ქალაქის ისტორიული თაღი მძღოლის შეცდომას და მერიის გულგრილობას შეეწირა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალაქ სიღნაღში, XVIII საუკუნის ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილი – თაღი დაზიანდა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ტრაილერი დაეჯახა, რომელსაც ირანის მოქალაქე მართავდა. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სამართალდამცავები. საქმეში ჩაერთო ყველა შესაბამისი უწყება. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები, რომლებმაც განაცხადეს, რომ ისტორიულ გალავანს უახლოეს ხანებში აღადგენენ.

როგორც მედია სააგენტო “24”-ს სიღნაღის მცხოვრებლებმა განუცხადეს, ბოლო წლებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ქალაქის ამ ისტორიულ თაღში თურქული და ირანული ტრაილერები შეცდომით ხვდებიან. ამ დროის განმავლობაში თაღი ზიანდებოდა და საბოლოოდ, ჩამოინგრა. საქმე ისაა, რომ თბილისი-ლაგოდეხის გზაზე მოძრავ სატვირთოების მძღოლებს გზა ეშლებათ, შეცდომით სიღნაღში შედიან და თაღში იჭედებიან.

“ამ სატვირთო მანქანების გამო, დიდი ხანია თაღი დაზიანებული იყო. სიღნაღის გალავანს 2 თაღი აქვს. ორივე მათგანი უნდა გაიაროს მანქანამ, რომ ქალაქის ცენტრში მოხვდეს. სოფელ ანაგიდან რომ ამოდიხარ, მანდ გხვდებათ პირველი თაღი, სწორედ ის, რომელიც ჩამოინგრა”, – განგვიმარტეს სიღნაღელებმა.

მათივე ინფორმაციით, თაღს დიდი ხანია რესტავრაცია არ ჩატარებია. მაშინ, როცა წლების განმავლობაში სატვირთოს მძღოლებს გზა ეშლებათ, ქალაქის ისტორიული ძეგლი კი, ამის გამო ზიანდება, შესაბამის სამსახურებს დროულად უნდა ეზრუნათ დამატებითი საგზაო ნიშნების განთავსებაზე და ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.

“ასეთი პრობლემები იქმნება, ე.ი. საკმარისად არ არის საგზაო მინიშნებები გაკეთებული, დაშვებულია თუ არა მაღალი სატრანსპორტო საშუალებების ამ თაღში შესვლა. სანამ არ ჩამოაქციეს გალავანი, ყურადღება არავინ მიაქცია”, – აცხადებენ ადგილობრივები.

მომხდართან დაკავშირებით მედია სააგენტო ,,24’’ არქიტექტორ ვახტანგ დავითაიას გაესაუბრა. მისი თქმით, არსებობს სატრანსპორტო ნორმები, რომელიც ყველა ქალაქში მოსიარულე მძღოლმა უნდა დაიცვას.

,, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში არსებობდა სატრანსპორტო ნორმები, რომელიც ქალაქების მიხედვით იყო განსაზღვრული. ყოველ 15 მეტრზე იყო შესაბამისი მითითების მქონე ნიშანი და ამას მძღოლებიც ითვალისწინებდნენ. დღეს, ამ კუთხით, როგორც ვხედავთ, ცუდი მდგომარეობაა”, – განაცხადა დავითაიამ.

სიღნაღის ციხე-გალავანი 1762 წელს, მეფე ერეკლე მეორეს დროს აშენდა. ის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის ძეგლია. სასახლის კედლები 40 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული, გალავნის სიგრძე 4 კილომეტრამდეა.

 

თაკო ბოკუჩავა