“ლიბერალების” თავში მოხარშული სცენარები, განუხორციელებელი დარჩა – მერაბიშვილს დასაყრდენი გამოეცალა

ჟურნალისტის გვერდი
შორენა კოწოწაშვილი

პარტია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე შიდა ომები, სერიოზულ ნიშნულს აღწევს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ, არც საპარლამენტო არჩევნებია ახლოს და არც ისეთი სასტარტო პოზიცია აქვს სააკაშვილის პარტიას – ხელისუფლების გადაბარების გეგმები დააწყოს, რევოლუციური ხელისუფლების ნარჩენები მაინც აქტიურად ცდილობენ, სააკაშვილის მხარდამჭერებს შორის სასურველი პოზიციების დაკავებას. ეს საზოგადოების ნაწილში გარკვეულ კითხვებს და გაურკვევლობას აჩენს, პოლიტიკურ წრეებში კი ეჭვი არავის ეპარება, რომ რაც ყოფილ სახელისუფლო პარტიაში ხდება, მხოლოდ დიდ ფინანსებზე წვდომას უკავშირდება – უფრო სწორად კი, თავდაცვის ექსმინისტრ დავით კეზერაშვილის, მერაბიშვილის, სააკაშვილის და მისი ოჯახის – კუთვნილ ფინანსებზე.

“ნაციონალურ მოძრაობაში” რომ არასასურველი პროცესები მიდის, ეს აშკარაა. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა და ძლიერ პოლიტიკურ ფიგურად გამოიყურებოდა, როცა ნაციონალების მხრიდან აქტიურად ისმოდა სააკაშვილის სახელი, როგორც დევნილი პრეზიდენტის, მაშინაც ვერ შეძლო მისმა დასაყრდენმა პარტიამ ადგილზე ექსპრეზიდენტის მხარდამჭერების მობილიზება და მრავალათასიანი აქციების ორგანიზება, რის ფონზეც ყოფილი მთავარსარდალი ამაყად შემოაბიჯებდა ქართულ მიწაზე. არადა, როგორც შემდგომ გაირკვა, მას მისი მთავრობის პრემიერი – ვანო მერაბიშვილი და სხვა არაერთი ყოფილი გავლენიანი ფიგურა, არწმუნებდნენ, რომ როგორც კი ის საქართველოში დაბრუნდებოდა, დედაქალაქის მთავარი პოლიტიკური მოედანი მაშინვე ხალხით გადაიჭედებოდა და ისინი სასურველი სცენარის განხორციელებას შეუდგებოდნენ.

ერთი სიტყვით, “ლიბერალების” თავში მოხარშული სცენარები, განუხორციელებელი დარჩა, რადგანაც დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ არც თავად მერაბიშვილი და არც სხვა ლიდერი ნაცები, სააკაშვილის ბედზე დიდად არ წუხდნენ. სწორედ ამიტომ, ოდესის ყოფილ გუბერნატორს არაჟნების კონტეინერით მოუწია საქართველოში შემოპარვა და მრავალათასიანი აქციის ნაცვლად, პოლიციის თანხლებით ციხის საკანში გადანაცვლება.

მსჯავრდადებული სააკაშვილი დღეს სასჯელს, ფაქტობრივად, კლინიკა „ვივამედში“ იხდის. მისი ოჯახის წევრები და ინტერესების დამცველი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და რომ სააკაშვილი, ფაქტობრივად, სიკვდილის პირასაა. მას 34 დაავადება აქვს. ოჯახი სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვს.

შიდაპარტიული დაპირისპირების ფონზე სულ უფრო მკვეთრი განცხადებები ისმის არამხოლოდ თავად პარტიის თავმჯდომარის – ნიკა მელიას მხრიდან, რომელიც არ მალავს, რომ თუკი ის პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში დამარცხდება, მის ადგილს ამ პარტიაში ვეღარ ხედავს. თუმცა, რამდენად სერიოზულ კონკურენციას გაუწევს მოქმედ თავმჯდომარეს კეზერაშვილ-მერაბიშვილის მიერ მხარდაჭერილი – ლევან ხაბეიშვილი, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში, ამას დრო აჩვენებს, თუმცა, როგორც ჩანს, ხაბეიშვილზე მეტად პარტიაში მელიას უფრო ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. ალბათ, არც სააკაშვილის წყალობა ექნება ხაბეიშვილს ერთი მარტივი მიზეზის გამო – მერაბიშვილის მხრიდან მოტყუებული ექსპრეზიდენტი, საკუთარი გავლენისა და დასაყრდენის შენარჩუნებას შეცდება პარტიის თავმჯდომარის სახით. მერაბიშვილ-კეზერაშვილს კი იმაზე მეტ გავლენას აღარ შეუქმნის, ვიდრე დღეს აქვს ყოფილ მხარდამჭერთა შორის.

მერაბიშვილის ფეისბუქ პოსტის შემდგომ – “ჩვენ ისევე გავიმარჯვებთ, როგორც 2003 წელს! “- საზოგადოების ნაწილში გაჩნდა აზრი, რომ ეს გარკვეული სიგნალი იყო ძალოვნებისთვის – ჩვენი ზეობის ხანა ბრუნდებაო!..

დამოუკიდებელი პოლიტიკოსი გიგლა ბარამიძე ამ პოზიციას არ იზიარებს და მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებში დღეს მერაბიშვილს დასაყრდენი არ აქვს. მისი თქმით, ძალოვნებს შორის მას დასაყრდენი რომ ჰქონდეს, მაშინ მერაბიშვილი ციხეში კი არ მოხვდებოდა, პარლამენტში ან კანცელარიაში იჯდებოდა.

„რაც ნაცბანდაში ხდება, მე მას პარტიას არ ვუწოდებ, არის შიდა დაპირისპირება იმ სიმდიდრის ხელში ჩასაგდებად, რომელიც მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა – კეზერაშვილმა, საქართველოს ბიუჯეტს ააწაპნა, განსაკუთრებით 2008 წლის ომის დროს“, – აცხადებს გიგლა ბარამიძე.

სააკაშვილის ინტერესების დამცველებმა გაავრცელეს ინფორმაცია ექსპრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე მეტალები აღმოჩნდაო. ამ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის მხრიდან თავისივე სასამართლო პროცესზე დასწრების სურვილი მოჰყვა, თუმცა საავადმყოფოს მესვეურებმა ამის უფლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მისცეს.

საავადმყოფოს უარი გახდა სწორედ ნიკა მელიას მორიგი განცხადების საფუძველი, რომლითაც მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანია დღეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე აპელირება და მის გათავისუფლებისთვის აქტიური ბრძოლა.

აქვე აუცილებლად უნდა ითქვას, ლევან ხაბეიშვილის, აქტიური „ანტიკორუფციონერის“ და კეზერაშვილის მხარდაჭერილი კანდიდატის ფრიად ხალისიანი აქტიურობა და თავმომწონეობა პარტიის მომავალი თავმჯდომარის რანგში. ხაბეიშვილის სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციასაც გეგმავს. მაგრამ ძირითადი აქცენტი მაინც კონკურენტ კანდიდატებზე გადააქვს. აღსანიშნავია, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის სურვილს აფიქსირებს ზურაბ ჭიაბერაშვილიც, რომელმაც პარტია დატოვა, მერე „ევროპულ საქართველოში“ გადავიდა და ამ პარტიის პოზიციებს იცავდა სააკაშვილს განდგომილებთან ერთად.

დღეს რა შანსები ექნება ჭიაბერაშვილს რთული წარმოსადგენი ნამდვილად არაა, რადგან მის მიმართ აქტიური ნაციონალები კრიტიკას ნამდვილად არ იშურებენ, ისევე როგორც კონკურენტი კანდიდატები.

ვინც არ უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ერთი რამ ფაქტია – ეს უკვე გაჭრილი კარტია და ამ პარტიის პერსპექტივა ხელისუფლებაში დაბრუნების, სულ უფრო მცირდება. ბევრად რეალურია, სააკაშვილის პარტიის ბოლომდე დაშლა, ვიდრე მის ხელში ძალაუფლების ხილვა, რადგანაც რაც არ უნდა ლობირება გაუწიოს “ევროპის სახალხო პარიამ”, ადგილზე არჩევანს ქართველო ხალხი და ამ ქვეყნის მოსახლეობა აკეთებს, რომელმაც საკუთარ ტყავზე იწვნია სააკაშვილის რეჟიმის სისასტიკე. ეს სისასტიკე კი სწორედ მერაბიშვილზე და იმ ლიდერ ნაციონალებზე იდგა, ქვედა რგოლებთან ერთად, რომლებიც უსიტყვოდ ასრულებდნენ სააკაშვილის და მისი რუხი კარდინალების ნება-სურვილებს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფონზე. ასე რომ, ვანოს ფიქრები – ჩვენ ისევ გავიმარჯვებთ… ისევე „კეთილ“ ფიქრებად დარჩება, როგორც სააკაშვილის მოლოდინი, რომ საქართველოში დიდების შარავანდედით დაბრუნდებოდა.

 


უძველესი ცივილიზაციების ათეულში საქართველო მეორე ადგილს იკავებს

საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღისთვის მზადებას იწყებს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

,, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის, ეს ბედნიერებაა!“- გმირთა მოედანზე გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა

გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელია

პოდკასტი