ფული გაჩუმების და ჯანმრთელობის სანაცვლოდ – რა საფრთხის წინაშეა ზოდის მოსახლეობა

რატომ სჭირდება კომპანიას კომპენსაციის გადახდა კანონიერი ქმედებისთვის?

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი ზოდის ახალგაზრდები წინაპართა დატოვებულ მიწებს იცავენ. მათი მტკიცებით, სოფელი ეკოლოგიური საფრთხის წინაშეა და დაუშვებელია, ამას გულგრილად უყურონ. მანგანუმის მოპოვება ტურისტული და სოფლის მეურნეობის პოტენციალის განვითარების ნაცვლად – ეს არის პრინციპი, რომლითაც ყველა ის ადამიანი მოქმედებს, ვინც ამ უკანონო ქმედებაზე გაჩუმებულია. სოფელში, სადაც არაერთი ისტორიული ძეგლია, მოსახლეობის ნაწილი ემიგრაციაშია, ნაწილი კი, ძირითადად ახალგაზრდები, კომპანია “ჯორჯიან მანგანეზშია” დასაქმებული. სოფელში უმეტესად ასაკოვანი ადამიანები ცხოვრობენ.

როგორც მედია სააგენტო “24” -თან საუბრისას ზოდის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, ნიკო გაფრინდაშვილმა განაცხადა, სოფლის “გადარჩენის” ისტორია ზაფხულში დაიწყო, როდესაც ზოდში მცხოვრები კოტე აბდუშელიშვილი ღია კარიერული მოპოვების ფაქტებს წააწყდა და სამუშაოების კანონიერებით დაინტერესდა. აღმოჩნდა, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” მხრიდან ბევრი უკანონო ქმედება ხორციელდებოდა. კომპანია საბადოს ღია კარიერული წესით ამუშავებს, რაც ეკოლოგიური კატასტროფის რეალურ სურათს ქმნის.

“ეს ჩვენი მიწებია. ჩვენი მშობლები, ბებია-ბაბუები აქ ცხოვრობენ. როგორ შეიძლება ამ ფაქტს გულგრილად მივუდგეთ?! არ გვინდა ჩვენ ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნას. ყველა ადამიანი საკუთარ სახლში თავს დაცულად უნდა გრძნობდეს. არ გვინდა ჩვენი წინაპრების დანატოვარს საფრთხე შეექმნას და დავკარგოთ აქაურობა, ისე როგორც ჭიათურის სხვა სოფლებს დაემართა”, – გვითხრა ნიკო გაფრინდაშვილმა.

სოფელ ზოდის “გადარჩენის” მოძრაობის წევრების პროტესტი ამ ეტაპზე, ძირითადად, ვიდეო მიმართვებით, ხალხის ინფორმირებითა და შესაბამის სამინისტროებთან ურთიერთობით შემოიფარგლება. ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა, მათ შორის, ზოდიდან გადასახლებულებს.

“გვსურს ჩვენი ხმა ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანასოფლელებსაც მივაწვდინოთ და ნათლად დავანახოთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ გაგრძელდება ღია კარიერული მოპოვება”, – ამბობს ნიკო გაფრინდაშვილი.

ბუნებრივად ისმის კითხვა, რატომ მუშაობს კომპანია ყველანაირი წესის დარღვევით და რატომ არ არსებობს დასკვნა იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა მანგანუმის ღია კარიერული მოპოვება გარემოსთვის და ადამიანებისთვის?

როგორც ნიკო გაფრინდაშვილმა გვითხრა, კოტე აბდუშელაშვილს “ჯორჯიან მანგანეზის” წარმომადგენელი შეხვდა.

“შეხვედრაზე, როდესაც კოტემ სამუშაოების შეჩერება მოითხოვა, მათ გარკვეული თანხა შესთავაზეს, რა თქმა უნდა, გაჩუმების სანაცვლოდ”, – გვითხრა ნიკო გაფრინდაშვილმა.

მისი აზრით, კომპანია გარემოს დაცვითი თუ სოციალური თვალსაზრისით, უკანონობას სჩადის და ამიტომ ცდილობს ადამიანების ფულით მოსყიდვას.

 

 

საფრთხე დიდია, თუმცა ამ დრომდე საფრთხის შემფასებელი ერთი ადამიანი ვერ მოიძებნა. ნიადაგის ნაყოფიერი ფენა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდება. კომპანიის წარმომადგენლები კი, მას პირდაპირ გრუნტს ურევენ, რის შედეგადაც მის ნაყოფიერებას ანადგურებენ. არსებობს ნიადაგის დაცვის რეგლამენტი, კანონები, თუმცა ამას ყურადღება არ ექცევა. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, არცერთი კარიერის ტერიტორიაზე არც ერთი ხე არ არის აღრიცხული. ამ შემთხვევაში, აუცილებელი იყო ტაქსაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ სანამ კონკრეტულ ფართობზე ხეები მოიჭრება, მანამ უნდა შეფასდეს ხარისხობრივი, სახეობრივი და ასაკობრივი თვალსაზრისით. ხოლო შეფასების შემდგომ ლიცენზიის მფლობელმა გარემოზე ზემოქმედების სანაცვლოდ, უნდა შეასრულოს კონკრეტული საკომპენსაციო ღონისძიებები.

“მცირე კვლევა ჩავატარეთ და დავადგინეთ, რომ კარიერის ტერიტორიებზე არის ხეების დაცული სახეობები. მათ შორის, წაბლის და იმერული მუხის ხეები, რომელიც წითელი წიგნის ნუსხაშია შეტანილი. როგორ შეიძლება ამის უგულებელყოფა იმ დროში, როდესაც ისედაც ყველაფერი ჩაბეტონებულია? ჩვენი, როგორც სოფლის მოსახლეობის ვალდებულება მათი დაცვაა”, – განუცხადა “24”-ს ნიკო გაფრინდაშვილმა.

როგორც აღმოჩნდა, პროექტი, რომლის მიხედვითაც კომპანიამ მანგანუმი უნდა მოიპოვოს, არ არსებობს. კანონის ფარგლებში სწორედ ამ პროექტის მიხედვით უნდა განხორციელდეს ტერიტორიის ათვისება.

აღსანიშნავია, რომ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” მანგანუმის მოპოვების ვადა 7 ჰა ფართობზე 2026 წლამდე აქვს.

“ძალა ერთობაშია! რაც უფრო მეტი ადამიანი გააპროტესტებს უკანონო მოპოვებას, მით მეტი შანსია, რომ ეს პროცესი შეწყდეს”, – აცხადებს გაფრინდაშვილი.

სოფელ ზოდის მოსახლეობა შველას ითხოვს. დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება. როგორც გვითხრეს, პროტესტის ეს ფორმა შედეგს თუ ვერ გამოიღებს, უკიდურეს ფორმასაც მიმართავენ და შესაძლოა, საპროტესტო აქციები გამართონ. თემის პოლიტიზება არ სურთ, ამიტომ მხარდაჭერისთვის, რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის არ მიუმართავთ. მათი აზრით, ეს წმინდა ეროვნული საქმეა და პოლიტიკოსები ამ პრობლემით თავად, აქამდეც უნდა დაინტერესებულიყვნენ.

“მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც კომპანიასთან თანამშრომლობს და თანხმობა განაცხადა, რომ მათ კუთვნილ ნაკვეთებში მანგანუმი მოიპოვონ, მინდა შევახსენო, რომ მანგანუმის მტვერი საშიში და საზიანოა ადამიანისთვის”, – განაცხადა ნიკო გაფრინდაშვილმა.

მისი თქმით, სოფელში მონიშნულია, როგორც კერძო პირის მიწები, ასევე სახელმწიფო ტერიტორიები, რომლებიც საცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოსაა და ღია კარიერული მოპოვების უარყოფითი შედეგები ადამიანის ჯანმრთელობაზე და უძრავ ქონებაზე თვალსაჩინოა.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, მედია სააგენტო “24” საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილ მინისტრს, არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრების” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ ღია კარიერული მოპოვება ნორმალურ წესად ითვლება სამთო მადნის მოპოვების დარგში, ოღონდ ნებისმიერი ღია კარიერი უნდა იყოს სწორად გახსნილი.

მისივე შეფასებით, ჭიათურაში მანგანუმის „მტაცებლური მოპოვება” მიმდინარეობს და იქ სწორად გახსნისა და მოპოვების მაგალითები არ არსებობს.

“საკითხთან დაკავშირებით რიგი პრობლემებია, რომელიც არც სახელმწიფოს და არც მოსახლეობის იმ ნაწილს არ ადარდებს, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა ფულზე გაყიდა”, – ამბობს ყოფილი მინისტრი.

ნინო ჩხობაძის თქმით, კომპანიებს, რომლებიც მანგანუმს მოიპოვებენ, ხშირად არც პროექტი აქვთ და არც ძიება ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, თუ ზუსტად, სად მოიპოვონ. აგრეთვე, არც ის იციან, რომელ ნიშნულამდე უნდა ჩავიდნენ.

„როდესაც არ არსებობს გეგმა და არც ხელშეკრულებაშია გაწერილი, თუ როდის უნდა გაკეთდეს რეკულტივაცია, სად უნდა დაასაწყობონ ფუჭი ქანი – ეს არ არის ღია კარიერული მოპოვება. სწორედ ამიტომ გვაქვს ჭიათურაში ასეთი სავალალო მდგომარეობა”, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

მოგეხსენებათ, სოფელ ზოდის ერთადერთ შემოსავალს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, მიწის დამუშავება და შინაური პირუტყვის ყოლა წარმოადგენს. ღია კარიერული მოპოვებით კი, მათ საქმიანობას საფრთხე ექმნება. გარდა საკარმიდამო ტერიტორიების დაკარგვისა, საფრთხე ექმნება სოფლის საძოვრების ნაყოფიერებას. საქართველოში ღია კარიერული მოპოვება ასოცირდება სოფლის ერთადერთ საარსებო წყაროს – ბუნების განადგურებასთან.

 

 

პრობლემა მხოლოდ მოპოვების წესების უგულებელყოფასთან როდი მთავრდება. მთელს ამ მავნებლობას გაგრძელებაც აქვს.

„ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე გამდიდრებულ კოოპერატივებს აქვთ ქარხნები, სადაც მანგანუმს რეცხავენ, ნარეცხ მასას უშვებენ მდინარეში, რომელსაც მოსახლეობა სარწყავად და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით იყენებს. მანგანუმის მოპოვების შედეგად, ბინძურდება წყაროები, რაც შემდგომში ქმნის სასმელი წყლის პრობლემას”, – ამბობს ნინო ჩხობაძე.

მისი თქმით, ასევე, დაუშვებელია მანგანუმის სატვირთოს ღია ძარით გადატანა. ამ დროს ვრცელდება მავნე ქიმიური მტვერი, რაც ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. გარდა ამისა, ინგრევა გზები და საბოლოო ჯამში, ეს ისევ დისკომფორტს მოსახლეობას უქმნის.

როგორც ნინო ჩხობაძემ გვითხრა, მანგანუმის არასწორი ღია კარიერული მოპოვება და წესების დაუცველობა შესაძლოა, მრავალი დაავადების მიზეზი გახდეს, მათ შორის, გამოიწვიოს კანის პრობლემები, რომ აღარაფერი ვთქვათ, სასუნთქი გზების პრობლემებზე.

“გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ამას აუცილებლად იგრძნობენ”,- განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

მასალის მომზადების პერიოდში მედია სააგენტო “24”-ი არაერთხელ დაუკავშირდა კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” პრესსამსახურს. მოითხოვეს კითხვების გადაგზავნა, მაგრამ უშედეგოდ. ჩვენს კითხვაზე, აქვთ თუ არა, გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შეფასებისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფაზე ექსპერტიზის დასკვნები, ადასტურებდნენ თუ არა მოსახლეობის მოსყიდვის შესახებ ინფორმაციას, პასუხები ვერ მივიღეთ.

ქეთა მელიქიშვილი