვე, არ ვიცი, რა თანხები დასჭირდება. ჩათვალეთ, რომ მანდ ერთ-ერთი დაძაბული კერა გვაქვს. ძალიან საყურადღებოა ვეძისი-ვაშლიჯვრის მონაკვეთები, მანდაც არის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული უბანი. დაძაბულობას განაპირობებს დასუსტებული ქანები, რომლებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მანდ ხიმინჯები 30-40 მეტრის სიღრმეზე უნდა ჩავიდეს, რომ გამოფიტულ ქანებს გასცდეს. ზოგადად, საბურთალო და ვაკე, მშენებლობის კუთხით, ორი ურთულესი უბანია. უფლება არ მაქვს, ვინმეს პროფესიონალიზმში ეჭვი შევიტანო, მაგრამ ერთი ვიცი, მშენებლობები გათვლილია იმაზე, რომ კომპანიებს, რაც შეიძლება მეტი მოგება დარჩეთ, კოეფიციენტების დევნაში სართულიანობა მოუმატონ, ამაზე მიდის ერთი ამბავი.

 

 

– ბუნებრივი კატასტროფების მიმართ თბილისი გახდა მოწყვლადი, ხომ არ გვემუქრება 2015 წლის წყალდიდობის სტიქიამ ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანა, რა არის გამოსავალი, რომ ეს თავიდან ავიცილოთ?

– სტიქიას და ბუნებრივ მოვლენებს ვერავინ გაექცევა, თუმცა შესაძლებელია თავის დაცვა. საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი მთაგორიანია და ასეთი რელიეფი თითქმის ყველა რეგიონისთვის წარმოადგენს მეწყრული მოვლენების, ღვარცოფების და ზვავის საშიშროებას. ბუნებას თავისი კანონები აქვს და ამ კანონებს, გვინდა თუ არა, უნდა დავემორჩილოთ. არ შეიძლება ბუნებასთან თამაში, თუმცა, რის საშუალებასაც ის გაძლევს, უნდა გამოიყენო და გაუფრთხილდე. საშიში ზონები და უბნები საკმაოდ ბევრია, როგორც მთელი საქართველოს, ასევე, დედაქალაქის ტერიტორიაზეც. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღება უნდა მივაქციოთ, სად ვაშენებთ და როგორ ვაშენებთ. შეიძლება 5-10 წელიწადი სტიქია არ განმეორდეს, მაგრამ ქალაქი მზად უნდა იყოს და ეს მომზადება, ზუსტ და ხარისხიან მშენებლობებზეა დამოკიდებული.

– რა გამოსავალი არსებობს შექმნილი არასახარბიელო ვითარებიდან?

– უნდა დარეგულირდეს მდინარეების კალაპოტები, ზოგ შემთხვევაში – გაფართოვდეს. ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს იქ არსებული კომერციული და საცხოვრებელი ნაგებობებისგან. ზოგადად, ძალიან კარგი პროექტები ხორციელდება და კეთდება, მაგრამ ამას სჭირდება დალაგება, სად და როგორ ავაშენოთ. აი, ეს არის მთავარი. ქართველებს არ გვიყვარს ზომიერება. რაც შეიძლება ბევრი უნდა ავაშენოთ, ეს არასწორია. საერთოდ, ოპტიმისტი ადამიანი ვარ და მაინც ვფიქრობ, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვან პრობლემას, სათანადო ყურადღება მიექცევა. თუ ასე არ მოხდება, ძალიან სერიოზულ შედეგებს შევეჯახებით.

ესაუბრა ელენე ვადაჭკორია


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი