ღვინის დაძალება აკრძალულია! – მოლხენა აკაკის სახლში
ამ ერთი პატარა მენიუს ფურცლის მნახველს, დღესაც ბევრს გაუჩნდება დროის მანქანით XIX საუკუნის საქართველოში გამგზავრებისა და აკაკისთან სტუმრობის სურვილი.
ცნობილი ფაქტია, რომ ქართველ პოეტსა და მწერალს, აკაკი წერეთელს ხელგაშლილი ცხოვრება და დროსტარება ძალიან უყვარდა, ამის გამო, თითქმის ყოველთვის ვალები ჰქონდა. მიუხედავად ამისა, აკაკი ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციას არასდროს ივიწყებდა. არქივში არსებობს 1899 წლის 25 ივლისში შედგენილი მენიუ, რომელიც აკაკის სახლში მოლხენის ერთ დღეს ასახავს.
ამ ერთი პატარა მენიუს ფურცლის მნახველს, დღესაც ბევრს გაუჩნდება დროის მანქანით XIX საუკუნის საქართველოში გამგზავრებისა და აკაკისთან სტუმრობის სურვილი.
როგორც მენიუდან ჩანს, აკაკიმ სტუმრებისთვის არც შემწვარ-მოხრაკული და არც ტკბილეული დაიშურა. წვნიანი, სულგუნი, რაჭული ლორი ღომით, ცივი დედალი, გოჭი შინდის ჩურჩით, ვარიები ისრიმ-მაყვლით, მაყვლის ფელამუში, ნაყინვი და მრავალი სხვა კერძით აკაკი საჩხერეში, დაბა სხვიტორში, სტუმრებს გულუხვად გაუმასპინძლდა.
სოციალურ ქსელში, მომხმარებლები აკაკის ერთ-ერთი ქეიფიდან საინტერესო ეპიზოდს იხსენებენ: “აკაკი ერთ ოჯახში წვეულებაზე იმყოფებოდა. შეზარხორშებულმა თამადამ ღვინით სავსე ყანწი მიართვა, რომელიც აკაკიმ არ დალია. თამადამ აკაკის უთხრა, თუ არ სვამდი, ყანწი რატომ გამომართვიო და ღვინო თავზე გადაასხა. მოგვიანებით ნადიმი აკაკიმაც გამართა, სადაც ის თამადა მიიწვია. შუა ქეიფში აკაკიმ თამადა თავის საწერ მაგიდასთან დასვა. კალამი მისცა და უთხრა, ლექსი დაწერეო. თამადამ კი უპასუხა, ბატონო აკაკი მე ლექსის წერა არ შემიძლიაო. აკაკი “შურისძიებისთვის” მოემზადა, თამადას მელანი თავზე გადაასხა და მიუგო, თუ ლექსის წერა არ შეგეძლო კალამი ხელში რად გიკავია და მაგიდას რატომ მიუჯექიო”. (ამ ისტორიის უტყუარობას “24”-ის რედაქცია ვერ დაადასტურებს).
ინგა ფუტკარაძე