“ვინ თქვა, რომ სააკაშვილი ციხეშია? უბრალოდ, გარეთ ვერ გამოდის” – სამედიცინო დასკვნის პოლიტიკური შემადგენელი

ინტერვიუ ლადო პაპავასთან: პოლიტიკურად მოტივირებული ექიმები პაციენტისთვის საშიშია

ლადო პაპავა

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებისა და ქართველ ექსპერტთა ჯგუფის მიერ დადებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის ფონზე, მსჯავრდადებულის დაცვის მხარემ სასამართლოს მიმართა მოთხოვნით, რომ მსჯავრდადებულის მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილს ან სასჯელი გადაუვადონ, ან პატიმრობიდან კონკრეტული სს კოდექსის იმ ნორმების საფუძველზე გაათავისუფლონ. სააკაშვილის ოჯახმა პარალელურად ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ ლობისტურ კომპანიასთან, რომელმაც უკრაინის მოქალაქე სააკაშვილის პიარი უნდა აწარმოოს დასავლეთში, ამერიკის პოლიტიკურ წრეებში და შედეგად, მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა და მომხრეებმა, მისი ერთ დროს ამერიკის ვარსკვლავთბიჭუნას – „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედის, თავისუფლება მოიპოვონ.

არის თუ არა სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების პირობა „ემპათიის“ დასკვნა, ჩანს თუ არა ამ ყველაფერში სიმულაციის ნიშნები და რატომ ითხოვდნენ საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, როცა ამერიკა, ბრიტანეთი და თუნდაც, ბალტიისპირეთის ქვეყნები დღემდე განაგრძობენ რუსეთთან ვაჭრობას? – ამ საკითხების ირგვლივ მედია სააგენტო “24”-ს პროფესორი ლადო პაპავა ესაუბრა.

-არის თუ არა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის თემა პოლიტიკური წნეხის ქვეშაა და რას იტყვით, ამ მხრივ განვითარებულ მოვლენებზე?

-მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურაა, ამიტომ, რაც არ უნდა იყოს მასთან დაკავშირებული – ჯანმრთელობის, ავადმყოფობის, თუ სიმულაციის თემა, ყოველთვის პოლიტიკურად გამორჩეული იქნება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური წნეხი ყურადსაღებია. პრობლემა კი იმაში გახლავთ, რომ რამდენად სანდოა ის დასკვნა, რომელიც მედიკოსებმა მოამზადეს. მე, რა თქმა უნდა, მედიკოსი არ ვარ და არანაირი უფლება არ მაქვს შევიტანო ეჭვი ექიმები დასკვნაში, მაგრამ ისინი რომ პოლიტიკურად მოტივირებულები არიან, რომ რამენაირად სასჯელის აღსრულებიდან თავი დააძვრენინონ მიხეილ სააკაშვილს, ეს ხომ ყველასთვის ნათელია. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ მთავრობა ჩამოაყალიბებს მათ შორის, ავტორიტეტული უცხოელი ექიმების მოწვევით პროფესიულ და არა პოლიტიკურად მოტივირებულ სამედიცინო კომისიას, რომელიც დადებს მართლაც იმ დასკვნას, რომლის ნდობაც შეეძლება საზოგადოების დიდ ნაწილს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სულ იმის განცდა გვაქვს, რომ სიმულაციით მიხეილ სააკაშვილი პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას ცდილობს. და კიდევ ერთი – მისი ნებისმიერი ფორმით გაშვება თავისუფლებაზე, გამოიწვევს საზოგადოებაში ძალიან დიდ მღელვარებას. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ! ძალიან ბევრი ოჯახია გამწარებული. ამიტომ ამ საკითხს, რა თქმა უნდა, თავისი მნიშვნელოვანი პოლიტიკურ კონტექსტი აქვს…

 

“პრეზიდენტობა პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის ინდულგენცია არ არის”.

“ერთ წელიწადზე მეტია, რაც დააპატიმრეს, მაგრამ ამ პერიოდის დიდი ნაწილი საავადმყოფოში აქვს გატარებული”.

 

 

ერთი რამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ პოლიტიკური სიმპათიის (რაც უშუალოდ ყველა მოქალაქის პრეროგატივაა არჩევნებში დააფიქსიროს) მიუხედავად არ შეიძლება მედიკოსები იყვნენ პოლიტიკურად მოტივირებულები. ისინი, უწინარეს ყოვლისა, უნდა ზრუნავდნენ ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობაზე. ხოლო პრეზიდენტობა პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის ინდულგენცია არ არის. ასევე წარმოიდგინეთ, ჰიტლერს რომ თავი არ მოეკლა და მერე გაესამართლებინათ, შემდეგ კი სიმულაციით პასუხისმგებლობისგან თავი აერიდებინა… იმ პროფაშისტურ, აშკარად აგრესიულ, ანტიჰუმანურ რეჟიმს, რომელიც ჩამოყალიბდა სააკაშვილის გამოისობით, სჭირდება შესაბამისი პოლიტიკური (და არა მარტო პოლიტიკური…) შეფასება. ცუდია, რომ თავის დროზე, „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ განახორციელა და ახლა ვიმკით იმის შედეგს, რაც არ გაკეთდა 2013, ან, თუნდაც, 2014 წელს.

– თქვენი აზრით, ბრალდებები და კრიტიკა, რაც დასავლეთიდან ისმის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და სასამართლო პროცესთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობის საკითხია?

-გარკვეული აზრით, ეს ასეა. უნდა გავიხსენოთ ბიძინა ივანიშვილის პოზიცია, რომელიც მაშინ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო, როცა თქვა, რომ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს უნდა მოვექცეთ არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც ქართველ ხალხს შეჰფერისო. ეს ძალიან ჰუმანური პოზიცია, სამწუხაროდ, გადმოტრიალებულად აღიქვეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, კერძოდ, რომ ახალ ხელისუფლებას დამნაშავეების დასჯის უნარი არ შესწევთ. რისთვის ჩამოვიდა სააკაშვილი არალეგალურად საქართველოში? თვითონვე განაცხადა – ქვეყნის ასარევად, რევოლუციის (სინამდვილეში, სახელმწიფო გადატრიალების) მოსაწყობად. სხვა მიზანი ხომ არ იყო. თან როგორ ჩამოვიდა, შემოიპარა, საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. სასამართლო პროცესები ჯერ დასრულებული არ არის. თანაც, ერთი რამე უნდა გვახსოვდეს – ვინ თქვა, რომ სააკაშვილი ციხეში ზის? მართალია, ერთ წელიწადზე მეტია, რაც დააპატიმრეს, მაგრამ თავისი ამ დაკავების პერიოდის დიდი ნაწილი საავადმყოფოში აქვს გატარებული. თანაც არა ციხის საავადმყოფოში, არამედ თბილისის ერთ-ერთ საუკეთესო სამოქალაქო საავადმყოფოში. ვინ ზის ციხეში? უბრალოდ, გარეთ ვერ გამოდის და ეს აქვს შეზღუდული. ამიტომ, მოდით, რეალობას თვალი გავუსწოროთ. პრეზიდენტობა არ არის ინდულგენცია და ჩვენ თუ ამას დავუშვებთ, შეიქმნება ძალიან ცუდი პრეცედენტი, როცა იქნება იმის მოლოდინი, რომ თუ შენ პრეზიდენტი ან პრემიერი-მინისტრი ხარ, შენ შეგიძლია, რაც გინდა ის ჩაიდინო და მერე კი სიმულაციის და დაქირავებული უცხოური პიარკამპანიების ხარჯზე ყველაფერი თუ არა, ბევრი რამ გეპატიება.

-უცხოელი ექიმების მონაწილეობით შექმნილი კომისია ქვეყნის ხელისუფლებას ექიმთა კონსილიუმის დასკვნის სანდოობისთვის სჭირდება თუ ამით დადასტურდება სააკაშვილის მხრიდან სიმულაციის ფაქტი, რაზეც საუბრები ისმის?

– სიმულაციას აქვს თუ არა ადგილი, მე ექიმი არ ვარ, მე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვი. სააკაშვილის ოჯახმა (უშუალოდ დედამ) დაიქირავა უცხოური პიარკამპანია, რაც აშკარად ყურადსაღებია. ამიტომ სანდოობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – სანდოობას სამედიცინო შეფასებაში. ზოგიერთი ქართველი ექიმისგან ნამდვილად მიკვირს, როცა პროფესიონალიზმზე უფრო მაღლა პოლიტიკურ ინტერესს აყენებენ. რომ გაგიჭირდეს კაცს, ასეთ ექიმთან არ უნდა მიხვიდე! თუ ექიმი ხდება პოლიტიკურად მოტივირებული და აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ვინმეს არ მოსწონს სააკაშვილი, შესაძლოა ისეთი მკურნალობა დაუნიშნოს, რომ დააზარალოს კიდევაც. როგორ შეიძლება ასეთი ქმედება და როგორ არის ეს თავსებადი სამედიცინო ეთიკასთან – ეს ნამდვილად არ მესმის. ამაზე რეაგირება, უწინარეს ყოვლისა, თვითონ სამედიცინო საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს. ამ შემთხვევაში ნებისმიერი პაციენტის ინტერესებიდან გამოვდივარ. პოლიტიკურად მოტივირებულ ექიმებთან მისვლა პაციენტისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან საშიშია…

“დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს”

“ყველა მხრიდან გრძელდება საქართველოზე ზემოქმედება. რუსეთს საქართველოში შემოჭრა აღარ სჭირდება, ის უკვე აქ არის”.

 

-სააკაშვილის თემით ხდება იგივე იმ 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესის გადაფარვა, რომელიც მოსთხოვეს ხელისუფლებას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. ხელისუფლებამ პარლამენტში ორი მოსმენით დამტკიცების შემდგომ, ვენეციის კომისიას მაინც გადაუგზავნა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელიც უკრაინის მსგავსი კანონის ანალოგია. რას ნიშნავს მმართველი გუნდის ეს დაგვიანებული ნაბიჯი?

-კარგი გააკეთა პარლამენტმა, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში მაინც გადააგზავნა. საუკეთესო შემთხვევაში, თუ შესაბამისი ინსტიტუციები არის გამართული, ქვეყანას არც დეოლიგარქიზაციის კანონი სჭირდება და არც ანტიკორუფციული სააგენტო. მაგრამ, რადგანაც ეს ჩაიწერა 12 პუნქტიან მოთხოვნაში, ჩვენ გარკვეულწილად „ხარკი“ უნდა გადავუხადოთ ბრიუსელს და ვაჩვენოთ, აი, ბატონო, ეს ინსტიტუციებიც გვაქვს. საზოგადოდ, როცა რაიმე კანონზე იწყება მუშაობა და ამის გამოცდილება ქვეყანაში არ არის, როგორც წესი, ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რომელიმე უცხოური ქვეყნის კანონის „იმპორტი“. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საერთაშორისო სტანდარტი არ არსებობს, თუმცა არსებობს უკრაინული კანონი, რომელიც დადებითად შეაფასა ბრიუსელმა, როცა უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. აქედან გამომდინარე საქართველოს პარლამენტს, სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ეხელმძღვანელა სწორედ უკრაინული მოდელით. პრაქტიკულად მოხდა კანონის გადმოქართულება ანუ გადმოთარგმნა და მიბმა საქართველოს კონსტიტუციასთან, ქართულ საკანონმდებლო სივრცესთან. რადგანაც ძალიან დიდია მოთხოვნა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომ გაგზავნილიყო კანონპროექტი ვენეციის კომისიაში, ამიტომ გაიგზავნა კიდეც. თუ კი, იქიდან რაიმე განსაკუთრებული შენიშვნა ან რეკომენდაცია იქნება, მაშინ შეიძლება კანონპროექტის გაწვევა, მასში ცვლილებების შეტანა და მისი თავიდან ინიციირება.

-დაბოლოს, უკრაინის ომიდან გამომდინარე დაწესებულ სანქციებზე ვისაუბროთ. მსოფლიოს არაერთი ქვეყანა შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და ეს ქვეყნები მოუწოდებდნენ საქართველოს მთავრობას სანქციებზე მიერთებისკენ. იყო კატეგორიული ტონიც, მაგრამ გამოქვეყნდა ბლუმბერგის მონაცემები და თურმე, 40%-43% ბალტიის ქვეყნებს გაქანებული ვაჭრობა აქვთ რუსეთთან, იგივე აშშ-ს, ინგლისს, გერმანიას – პროცენტებია გამოქვეყნებული.

– ჯერ ერთი, საქართველოს მიერთება სანქციებზე, ან უშუალოდ ე.წ. „ქართული“ სანქციების დაწესება თბილისის მხრიდან, იქნებოდა შეცდომა! ეს საქართველოს უფრო დააზარალებდა, ვიდრე რუსეთს. იმავდროულად, საქართველო სრულად ითვალისწინებს ამ სანქციებს. კერძოდ, სვიფტიდან ამოვარდა მთელი რიგი რუსული ბანკი, „ვითიბი ბანკის“ ფილიალი კი საქართველოში დაიხურა. ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ საერთაშორისო ნორმები, რაც არის მიღებული სანქციებით, სრულად იქნას დაცული. უნდა ვიცოდეთ, რომ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ინიციირებული სანქციები არ არის სრულყოფილი. ჯერ ერთი, მსოფლიოს ძალიან ბევრი ქვეყანა მას არ მიერთებია (მაგალითად, ჩინეთი, ინდოეთი, თურქეთი, ისრაელი და სხვა.). მეორე, ევროკავშირის ქვეყნები იმდენად არიან დამოკიდებული რუსულ გაზსა და ნავთობზე, რომ მათ სანქციებთან სრულფასოვანი მიერთება ჯერჯერობით არ შეუძლიათ. მედიაში გაჩნდა ასეთი ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ბრენდები, რომლებმაც დატოვეს რუსული ბაზარი, სხვა პარტნიორი კომპანიების ქოლგის ქვეშ, კვლავ არიან რუსულ ბაზარზე. ასევე წავიკითხე ერთი ამერიკელი ეკონომისტის საკმაოდ საინტერესო ანალიზი იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ აშშ, ემბარგოს მიუხედავად, გარკვეულწილად შეისყიდის რუსულ ნავთობს. მექანიზმი კი ძალიან მარტივია. ინდოეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული. ამიტომ ინდოეთი რუსეთიდან შედარებით დაბალ ფასებში ყიდულობს დიდი ოდენობით ნედლ ნავთობს და ნავთობპროდუქტებად გადაამუშავებს. ხოლო აშშ, რომელიც დაინტერესებულია იმით, რომ ინდოეთი ჩინეთის საპირწონედ გააძლიეროს, ყველანაირად ეხმარება ინდოეთს ეკონომიკურ განვითარებაში და ინდოეთიდან ყიდულობს ნავთობპროდუქტებს, ანუ ირიბად აშშ მაინც ყიდულობს რუსულ ნავთობს. აშკარაა, რომ ეს სანქციები არ არის სრულფასოვანი, ხოლო „რომის პაპზე უფრო დიდი კათოლიკე“, საქართველო ვერ იქნება.

-იგივე ბალტიისპირელი დეპუტატები ძალიან აქტიურად ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან სანქციებზე მიერთებას, თვითონ კი რუსეთთან ვაჭრობენ კიდეც თურმე და არც საქართველოზე მეტი დახმარება გაუწევიათ ომში მყოფი უკრაინისთვის.

-სამწუხაროდ, საქართველო ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო და ჯერ კიდევ არის. დიდი სირთულის გადალახვა მოუწია საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ახალი ომი აეცილებინა თავიდან. მაგრამ ვინ თქვა, რომ ეს საფრთხე უკვე დაძლეულია. ყველა მხრიდან გრძელდება საქართველოზე ზეწოლა. ამის ნიშნებს ნათლად ვხედავთ. რა თქმა უნდა, დიდი როლი აქვს საქართველოს მთავრობის სიმტკიცეს, რომ ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნოს.

-ანუ სწორი პოზიცია აქვს პრემიერს და ზოგადად, ხელისუფლებას ამ გლობალური პროცესების ფონზე?

– რა თქმა უნდა. ქვეყნის პოზიციონირებით საერთაშორისო ფორმატებში საქართველო გამოდის უკრაინის მხარდამჭერად. საქართველო მოქმედებს საერთაშორისო არენაზე იმ შესაძლებლობებით, რაც ქვეყანას აქვს. უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი უკვე ოკუპირებულია, სადაც განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები. სხვა სიტყვებით, რუსეთს საქართველოში შემოჭრა აღარ სჭირდება, ის უკვე აქ არის და მასთან ომის განახლება ამ ეტაპზე ქვეყნისთვის დამღუპველი იქნება.

ესაუბრა გიორგი გლოველი


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი