ნატო 14 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას ადასტურებს – “შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს”

ბუქარესტში ნატოს სამიტი მიმდინარეობს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე ისაუბრა. სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის კარი ღიაა და ბუქარესტის სამიტზე 14 წლის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნატო არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით ასრულებს.

“ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით 2008 წლის ნატო-ს სამიტზე. 2008 წლის შემდეგ, ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ პარტნიორობა საქართველოსა და უკრაინასთან”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

საქართველოს მხარდასაჭერი განცხადება და ნატოს ღია კარის პოლიტიკის მიმართ ერთგულება ერთხმად დაადასტურეს ნატოს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმაც.

“შავი ზღვის რეგიონს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით შეხვედრებს ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ჩვენ მტკიცედ ერთგული ვართ ალიანსის ღია კარის პოლიტიკის და ყველა იმ გადაწყვეტილების, რომელიც მივიღეთ საქართველოსა და უკრაინის მიმართ”, – აღნიშნულია ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებაში.

სამიტზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ომში მყოფ უკრაინაზე. იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის სამხედრო და ფინანსური დახმარება უნდა გაგრძელდეს.

“ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ პრეზიდენტ პუტინს გამარჯვებაში და უნდა უზრუნველვყოთ უკრაინის გამარჯვება“ -აცხადებს სტოლტენბერგი.

ბუქარესტის 2008 წლის წლის სამიტის შემდეგ, იმავე წელს საქართველო, ხოლო შემდეგ 2014 და 2022 წლებში უკრაინაც რუსული აგრესიის სამიზნე გახდა. ამიტომ ნატოს მთავარი ამოცანა ალიანსის პარტნიორი სახელმწიფოების გაძლიერებაა იქამდე, სანამ ქვეყნები ნატოს წევრები არ გახდებიან.

მინისტერიალზე, წევრმა სახელმწიფოებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ ყველაფერს გააკეთებენ რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინის წარმატებისთვის. მათ შორის გაგრძელდება უკრაინისთვის შეიარაღების აქტიური მიწოდება. დღეს ნატოს მინისტერიალზე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. საუბრის მთავარი თემა რუსული ოკუპაცია იქნება.

ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი