დადიანების სასახლეში აღდგენითი სამუშაოები იწყება

საქართველოს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმმა, აშშ-ის საელჩოს 300 ათას დოლარიანი გრანტი მოიპოვა, რომელიც დედოფლისეული სასახლის რამდენიმე საგამოფენო დარბაზის რეაბილიტაციას, ასევე – ისტორიული ნივთების რესტავრაციასა და კონსერვაციას მოხმარდება.

დადიანების სასახლე. სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი.

ქალაქ ზუგდიდში მდებარე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნაგებობა, დადიანების სასახლე, დღეისთვის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს წარმოადგენს. სასახლე მე-17 საუკუნეში ოდიშის მთავარმა – ლევან II დადიანმა ააშენა. ის სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული: ნიკოსეულ სასახლესთან, მთავარისეულ ტაძართან და დეკორატიულ ბაღთან ერთად.

დედოფლისეული სასახლე XIX საუკუნის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის – რაისის მიერ, რომელმაც სასახლის II სართულის თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა.

1921 წელს დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დაარსდა, რომელიც სამეგრელოს მთავრის – დავით ლევანის ძე დადიანის – ძველ ნივთთა საცავ-საგანძურსა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეებს აერთიანებს.

ამჟამად მუზეუმში 44 475 ექსპონატია დაცული, მათ შორის: ძვ. წ. I ს. – ახ. წ. XIX ს-ის ოქრომჭედლობის ნიმუშები, ანტიკური საბერძნეთისა და ძველი კოლხეთის კულტურის ამსახველი არქეოლოგიური მასალა, ქრისტიანული სიწმინდეების კოლექცია, ევროპული გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, სამეგრელოს მთავართა, საფრანგეთის, რუსეთის, ესპანეთის საიმპერატორო ოჯახის წევრთა რელიკვიები, XV-XIX ს-ის ხელნაწერი წიგნები, ნაპოლეონ ბონაპარტესა და დადიანების ბიბლიოთეკა, ევროპისა და აზიის საბრძოლო იარაღების ნიმუშები, რუსი ”პერედვიჟნიკების”, ფრანგი ბატალისტებისა და ინგლისელი ”მარინისტების” ფერწერული ტილოები, მდიდარი ფოტოფონდი, ფრანგული, გერმანული, ჩინური, რუსული და სხვა წარმომავლობის ბროლის, ფაიფურ-ფაიანსის ჭურჭელი და სხვ.

აღსანიშნავია, რომ გრანტით გათვალისწინებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებში, ზუგდიდის დადიანების სასახლის თანამშრომლებსა და უცხოელ კოლეგებთან ერთად, ხელოვნების სასახლის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან. სამომავლოდ, საგამოფენო სივრცეების მეცნიერული კვლევა და სრული რეაბილიტაციაც იგეგმება.

 

თაკო ბოკუჩავა


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

პირველი სრული გამოცემა კავკასიის ისტორიის შესახებ უკვე ხელმისაწვდომია

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

“ქობულეთს სათვალის საკუთარი ბრენდი ჰქონდა” – მოგონებები ძველ ქალაქზე

პოდკასტი