ქმრის გამო “დასჯილი” ქალის საიდუმლო – 29 ნოემბერი კირა ანდრონიკაშვილის დაბადების დღეა

1908 წლის 29 ნოემბერს ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი, ცნობილი მსახიობის, ნატო ვაჩნაძის და, კირა ანდრონიკაშვილი დაიბადა.

კინორეჟისორი 1926-1928 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა, 1929–1931 წლებში კი, მოსკოვში – იური ზავადსკის თეატრ-სტუდიაში. 1936 წელს, კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა. 1923 წლიდან კი, ფილმებში ნატო ვაჩნაძესთან ერთად იღებდნენ.

კირა ანდრონიკაშვილის პირველი მნიშვნელოვანი როლია ელისო, ნიკოლოზ შენგელაიას ფილმში ,,ელისო“, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. ეს იყო მსახიობის მთავარი როლი, ქართული მუნჯი კინოს შედევრში.

კირა ანდრონიკაშვილი მხატვრულ ფილმებზე რეჟისორის ასისტენტად და მეორე რეჟისორად მუშაობდა. 1950-1960 წლებში, მისი რეჟისორობით, ქართულ ენაზე 15-მდე უცხოური ფილმი იყო დუბლირებული, რომელთა შორის იყო: ,,ოტელო“ და ,,წყნარი დონი“.

აღსანიშნავია, კირა ანდრონიკაშვილის ტკივილით გაჟღენთილი სასიყვარულო ისტორია. მსახიობმა, მომავალი მეუღლე, ,,ელისოს“ გადაღებებზე გაიცნო. გერმანული წარმომავლობის რუსი პოეტი ბორის პილნიაკი კირას, ფილმის რეჟისორმა ნიკოლოზ შენგელაიამ და ტიციან ტაბიძემ გააცნეს.

შემდეგ კირას ცხოვრებაში, სარეჟისორო ფაკულტეტზე სწავლის წლები იყო. უცნობია, როგორი ფილმების გადაღებას აპირებდა, ან სამომავლოდ, რა გეგმები ჰქონდა, რადგან 1937 წელს, მისი მეუღლე, სტალინისთვის პოეტების დასაცავი წერილის გაგზავნის გამო დახვრიტეს. კირა ანდრონიკაშვილი კი, ასტანაში, სამშობლოს მოღალატეთა ცოლების ბანაკში გადაასახლეს.

ასევე, უცნობია ის გზა, რომელიც კირამ ამ პერიოდში გაიარა. ,,ტყვეობიდან“ მისმა დამ, ლეგენდარულმა მსახიობმა ნატო ვაჩნაძემ დაიხსნა, რომელმაც ერთ-ერთ დეკადაზე სტალინს უთხრა: ,,ჩემი და ხომ არაფერ შუაშია“.

ამის შემდეგ კირა საქართველოში დაბრუნდა, თუმცა, ბანაკში განვლილი ტანჯვა, სიცოცხლის ბოლომდე საიდუმლოდ შეინახა. მსახიობი 1960 წლის 24 თებერვალს, 52 წლის ასაკში, თბილისში გარდაიცვალა.

სალომე ხომასურიძე