თბილისში ფუნიკულიორის მოწყობა მთაწმინდის პლატოს განაშენიანების იდეამ განაპირობა
ფუნიკულიორის დაარსების ისტორია
XIX საუკუნის დასაწყისიდან, მთაწმინდის რაიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია, თავადი გაბაშვილების სამფლობელოდ ითვლებოდა. სწორედ ამ პერიოდში, საქართველოში ივანე პოლტორაცკი ჩამოვიდა, რომელიც ქართველი საზოგადო მოღვაწე და მწერალ ილია ჭავჭავაძის მეგობარი იყო. მან ცოლად ნადეჟდა გაბაშვილი შეირთო. სწორედ იმ გაბაშვილების შთამომავალი, რომლის ოჯახსაც მთაწმინდის პარკის ტერიტორია ეკუთვნოდა.
მთაწმინდის პარკისა და ფუნიკულიორის დაარსებაში, გაბაშვილებსა და პოლტორაცკებს, დიდი წვლილი მიუძღვით. ივანე პოლტორაცკის, პირველი ქორწინებიდან, ვაჟი – ილია პოლტორაცკი ჰყავდა, რომელსაც სახელი ილია ჭავჭავაძის პატივსაცემად დაარქვეს და რომელიც პარიზში მოღვაწეობდა. სწორედ მან აღმოაჩინა ბელგიური ფირმა და მთაწმინდაზე ფუნიკულიორის მოსაწყობად საქართველოში თანხა გამოგზავნა.
იმ პერიოდში დედაქალაქი სახეს მალე იცვლიდა და მთაწმინდაზე გასეირნების მსურველთა რიცხვიც ნელ-ნელა იზრდებოდა. ბევრს სურდა, რომ მშენებარე ქალაქისთვის ზემოდან გადმოეხედა, ამიტომ ასასვლელად საჭირო იყო გზის გაყვანა. მთაწმინდის რელიეფის შესაფერისი გზა კი, სამთო-საბაგირო რკინიგზა ანუ ფუნიკულიორი იყო, რომელიც ლათინური სიტყვიდან – “ფუნის” წარმოდგება და ბაგირს, თოკს ნიშნავს.
იმ პერიოდში ასეთი გზები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაჰყავდათ. მალე საქმის მოთავეც გამოჩნდა, საქართველოს ბელგიური საზოგადოების წევრი და თბილისის “კონკას” დირექტორი, ბელგიელი ინჟინერი ალფონს რობე, რომელმაც მთაწმინდის მიწების ნაწილი შეიძინა და ზღვის დონიდან 727 მეტრზე, მტკვრის დონიდან კი, 380-400 მეტრზე ფუნიკულიორი გაიყვანა. მან ფუნიკულიორის მშენებლობის იდეა, 1896 წელს წამოაყენა და გადაწყვეტილება ქალაქის თვითმმართველობას გააცნო.
მოლაპარაკებები სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1900 წლის ივლისში, თბილისის თვითმმართველობამ, ქალაქში ფუნიკულიორის გაყვანის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა და რობის პროექტი დაამტკიცა. როგორც კი ხელშეკრულება გაფორმდა, ბელგიელმა მთაწმინდის მიწა ნაკვეთებად დაყო და აგარაკების სახით, მისი გაყიდვა დაიწყო. ფიქრობდა, რომ მთაწმინდის პლატოს, ახალი დასახლებისთვის გამოიყენებდნენ. იქვე ადგილი ფუნიკულიორისთვისაც დატოვა. თუმცა, ვაჭრობა ნელი ტემპით მიმდინარეობდა, რამაც აგარაკების მფლობელები გაანაწყენა და რობის წინააღმდეგ საქმე აღძრეს. ამ ფაქტმა ინჟინერი იძულებული გახადა, მშენებლობა მაშინვე, 1903 წლის სექტემბერში დაეწყო.
პროექტი ფრანგმა ინჟინერმა, ბლანშმა შეადგინა. არქიტექტურულად კი, ალექსანდრე შიმკევიჩმა დაამუშავა. გზის მშენებლობას ბელგიელი ინჟინერი რაგოლერი ხელმძღვანელობდა, რომელსაც იტალიელი ინჟინერი, ფონტანა-როსი ეხმარებოდა.
ცნობილია ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულების ფარგლებში, ფუნიკულიორს 45 წლის განმავლობაში, ექსპლუატაციას ბელგიის ანონიმური საზოგადოება გაუწევდა. შემდეგ კი, ქალაქს უსასყიდლოდ გადაეცემოდა.
ხელშეკრულების მიხედვით, 5 წლამდე ბავშვები, ფოსტის დამტარებლები და პოლიცია-ჟანდარმერიის თანამშრომლები, უფასოდ იმგზავრებდნენ. მშენებლობაში დიდი წვლილი, ცნობილმა საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძემაც შეიტანა. რკინაბეტონის სამუშაოები ფუნიკულიორის ესტაკადისთვის, ანუ ხიდისებრი ნაგებობისთვის, რომელზეც რკინიგზა გადის, სწორედ ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და მხარდაჭერით შესრულდა.
ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წლის სექტემბერში დაიწყო და 1905 წლის 27 მარტს გაიხსნა. მის გახსნას ნიკო ფიროსმანმა დიდი ფერწერული ტილო მიუძღვნა. მშენებლობის პირველი ეტაპი რომ დასრულდა, რუსეთის იმპერიაში და განსაკუთრებით თბილისში, 1905-1907 წლებში, პირველი რევოლუცია დაიწყო. ქალაქში არეულობა და არასტაბილური მდგომარეობა იყო. ცხადია, სამშენებლო ბიზნესი წინ ვერ წავიდოდა, თუმცა, ქალაქს ფუნიკულიორი დარჩა.
ფუნიკულიორის რკინიგზას სამი გაჩერება აქვს. შუა გაჩერებით მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადავდივართ. ზედა სადგურზე კოშკურებიანი ორსართულიანი ნაგებობა – “როტონდა” აიგო, სადაც იმავდროულად კაფე-ბარი და რესტორანი იყო განთავსებული. საბოლოოდ, ფუნიკულიორის მშენებლობა 1904 წელს დასრულდა და ეს თარიღი ლიანდაგზეც არის აღბეჭდილი.
მშენებლობაზე 400 ათასი მანეთი დაიხარჯა. მისი სიგრძე 501 მეტრი იყო. თავდაპირველად ვაგონი სამი კუპესგან შედგებოდა და თითოში 8 მგზავრი ეტეოდა. ვაგონს ორი ბაქანი ჰქონდა, 24 მგზავრისთვის. მოგვიანებით, ეს ორი ბაქანი კუპედ გადაკეთდა და მასში გრძელი სკამები დაიდგა. თითოეული ვაგონის წონა, 4 000 კილოგრამს აღწევდა. ვაგონები ერთმანეთს გვერდს, გზის შუა ნაწილში უვლიდნენ. ერთი გეზს ფუნიკულიორის ზედა სადგურისკენ იღებდა, მეორე კი, ქვემოთ. მგზავრობა, ასვლა-ჩამოსვლა, 20 კაპიკი ღირდა.
1905 წლის იანვარში, “ივერიის” ერთ-ერთ ნომერში ასეთი ცნობა გაჩნდა:
“გუბერნიის სატეხნიკო კომისიამ და ქალაქის ინჟინრებმა ფუნიკულიორი დაათვალიერეს და მას მუშაობის ნება დართეს. როგორც კომისია ამბობს, ვაგონის ასვლა-ჩამოსვლას ექვსი წუთი დასჭირდა, გზაში ვაგონის შესაჩერებელი მანქანა-ტორმუზიც მოსწონებია კომისიას”.
ფუნიკულიორის პირველი რეკონსტრუქცია 1936-1938 წლებში ჩატარდა, დაძველებული ზედა სადგურის ადგილას ახალი აშენდა, მეორე კი – 1968-1969 წელს. ამჯერად, ძველი ქვედა სადგურის ნაცვლად, ახალი შენობა აიგო, ვაგონების ძარები შეიცვალა და ფუნიკულიორთან მისასვლელი მოედანიც გაფართოვდა. ამჟამად, ფუნიკულიორის ზედა სადგურის შენობაში, რესტორანი ფუნქციონირებს. შენობის მეორე სართულზე კი, კოკა იგნატოვის პანოა განთავსებული.
სალომე ხომასურიძე