“კავკასიის რეგიონში დასავლეთის პოზიციები სუსტდება – უნდა შეიქმნას ახალი ალიანსი”

ინტერვიუ ვახტანგ მაისაიასთან: “შეიმჩნევა რეგიონული ჰეგემონების – რუსეთის, თურქეთისა და ირანის პოზიციების გაძლიერება”.

ვახტანგ მაისაია

2022 წელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის საკმაოდ ცხელი და დაძაბული აღმოჩნდა – ფეთქებადსაშიში კავკასიის რეგიონი, ყარაბაღის დაუსრულებელი კონფლიქტი, ევროპის შუაგულში მიმდინარე რუსეთ-უკრაინის ომი. ევრაზიის კონტინენტზე მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ, საინტერესო პროცესები ვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. 8 ნოემბერს გამართული არჩევნების შედეგად, რესპუბლიკურმა პარტიამ კონგრესში უმრავლესობა მოიპოვა, სენატი კვლავ დემოკრატებმა შეინარჩუნეს. ამას ემატება ისიც, რომ ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს. ცხელი გეოპოლიტიკური პროცესების ფონზე, როგორ უნდა უზრუნველყოს საქართველომ საკუთარი უსაფრთხოების დაცვა? –  ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მედია სააგენტო “24”-ს პოლიტოლოგი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ესაუბრა.

 

– როგორ აისახება მსოფლიოში მიმდინარე პროცესებსა და უკრაინაზე აშშ-ის შუალედური არჩევნები?

– რესპუბლიკელებმა უმრავლესობა ქვედა, წარმომადგენლობით პალატაში მოიპოვეს, ვითარება ზედა პალატაში კი რესპუბლიკელებისთვის მაინცდამაინც სახარბიელო არ არის. სენატში დემოკრატებმა გარკვეულწილად შეძლეს მანდატების შენარჩუნება, თუმცა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის პოზიციები მყიფე და თანაბარია. პოლონეთში რუსული წარმოების რაკეტის ჩამოგდების შემდეგ, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 37 მლრდ აშშ დოლარის გამოყოფა მოითხოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამერიკა განაგრძობს აღებულ კურსს და არ მგონია, რომ აშშ-ში რესპუბლიკელების მოსვლით, რაიმე შეიცვალოს. ალბათ, იქნება ბიპარტიული კონსენსუსი უკრაინასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ამ საშიში ინციდენტის შემდეგ. იმედია, ასეთი ინციდენტი არ განმეორდება, მაგრამ ვინ იცის…

– რა პროცესები ვითარდება აშშ-ის საშინაო პოლიტიკაში? აქვს დონალდ ტრამპს შანსი, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტი მეორე ვადით გახდეს?

– რამდენადაც პარადოქსული უნდა იყოს, თუ ბაიდენი კვლავ წამოაყენებს თავის კანდიდატურას, ტრამპს, მისთვის დამახასიათებელი ქარიზმით, გამარჯვების შანსი აქვს. ტრამპის შანსები იზრდება ამერიკაში ძალიან სერიოზული ფინანსური, ეკონომიკური კრიზისის ფონზე. ინფლაცია 8%-ს აღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის საერთაშორისო პოლიტიკური პროცესები, რომელთანაც აშშ -ს უწევს გამკლავება. ძლიერდება ჩინეთის ფაქტორიც, ტრამპი ჩინეთთან გაწონასწორების პოლიტიკის სტრატეგიას ახორციელებს. ჩინეთი 2 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება და გლობალურ დონეზე, უფრო მკაფიოდ იტყვის თავის სათქმელს. ტრამპის შანსები გახდეს 2024 წელს პრეზიდენტი დიდია მანამ, სანამ სხვა ლიდერები არ გამოჩნდებიან რესპუბლიკური პარტიიდან. ორივე პარტია – როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელები, ლიდერობის სერიოზულ დეფიციტს განიცდიან. ასეთი მძიმე სიტუაცია, ამ მხრივ, ალბათ ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში არ დაფიქსირებულა მთელი 100 წლის განმავლობაში.

– რუსეთ-უკრაინის ომისა და რეგიონში არსებული ფეთქებადსაშიში სიტუაციის გათვალისწინებით, რა პროცესები მიმდინარეობს კავკასიაში?

– რეგიონი არის საკმაოდ სერიოზული პრობლემების ერთგვარი ბირთვი. კავკასია პირდაპირ ემიჯნება შავი ზღვის აკვატორიას, რომელიც საბრძოლო მოქმედებების მთავარი არეალია. რეგიონში შეიმჩნევა რეგიონული ჰეგემონების – რუსეთის, თურქეთისა და ირანის – პოზიციების გაძლიერება. სამწუხაროდ, სუსტდება დასავლეთის პოზიციები, რაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. რა თქმა უნდა, მთიანი ყარაბაღის საკითხი, არ მოხსნილა დღის წესრიგიდან, თუმცა სომხური მხარე მზად არის აზერბაიჯანულ მხარესთან გააფორმოს სამშვიდობო ხელშეკრულება. მაგრამ სიტუაცია ზოგადად რთულია. ამას ემატება სხვადასხვა ასიმეტრიული საფრთხეები, ნარკოტრეფიკი, დამნაშავეთა ჯგუფები, “ტერორიზმის აჩრდილი”, რომელიც არსად წასულა, რასაც თურქეთში მომხდარი 2 აფეთქება ადასტურებს. შედეგად, ჩვენს რეგიონში სიტუაცია მართლაც დრამატულია და ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ამ მიმართულებით.

– რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოს შეუძლია უსაფრთხოების გამოწვევებს გაუმკლავდეს?

– ჩვენ უფრო მეტი მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ უკრაინელ ხალხს და უკრაინას. ამის ძალიან კარგი საშუალებაა უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა გაეროს მიერ მიღებულ რეზოლუციებში და ეს პოლიტიკური აქტი უნდა გაგრძელდეს. აუცილებელია, ეკონომიკური, ფინანსური და პოლიტიკური ურთიერთობების გააქტიურება, უკრაინასა და საქართველოს ერთიანი რეგიონული უსაფრთხოების სისტემის ფარგლებში, საერთო პროექტების განხორციელება, იგივე სუამი ან ბისეკი. შესაძლებელია, თუნდაც ახალი ტიპის ალიანსური ტრიოს ჩამოყალიბება მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, რათა რუსული ნეოიმპერიალიზმის შესაკავებლად ერთად უფრო ეფექტიანად ვიმოქმედოთ.

 

ესაუბრა ინგა ფუტკარაძე


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

ვინ არის ადამიანი, რომელიც ორ მარტორქას უვლის

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

დღეს მსოფლიო ოკეანის დღეა

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

პოდკასტი