ფიროსმანის ახალი ფოტო აღმოაჩინეს – 28 წლის მხატვარი ძირძველ ხაშურელებთან
ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების ფეისბუქგვერდი ფოტოსურათს ავრცელებს, სადაც სავარაუდოდ, ცნობილი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანია აღბეჭდილი.
ფოტო, იოსებ ლომსაძის ოჯახში, ხიდირბეგიშვილების კოშკისა და ხაშურის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის უბანში აღმოჩნდა, სადაც ფიროსმანი ხაშურში მუშაობის პერიოდში ცხოვრობდა.
მხატვარი 1890 წლის 14 აპრილიდან 1890 წლის 23 ოქტომბრამდე ხაშურში რკინიგზაზე მემუხრუჭე კონდუქტორად მუშაობდა.
ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების ინფორმაციით, ფოტო სავარაუდოდ მე-19 საუკუნის ბოლოს, ფოტოსტუდიაშია დაბეჭდილი და მასზე 28 წლის ფიროსმანი ძირძველ ხაშურელებთან და ვაჭრებთან – თევდორაშვილებთან ერთად არის გადაღებული.
“ფოტოზე ფიროსმანი აღბეჭდილია სწორედ იმ წრის ადამიანებთან, რომელ წრეშიც ის მუდამ ტრიალებდა; პიროვნება, ვისი ოჯახიდანაც ფოტო წამოვიღეთ, იოსებ ლომსაძე, დედის მხრიდან, არის შთამომავალი თევდორაშვილების ცნობილი ოჯახიდან, რომლებიც ძირძველი ხაშურელები და ვაჭართა წარმომადგენლები იყვნენ. ოჯახის დიდი პაპა, კოლია თევდორაშვილი ხელოვანი ადამიანი, ხაშურის თეატრის მსახიობი იყო”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ფოტო ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დარბაზში გახსნილ გამოფენაზე – „რკინიგზა ხაშურში-150″ პირველად არის წარმოდგენილი.
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის წარმომადგენლები ითავისებენ იმას, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა ასეთი განაცხადის გაკეთება, როცა ფოტოზე ფიროსმანის არსებობა მეცნიერულად არ არის დადასტურებული. მათი მიზანია, საზოგადოებამ იმსჯელოს ამ თემაზე.
“ბედნიერები ვიქნებით, ჩვენი ვარაუდების კიდევ უფრო განმტკიცებას თუ შევძლებთ”, – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
თაკო ბოკუჩავა